Facebook Twitter

№ას-475-716-08 1 ოქტომბერი, 2008 წ

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ო. ს-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – თ. ხ-იძე, პ. გ-იძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება –ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში

დავის საგანი – ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 4 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ო. ს-მა. მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 23 მარტს ხელშეკრულება დადო შ. ჩ-თან, 2006 წლის 22 მარტს - თ. ხ-იძესთან, 2006 წლის 25 მარტს-პ. გ-იძესთან. რომელთა საფუძველზე აღნიშნული სტუდენტები ი/მ „ო. ს-ის” ხელშეწყობით გაემგზავრნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვადასხვა ობიექტებზე სამუშაოების შესასრულებლად გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ. ხელშეკრულების მე-3 პარაგრაფის მიხედვით, აშშ-დან დაბრუნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა მოპასუხეები უნდა გამოცხადებულიყვნენ მოსარჩელესთან და ხელი მოეწერათ დაბრუნების ანკეტაზე. ხელშეკრულების მე-7 პარაგრაფის მე-3 პუნქტის მიხედვით განისაზღვრა პირგასამტეხლო 5000 აშშ დოლარის ოდენობაზე ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხეებს განესაზღვრათ სამუშაოდ ყოფნის ვადა. კერძოდ, ჩ-ს 2006 წლის 18 სექტემბრამდე, ხ-ეს - 2006 წლის 30 სექტემბრამდე, გ-ეს - 2006 წლის 19 ოქტომბრამდე. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობა, კერძოდ, სამუშაოს დასრულების შემდეგ არ დაბრუნდნენ საქართველოში და არ გამოცხადდნენ დადგენილ ვადაში დაბრუნების ანკეტის შესავსებდ.

მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის პირგასამტეხლოს 5000 აშშ დოლარის გადახდევინების დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შ. ჩ-ს, თ. ხ-იძესა და პ. გ-იძეს თითოეულს დაეკისრა 2000 აშშ დოლარის გადახდა ი/მ „ო.ს-ლის“ სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პ. გ-იძემ და თ. ხ-იძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით პ. გ-იძისა და თ. ხ-იძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამრთლოს 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება თ. ხ-იძისა და პ. გ-იძისათვის თითოეულზე 2000 აშშ დოლარის ი/მ „ო. ს.-ს სასარგებლოდ გადახდის ნაწილში. ი/მ „ო.ს.”-ს სარჩელი თ. ხ-იძისა და პ. გ-იძის მიმართ არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შ. ჩ-ზე ი/მ „ო. ს.”-ს სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის გადახდევინების ნაწილში.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აშშ-ის ფირმამ აპექს უსან-იკმა, რომლის წარმომადგენელია ი/მ „ო. ს.“, დადო ხელშეკრულება თ. ხ-იძესთან და პ. გ-იძესთან. ამ ხელშეკრულების მე-3 პარაგრაფის მიხედვით, სტუდენტი მოვალეა სამუშაოს დამთავრების შემდეგ დატოვოს აშშ-ის ტერიტორია და დაბრუნდეს საქართველოში სავიზო რეჟიმის დაურღვევლად, ხელი მოაწეროს საქართველოში დაბრუნებიდან არა უმეტეს 10 დღისა დაბრუნების ანკეტას.

პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-7 პარაგრაფის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევა და შესაბამისად მიიჩნია, რომ არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ოთარ სესიკაშვილმა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რომელიც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

ასევე კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთების ნაწილში მიუთითოს იმ კანონებზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა, მაგრამ მარტო კანონებზე მითითება საკმარისი არ არის, სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ იხელმძღვანელა ამა თუ იმ კანონებით, რაც არ გაუკეთებია.

აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ივნისის განჩინებით ო.ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ პ. გ-იძის და თ. ხ-იძის სააპელაციო საჩივართან მიმართებაში მიიღო გადაწყვეტილება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლი მიუთითებს საკითხებს, რომლებიც უნდა გადაწყდეს გადაწყვეტილების გამოტანის დროს, კერძოდ სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასებით უნდა განსაზღვროს თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილდეს თუ არა სარჩელი. უნდა აღინიშნოს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის შეფასებული მტკიცებულებანი, არც ისაა მითითებული თუ რა გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი სასამართლო მხოლოდდა მხოლოდ მიუთითებს კანონის ნორმას, რომლის საფუძველზეც უნდა შეფასდეს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა, თუმცა არ აფასებს ამ ურთიერთობებს. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ბუნებრივია, შემოწმების შედეგები უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. გასაჩივრებული გადაწყვეტილება საჩივართან მითითებაში არ შეიცავს არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა გადაწყვეტილება, რომლის დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ასეთი გარემოების არარსებობისას კი გადაწყვეტილება უქმდება და ხელახალი განხილვისათვის ბრუნდება იმავე სასამართლოში თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლისა.

საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით უნდა შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების ფაქტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო.ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. სულხანიშვილი

მოსამართლეები: რ. ნადირიანი

თ. თოდრია