Facebook Twitter

¹ ას-471-819-07 28 ივნისი, 2007 წ. ქ .თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე: რ. ნადირიანი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ქ. ე-ს წარმომადგენელ დ. თ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 22 აპრილის მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2000 წლის 4 დეკემბერს ქ. ე-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. მ-ს მიმართ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.ე-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქ.ე-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. აპელანტი სასამართლო სხდომაზე გაფრთხილებულ იქნა საჩივრის განხილვის თარიღის თაობაზე და მას განემარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის შინაარსი, მაგრამ არც ქ.ე-ი და არც მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადნენ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 22 აპრილის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ. ე-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ე-ს წარმომადგენელმა დ. თ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება ორივე მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის, ამ კოდექსით 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაგზავნის დრო. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა დარღვეული აქვს, ვინაიდან გადაწყვეტილების ასლი ქ.ე-ს წარმომადგენელ ა.ბ-ს ჩაბარდა 2003 წლის 24 თებერვალს და ქ.ე-ს გაეგზავნა ორჯერ, მაგრამ ვერ ჩაბარდა ქალაქში არ ყოფნის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარი ქ. ე-ს წარმომადგენელმა დ. თ-მა შეიტანა 2007 წელს, ე.ი. ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის წამომადგენელ დ.თ-ს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქ.ე-ს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 22 აპრილის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, რადგან მას ორჯერ გაეგზავნა აღნიშნული გადაწყვეტილება, ხოლო ფოსტიდან დაბრუნებული გზავნილიდან ირკვევა, რომ იგი არ იმყოფებოდა საქართველოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ითვლება ჩაბარებულად, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, ქ.ე-ი ვალდებული იყო გაეფრთხილებინა სასამართლო მისამართის შეცვლის შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილება ქ.ე-ს წარმომადგენელ ა.ბ-ს ჩაბარდა 2003 წლის 24 თებერვალს და მითითებული ნორმის შესაბამისად, ჩაბარებულად ითვლება მხარისათვისაც.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. ე-ს წარმომადგენელ დ. თ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.