ას-47-382-09 5 მაისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისხდომის მდივანი – ლ. სანიკიძე
კასატორი _ სს „ს. ს. ბ.“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ გ. გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს. ს. ბ.“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ძის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი საპროცენტო დავალიანების 10 639 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2002 წლის 11 ივლისს სს „ს. ს. ბ.“ და მ. მ-ძეს შორის დაიდო ¹39 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მ. მ-ძემ «ს. ბ.» აიღო 20 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი წლიური 24%-ის დარიცხვით. მ. მ-ძემ ნაწილობრივ დაფარა კრედიტი და სარჩელის აღძვრის დროისათვის დავალიანებამ შეადგინა 10 639 აშშ დოლარი, რაც წარმოადგენს ძირითადი თანხის პროცენტს. სს „„ს. ს. ბ.-ის“ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმე, რის გამოც ვერ მოხერხდა მ. მ-ძისგან აღნიშნული სესხის დაბრუნება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მ.მ-ძემ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად, დათქმულ ვადაში შეასრულა. აღნიშნული გარემოება დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო ბიუროს უფროსისადმი სს „ს. ს. ბ.“ ლიკვიდატორ ო.ბერიძის მიერ გაგზავნილი წერილით, რომლითაც, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება უნდა გათავისუფლებულიყო იპოთეკისაგან.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებით სს „ს. ს. ბ.“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2002 წლის 11 ივლისს საკრედიტო ხელშეკრულებით მ. მ-ძემ აპელანტებისაგან ისესხა 20 000 აშშ დოლარი 36 თვის ვადით, წლიური 24%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ქ.ქობულეთში მდებარე მოპასუხისს და სხვა პირთა კუთვნილი უძრავი ქონება. 2003 წლის 28 მარტს მხარეებმა გააფორმეს ¹39 საკრედიტო ხელშეკრულების დანამატი, რომლითაც მ.მ-ძემ სესხის სახით დამატებით მიიღო 19500 აშშ დოლარი 42 თვის ვადით წლიური 24%-ის სარგებლით. ვალის დაფარვის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2006 წლის სექტემბერი. 2004 წლის 16 მარტს დაიწყო სს „ს. ს. ბ.“ სალიკვიდაციო პროცესის წარმოება და გაუქმდა საბანკო ლიცენზია. 2007 წლის 15 მაისს, ანუ როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სს „ს. ს. ბ.“ ლიკვიდატორმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და, მ.მ-ძის მიერ სასესხო ვალდებულებების შესრულების მოტივით, მოითხოვა ქონებაზე არსებული იპოთეკის გაუქმება. პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არსებულ მსჯელობას, რომ ამ ცნობით დასტურდება მოვალის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი და არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მოვალის მიერ საპროცენტო სარგებლის დაფარვის ფაქტის აღნიშნული საბუთით დაუდასტურებლობის შესახებ. პალატამ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილით მიიჩნია, რომ სს „ს. ს. ბ.“ ლიკვიდატორის 2007 წლის 15 მაისის წერილი, არსებითად არის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რადგან ამ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი მ. მ-ძის მიერ დაუფარავი პროცენტის შესახებ, იგულისხმება, რომ მოვალემ ფულადი ვალდებულება მთლიანად შეასრულა. სასამართლომ ჩათვალა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა აპელანტს, მას კი თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. რაც შეეხება საქმეში არსებულ გაანგარიშებას, იგი აპელანტმა შეადგინა, წარმოადგენს მისი განმარტების შემადგენელ ნაწილს და ამ საბუთით არ მტკიცდება, რომ მ. მ-ძეს აპელანტის მიმართ ვალდებულება ბოლომდე არა აქვს შესრულებული. პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლი, როდესაც ჩათვალა, რომ ვალდებულების შესრულებით შეწყდა მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ რაიონული სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, ემსჯელა მ.მ-ძის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მას უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მ. მ-ძეს სარჩელზე შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღის ვადა. სარჩელი თანდართული მასალებით მოპასუხის დედას ჩაბარდა 2008 წლის 9 აგვისტოს. მოპასუხეს შესაგებელი სასამართლოში უნდა წარმოედგინა არა უგვიანეს 2008 წლის 19 აგვისტოსა. შესაგებელი რაიონული სასამართლოს კანცელარიაში შეტანილ იქნა 2008 წლის 20 აგვისტოს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ერთი დღის გადაცილებით. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულის შესახებ 2008 წლის 21 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე იმსჯელა და მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარდგენის ვადის დარღვევა მიიჩნია საპატიოდ. განსახილველ პერიოდში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა და სრული მობილიზაცია იყო გამოცხადებული, ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, საპატიოდ ჩაეთვალა მოპასუხის მიერ შესაგებლის წარდგენისათვის დადგენილი ვადის გაშვება და აღედგინა იგი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „ს. ს. ბ.“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: კასატორსა და მ. მ-ძეს შორის დადებული 2002 წლის 11 ივლისის საკრედიტო ¹39 ხელშეკრულებით მოპასუხემ მიიღო 20000 აშშ დოლარის ოდენობით კრედიტი 36 თვის ვადით წლიური 24%-ის დარიცხვით, ხოლო 2003 წლის 28 მარტის დამატებითი საკრედიტო ხელშეკრულებით მანვე გამოიტანა 19 500 აშშ დოლარი 42 თვის ვადით, ასევე წლიური 24%-ის დარიცხვით. მ.მ-ძემ ნაწილობრივ დაფარა დავალიანება და გადაუხდელი დარჩა 10 639 აშშ დოლარი, რომელიც მოიცავს 2004 წლის 28 აპრილიდან 2006 წლის 11 სექტემბრამდე პერიოდში საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროცენტის თანხას. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 427-ე და 429-ე მუხლებისა და მოპასუხის წერილის საფუძველზე სადავო ვალდებულება მთლიანად შესრულებულად არასწორად ჩათვალა. აღნიშნული წერილი ეხება ო.ზილბერშტეინისა და ლ. მ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლებას. ამდენად, იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალკე გარიგებას, შესაბამისად, მისი გაუქმების შესახებ შეთანხმება არ ნიშნავდა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებას და, იპოთეკის ხელშეკრულების აქცესორული ხასიათის მიუხედავად, მისი გაუქმების საფუძვლად ყოველთვის მთლიანი ვალდებულების შესრულება ვერ მიიჩნევა. პალატამ არასწორად განმარტა ბანკის მიერ გამოვლენილი კეთილი ნება, მოვალის მიერ დარჩენილი თანხის გადახდევინების მიუხედავად, ვალდებულების სრულ დაფარვამდე იპოთეკისაგან გაეთავისუფლებინა მესამე პირის უძრავი ქონება. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა თანხის სრულად დაფარვის შესახებ, რადგან მოპასუხეს საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ზემოაღნიშნული თვეების პროცენტები არ დაუფარავს. ამასთან, მოწინააღმდეგის მიერ საჯარო რეესტრისადმი წარმოდგენილ მიმართვაში საუბარია მხოლოდ 2002 წლის 11 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებაზე, რაც არანაირად არ უკავშირდება 2003 წლის 28 მარტის დამატებით საკრედიტო ხელშეკრულებას. სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა მხოლოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ერთადერთ მტკიცებულებას და საქმე ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად უნდა შეესწავლა. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ რაიონულ სასამართლოში ბანკის მიერ შემოტანილ სარჩელზე მოპასუხეს კანონით დადგენილ ვადაში სავალდებულო შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებია, რის გამოც მოსარჩელემ იშუამდგომლა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და მოწინააღმდეგე მხარის მიერ დაგვიანებით წარდგენილი სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებებისა და სრული მობილიზაციის გამოცხადების გამო, რაიონული სასამართლო უფლებამოსილი იყო, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარდგენისათვის დადგენილი ვადის გაშვება საპატიოდ ჩაეთვალა და აღედგინა იგი. სასამართლოს აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილს. ამასთან, რაიონულ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმისას ზემოხსენებულ მოტივზე არ მიუთითებია და აღნიშნული მხოლოდ სააპელაციო პალატამ დაადგინა. გაუგებარია, თუ რაში გამოიხატებოდა ხელის შეშლა, რადგან საომარი მდგომარეობის არსებობისას მხარეს შესაგებლის სასამართლოში დროულად წარდგენასა და ქალაქში გადაადგილებაში ხელი არ შეშლია, ხოლო თავად საომარ მოქმედებებში მ.მ-ძე არ მონაწილეობდა.
მოცემულ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2002 წლის 11 ივლისს ¹39 საკრედიტო ხელშეკრულებით მ. მ-ძემ სს „„ს. ს. ბ.-სგან“ ისესხა 20 000 აშშ დოლარი 36 თვის ვადით, წლიური 24%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ქ.ქობულეთში მდებარე მოპასუხისა და სხვა პირთა კუთვნილი უძრავი ქონება. 2003 წლის 28 მარტს მხარეებმა გააფორმეს 2002 წლის 11 ივლისის ¹39 საკრედიტო ხელშეკრულების დანამატი, რომლითაც მ.მ-ძემ სესხის სახით დამატებით მიიღო 19500 აშშ დოლარი 42 თვის ვადით წლიური 24%-ის სარგებლით. 2004 წლის 16 მარტს დაიწყო სს „ს. ს. ბ.-ის“ სალიკვიდაციო პროცესის წარმოება და გაუქმდა საბანკო ლიცენზია. 2007 წლის 15 მაისს ბანკის ლიკვიდატორმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და, მ. მ-ძის მიერ სასესხო ვალდებულებების შესრულების მოტივით, მოითხოვა მოპასუხისა და სხვა პირთა კუთვნილ უძრავ ქონებაზე იპოთეკის გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. ს. ბ.-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება _ სს „ს. ს. ბ.“ ლიკვიდატორის 2007 წლის 15 მაისის წერილი და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მ.მ-ძის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების თაობაზე. მითითებული წერილით კასატორის წარმომადგენელმა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აცნობა, რომ მ.მ-ძემ ჯეროვნად შეასრულა 2002 წლის 11 ივლისს დადებული ¹39-2002 საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც იპოთეკისაგან უნდა გათავისუფლდეს 2002 წლის 9 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთული უძრავი ნივთები.
საკასაციო სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ მითითებული მტკიცებულების შინაარსი უდავოდ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის 2002 წლის 11 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოვალის მიერ შესრულებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის ძალითაც ვალის მიღების შესახებ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც არაფერია ნათქვამი პროცენტის შესახებ, გულისხმობს, რომ პროცენტიც გადახდილია და ფულადი ვალდებულებაც მთლიანად შეწყვეტილია. ამგვარი სახის დოკუმენტი უზრუნველყოფს მოვალის მიერ ვალის გადახდის დამტკიცებას, ვინაიდან, როგორც ცნობილია, ვალდებულების შესრულების საეჭვოობისას, შესრულების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება და მას ამ ვალდებულების რეალიზაცია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტით შეუძლია. ამასთან, ფულადი ვალდებულება, უმეტესწილად, ძირითად ვალთან ერთად მოიცავს პროცენტებსაც და, შესაბამისად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება შეთანხმებული სარგებლის გადახდასაც გულისხმობს. ვალდებულების შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისას კრედიტორი უფლებამოსილია, მიუთითოს, მთლიანად შესრულდა თუ არა ვალდებულება (გადახდილია თუ არა ძირითადი თანხა და სარგებელი). აღნიშნულს ადასტურებს 429-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის ძალითაც კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებლი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი ადგენს ვალდებულების მთლიანად შეწყვეტის პრეზუმფციას (429-ე მუხლის მეორე ნაწილი), რაც მომდინარეობს პროცენტზე უფლების აქცესორული ბუნებიდან, ანუ ამგვარი უფლება არსებობს მხოლოდ ძირითად უფლებასთან ერთად და ძირითადი ვალდებულების შეწყვეტისას ივარაუდება, რომ აქცესორული ვალდებულებაც შეწყვეტილია.
დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტი მოვალის მიერ პროცენტების ნაწილში ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე, ვინაიდან კასატორი ამ გარემოების დამადასტურებელ სარწმუნო მტკიცებულებაზე ვერ უთითებს, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, მ.მ-ძის დავალიანება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი სს „ს. ს. ბ.“ სალიკვიდაციო კომისიის დასკვნით. აღნიშნული წერილობითი მტკიცებულება შედგენილია რა თარიღის მითითების გარეშე, ცალმხრივად მხოლოდ კასატორის მიერ და მ.მ-ძის დავალიანების თაობაზე დასკვნა დაფუძნებულია 2002 წლის 11 ივლისის ¹39-2002 საკრედიტო ხელშეკრულებაზე. ასევე, თვითონ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ, გარდა მის მიერ შედგენილი დასკვნისა, გადაუხდელი პროცენტის ოდენობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. ბანკის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფულადი ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტების (კლიენტის მიერ თანხის გადახდის, დარჩენილი ვალდებულების და ა.შ.) წარმოედგენისა და ამ გარემოების მტკიცების ტვირთი ბანკის მხარეზეა. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის გამო სს „ს. ს. ბ.“ ლიკვიდატორის მიერ შედგენილი დასკვნა მ.მ-ძის დავალიანების არსებობის თაობაზე საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს ამ გარემოების დასადგენად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ფაქტების მითითებისა და დამტკიცების ტვირთი მხარის მოვალეობას წარმოადგენს. ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის კანონი მხარის მიმართ რაიმე იძულებას არ აწესებს, თუმცა ამ მოვალეობის შეუსრულებლობას შედეგად მხარისათვის არახელსაყრელი გადაწყვეტილება მოჰყვება.
მოცემულ შემთხვევაში მხარემ სასამართლოს სათანადო წესით ვერ დაუდასტურა იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომელზედაც ამყარებდა სასარჩელო მოთხოვნას, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება თავისათავად არ გულისხმობს ვალდებულების შესრულებას. იპოთეკის უფლება აქცესორული, დამატებითი ხასიათის უფლებაა, არ არსებობს ძირითადი უფლების გარეშე და ემსახურება ვალდებულებითი ურთიერთობის უზრუნველყოფას. ამ თვისებიდან გამომდინარე, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება არსებობს ძირითადი უფლების _ ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტამდე. ამავდროულად, აქცესორული უფლების შეწყვეტა გავლენას არ ახდენს ძირითად უფლებაზე _ ვალდებულებით ურთიერთობაზე და ეს უკანასკნელი კანონით დადგენილი წესით უნდა შესრულდეს.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებას არ აფუძნებს ამ გარემოებაზე, არამედ სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში მითითებული სს „ს. ს. ბ.“ ლიკვიდატორის 2007 წლის 15 მაისის წერილის შესაბამისობა სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს „ს. ს. ბ.“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.