Facebook Twitter

ას-470-818-07 21 სექტემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ნ. ფ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თბილისის ... ბიურო, შპს “ .. ..” (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ შრომის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო წარმოების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ფ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში თბილისის ... ბიუროსა და შპს “ .. ..” მიმართ შრომის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უკანონო სააღსრულებო წარმოების გაუქმების შესახებ შემდეგი საფუძვლით: ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, ნ.ფ-ა აღდგენილ იქნა შპს “ .. ..” სოციალურ საკითხთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის ან მის ტოლფას თანამდებობაზე, ასევე მოპასუხეს დაეკისრა 2088 ლარის ანაზღაურება იძულებითი განაცდურისათვის. აღმასრულებელმა ადმინისტრაციასთან ერთად მოტყუებითა და ზეწოლით ხელი მოაწერინა სამთვიან შრომით ხელშეკრულებაზე, რომლისთვისაც განსაზღვრულია 300-ლარიანი ანაზღაურება და დააწერინა აღსრულების თაობაზე პრეტენზიის არქონის ხელწერილი, რის საფუძველზეც მოსარჩელემ მოითხოვა შრომის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უკანონო სააღსრულებო წარმოების გაუქმება და ზიანის ანაზღაურება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ფ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით ნ. ფ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი და სამართლებრივი დასაბუთება, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლზე დაყრდნობით არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება შრომის ხელშეკრულების მოტყუებით დადებულად ცნობის შესახებ. მოსარჩელე გარიგების ბათილობის საფუძვლად მიუთითებს მოტყუებას აღმასრულებლის და არა შრომითი ხელშეკრულების ხელშემკვრელი მხარის მხრიდან, რაც, ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება. სასამართლომ დაუსაბუთებლად ჩათვალა გარიგების ბათილად ცნობა ასევე ამავე კოდექსის 83-ე მუხლით, მესამე პირის მხრიდან მოტყუებით, რადგან აღნიშნულისათვის საჭიროა, რომ მესამე პირს დამოუკიდებელი ინტერესი ჰქონდეს გარიგების მიმართ და მოტყუების შესახებ იცოდეს იმ პირმა, ვინც გარიგების დადებით სარგებელს მიიღებს. მოცემულ შემთხვევაში კი ზემოხსენებული არ დასტურდება. სასამართლომ მიუთითა, რომ 2004 წლიდან დაიწყო რა მოპასუხე საწარმოში გაკოტრების საქმის წარმოება, აღმასრულებლის მცდელობა, დაერწმუნებინა ნ.ფ-ა მოპასუხის მიერ შეთავაზებული წინადადების ხელსაყრელობაში, მისი მხრიდან მოტყუებას არ წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ფ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებანი ერთობლიობაში და გამოიტანა უკანონო განჩინება. სასამართლომ არასწორად შეაფასა მოპასუხესთან გარიგების დადებისაკენ მიმართული აღმასრულებლის ქმედება, როდესაც აღნიშნული კასატორის მოტყუებად არ ჩათვალა. საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 18 ივლისის განჩინებით ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შემდეგ მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე, ხოლო საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც ერთი ზემოთ დასახელებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია ამ ტიპის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისაგან გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების განსხვავების, ასევე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი დასაშვები არ არის და უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ფ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.