Facebook Twitter

ას-473-860-06 15 თებერვალი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ. კ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე –მ. პ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო

საქმეთა პალატის 2006 წლის 20 აპრილის განჩინება.

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2001 წლის 14 ნოემბერს ნ. კ-მ სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე მ. პ-ის მიმართ და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: 1998 წლის თებერვალში მან მ. პ-საგან ისესხა 1500 აშშ დოლარი 10%-ის სარგებლით და 500 აშშ დოლარი 15%-ის სარგებლით. 1999 წლის სექტემბერში მ. პ-მა მისი სახლიდან წაიღო ჩეხური პიანინო “პეტროფი” და ძვირადღირებული სარკე იმ მოტივით, რომ მის მიერ ნასესხები თანხა დაბრუნებული არ ყოფილა. ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე ნ. კ-მ მოითხოვა მ. პ-ს დაკისრებოდა პიანინო “პეტროფის” ან მისი შესაბამისი 900 აშშ დოლარის, სარკის ღირებულების 600 აშშ დოლარის დაბრუნება და მორალური ზიანის 10000 აშშ დოლარის მოპასუხეზე დაკისრება. მის მიერ შემდგომში დაზუსტებული იქნა მოთხოვნა და ზემოთმოთხოვნილ თანხებს დაემატა მ. პ-ის მიერ ნ. კ-საგან უკანონოდ გამორთმეული 2000 აშშ დოლარის დაბრუნების მოთხოვნა.

2002 წლის 24 აპრილს თელავის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა შუალედური გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილად იქნა მიჩნეული მ. პ-ის მიერ ნ. კ-ის კუთვნილი პიანინო “პეტროფის” უკანონოდ წაღება და ამ მოქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება. ასევე მ. პ-ის მიერ ნ. კ-ის კუთვნილი სარკის დაზიანება. სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. პ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 13 აგვისტოს განჩინებით გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2003 წლის 13 მარტს მხარეთა შორის შედგა მორიგება იმ პირობით, რომ მოსარჩელე ნ. კ-ს მ. პ-ი დაუბრუნებდა პიანინო “პეტროფს” და 3000 აშშ დოლარს, ხოლო თანხისა და პიანინოს გადაცემის მომენტიდან, ნ. კ-ე შეწყვეტდა ყოველგვარ დავას მ. პ-თან, 2003 წლის 13 მარტის განჩინებით მხარეთა შორის მორიგების გამო საქმის წარმოება შეწყდა.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. პ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მის წარმომადგენელს არ ჰქონდა უფლებამოსილება საქმის მორიგებით დამთავრებაზე და შესაბამისად სასამართლის მიერ დამტკიცებული იქნა უკანონო მორიგება.

თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13 მარტის განჩინება და საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2004 წლის 30 ივნისს საქმის ზეპირი განხილვისას ნ. კ-მ უარი განაცხადა სარჩელზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. 2004 წლის 30 ივნისს სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა განჩინება და შეწყდა საქმის წარმოება ნ. კ-ის სარჩელის გამო მოპასუხე მ. პ-ის მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2004 წლის 16 სექტემბერს ნ. კ-მ სარჩელი შეიტანა თელავის რაიონულ სასამართლოში მ. პ-ის მიმართ და მოითხოვა მ. პ-ს დაკისრებოდა არაბული ტახტის ღირებულების 500 აშშ დოლარის და აღნიშნული თანხის გამოუყენებლობით მიყენებული ზიანის 60 თვის მიუღებელი შემოსავლის 3000 აშშ დოლარის, სულ 3500 აშშ დოლარის მ. პ-სათვის დაკისრება.

2004 წლის 1 ნოემბერს მ. პ-მა სარჩელი აღძრა მოპასუხე ნ. კ-ის მიმართ, რომელშიც მიუთითა, რომ 2003 წლის 13 მარტის მორიგების განჩინებით დადგენილი 3000 აშშ დოლარი იმავე დღეს გადასცა ნ. კ-ს. მორიგების განჩინება შემდგომში გაუქმებული იქნა, შესაბამისად მის მიერ ნ. კ-სათვის უსაფუძვლოდ იქნა გადახდილი 3000 აშშ დოლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე მ. პ-ი ითხოვდა ნ. კ-ს დაკისრებოდა მის მიერ გადახდილი 3000 აშშ დოლარი.

2004 წლის 17 ნოემბერს ნ. კ-მ აღძრა სარჩელი მ. პ-ის მიმართ. განცხადებაში მიუთითა, რომ 1999 წლის სექტემბრის თვეში მ. პ-მა მისი ბინიდან მართლსაწინააღმდეგოდ, წინასწარი განზრახვით გაიტანა ჩეხური პიანინო “პეტროფი” და ძვირადღირებული სარკე. სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭირო იყო სესხის ხელშეკრულების გაფორმება სანოტარო ბიუროში და ამ ხელშეკრულების გატარება საჯარო რეესტრში, რასაც ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე ნ. კ-მ მოითხოვა სასამართლოს ეღიარებინა, რომ მასსა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა.

ზემოთმითითებული საქმეები კერძოდ, საქმე ¹2/35, 2/41, 2/25 თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ოქტომბრის საოქმო განჩინებით გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა მ. პ-სათვის 3500 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ იქნა დაკმაყოფილებული. ნ. კ-ის სარჩელის მოთხოვნა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სასარჩელო უფლებისა და სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის აღიარების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, აღიარებული იქნა, რომ ნ. კ-სა და მ. პ-ს შორის არ არსებობდა სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო სასარჩელო უფლების არარსებობის აღიარებაზე სარჩელს ეთქვა უარი. ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. პ-ის სარჩელი და ნ. კ-ს დაეკისრა მ. პ-სათვის 3000 აშშ დოლარის გადახდა.

გადაწყვეტილება ნ. კ-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და მ. პ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მ, ხოლო გადაწყვეტილება სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების ნაწილში, შევიდა კანონიერ ძალაში

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 აპრილის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფოლდა. უცვლელი დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ის გარემოება, რომ ტახტზე ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ნ. კ-სა და ნ. ვ-ს შორის და შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლისა ნ. კ-ე უფლებამოსილია სყიდვის ფასი მოსთხოვოს ნ. ვ-ს. სააპელაციო სასამარლოს მხარეთა შორის სამართლებრივი აღიარების შესახებ არ უმსჯელია, რადგან აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

პალატამ ასევე მიიჩნია, რომ ნ. კ-ის მოთხოვნა მ. პ-ის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოადგენს მ. პ-ი, ხოლო მოთხოვნის საფუძველს ნ. კ-სათვის გადაცემული თანხის 3000 აშშ დოლარის დაბრუნება. აღნიშნული სარჩელი სასამართლოს მიერ სხვა დროს არ განხილულა და შესაბამისად, არ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვიტის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ნ. კ-ის თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა პიანინო „პეტროფისა“ და სარკის ღირებულების, ზედმეტად გადახდილი 2000 აშშ დოლარისა და 10000 ლარის მორალური ზიანის გზით პ-ზე დაკისრება. აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყდა ნ. კ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. მოცემულ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტამდე მხარეთა შორის მოხდა მორიგება. მორიგების განჩინებით განსაზღვრული 3000 აშშ დოლარი მ. პ-მა გადაუხადა ნ. კ-ს. შემდგომში კი ეს განჩინება გაუქმდა.

მ. პ-მა აღნიშნული 3000 აშშ დოლარის ნ. კ-სთვის დაკისრება მოითხოვა სასარჩელო წესით. აღნიშნული სარჩელი წარმოადგენს დღევანდელი განხილვის საგანს ნ. კ-ის შეგებებულ სარჩელთან ერთად, რომლითაც ეს უკანასკნელი ითხოვს არაბული ტახტის ღირებულების და მიუღებელი შემოსავლის მ. პ-სათვის დაბრუნებას და მასსა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არ არსებობის აღიარებას. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. არაბული ტახტის ღირებულების 500 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე კი სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ნ. ვ-მა ნ. კ-სგან შეიძინა არაბული ტახტი 500 აშშ დოლარად და აღნიშნული თანხა გადასცა კ-ის თხოვნით მ. პ-ს, რასაც ნ. კ-ე არ უარყოფს. მისი განმარტებით, მას მ. პ-ის ეშინოდა და ამიტომ სთხოვა ვ-ს ტახტის ღირებულების თანხა გადაეცა მ. პ-სათვის. ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არანაირი ვალდებულება არ არსებობდა და მხოლოდ შიშის ფაქტორმა განაპირობა თანხის სხვა პირისათვის გადახდა, წარმოადგენს თვითონ ნ. კ-ის მტკიცების საგანს. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია ნ. ვ-სა და ნ. კ-ს შორის. თუ ნ. კ-ს გასაყიდი თანხა არ მიუღია, იგი უნდა ედავოს ნ. ვ-ს და არა მ. პ-ს თანახმად სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას სარჩელზე ცალმხრივად უარი არ უთქვამს და უნდა შეწყდეს მ. პ-ის სარჩელის თაობაზე საქმის წარმოება მ. პ-ის მიერ აღძრულ სარჩელზე საქმის განხილვის არცერთ სტადიაზე უარი არ უთქვამს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია საქმის წარმოების შეწყვეტა. არცერთ მითითებულ შემთხვევას მ. პ-ის მიმართ ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალების თანახმად საქმის წარმოება შეწყვეტილია ნ. კ-ის და არა მ. პ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მ. პ-ის სარჩელის წარმოებით შეწყვეტის საფუძველი.

რაც შეეხება მორიგების განჩინების საფუძველზე ნ. კ-სათვის გადაცემულ თანხას, კასატორი ვერც საკასაციო საჩივარში უარყოფს აღნიშნული თანხის მიღების ფაქტს, იმ გარემოებას, თუ ვისი მეშვეობით მიიღო ნ. კ-მ არ შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭოს. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება. მოცემულ შემთხვევაში თანხა მიიღო ნ. კ-მ, ამიტომ მ. პ-ს სწორედ მის მიმართ წარმოეშვა მოთხოვნის უფლება.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 აპრილის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.