¹ას-47-400-07 23 აპრილი, 2007 წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. და ზ. ქ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 18 იანვარს ო. და ი. ს-ებმა სარჩელით მიმართეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების მ. და ზ. ქ-ების მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეთა მიერ საერთო სარგებლობის გზიდან ჭიშკრის აღება, ამ გზის ძველ მდგომარეობაში აღდგენა და მოპასუხეთა უკანონო ქმედებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება _ 8000 ლარის ოდენობით. მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. ზესტაფონში, სოფელ ..., მათ მეზობლად მცხოივრებმა _ მ. და ზ. ქ-ებმა თვითნებურად მოშალეს საზღვარზე არსებული ღობე, მოჭრეს მათ საკარმიდამო ნაკვეთში არსებული 25-30 წლის უხვმოსავლიანი სამი ძირი კაკლის ხე, დაიკავეს საერთო სარგებლობის გზა და წინ გადმოსწიეს თავიანთი ეზოს ჭიშკარი, რითაც დაარღვიეს მოსარჩელეთა კანონიერი უფლებები.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ო. და ი. ს-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს _ მ. და ზ. ქ-ებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაევალათ სასაზღვრო გამყოფი ბადურა ღობის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა. სარჩელი საერთო სარგებლობის შესასვლელი ჭიშკრისაგან გათავისუფლების ნაწილში ხანდაზმულობის, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო. და ი. ს-ებმა და მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმყოფილება.
ქუთაისის სააპელაცო სასამართლოში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა და ზიანის ასანაზღაურებლად ნაცვლად 8000 ლარისა, მოითხოვეს მოპასუხეებს დაკისრებოდათ 1000 ლარის გადახდა მათ სასარგებლოდ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო. და ი. ს-ების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ო. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ. და ზ. ქ-ებს მის სასარგებლოდ დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა ზესტაფონის რაიონის სოფელ ... მ. და ზ. ქ-ებისა და მის მოსაზღვრედ განთავსებულ ო. ს-ის კუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს შორის გავლებული სასაზღვრე ღობე.
საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ მ. და ზ. ქ-ებმა მოჭრეს ს-ების დარგული ორი ძირი კაკლის ხე, ხოლო ერთი ძირი დააზიანეს.
ზესტაფონის რაიონის მცენარეთა დაცვის სამსახურის ცნობით გაირკვა, რომ 25-წლიანი კაკლის ხის საშუალო მოსავალი ერთ ძირზე შეადგენს 70-80 კგ-ს წელიწადში, ამასთან 1 კგ-ს ფასი განისაზღვრება 3,50 ლარით, რის გამოც სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების მიზნით, 1000 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანად ჩათვალა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. და ზ. ქ-ებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ხეები სახელმწიფოს მიწაზეა და არა მოსარჩელეთა მიწაზე, რის გამოც არ უნდა დაკისრებოდათ ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით მ. და ზ. ქ-ების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
მ. და ზ. ქ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში ი. ს-მა წარმოადგინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მ. და ზ. ქ-ების საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. და ზ. ქ-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება სამეზობლო დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ. და ზ. ქ-ების საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. და ზ. ქ-ების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორებს დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი საქართველოს სახელმწიფო ხაზინის (კოდი:220101222) საბიუჯეტო შემოსავლების ¹300033078 სახაზინო კოდით მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900 ანგარიშიდან.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.