ას-476-824-07 14 ნოემბერი, 2007 წ. ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი--- ... პროფკავშირი –(მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე --სს “.. ..”–( მოპასუხე)
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება_ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინება.
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
... მუშაკთა თავისუფალი პროფკავშირის დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარემ 2005 წლის მაისში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “.. ..ს” მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მოპასუხე ორგანიზაციის დირექტორისა და მთავარი ბუღალტრის და დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარის მიერ 2004 წლის 23 ივნისს შედგენილ იქნა შედარების აქტი მოპასუხის მიერ დარგობრივი პროფკავშირისა და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მიმართ არსებული დავალიანების ოდენობის დადგენისა და აღიარების შესახებ. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე “პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მესამე ნაწილის და შრომის კანონთა კოდექსის მეექვსე თავის შესაბამისად მუშა-მოსამსახურეებზე ყოველთვიურად ახდენდა ხელფასიდან პროფსაწევროს დაქვითვას, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ ხდება თანხის პროფკავშირის ანგარიშზე ჩარიცხვა. მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მოპასუხეს ჯერ კიდევ 2004 წლის 1 ივნისამდე უნდა ჩაერიცხა დარგობრივი პროფკავშირის სასარგებლოდ 16140 ლარი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ... პროფკავშირის სარჩელი სს “.. ..ს” მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ... პროფკავშირის თავმჯდომარემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით .... პროფკავშირის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს “ .. ..” ...ის პროფკავშირის სასარგებლოდ დაეკისრა 16000 ლარის გადახდა;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “.. ..ს” დირექტორმა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლი 10 იანვრის განჩინებით სს “.. ..ს” საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინებით ...ის პროფკავშირის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: სს „.. ..ში“ არსებობდა ...ის პროფკავშირის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია.
აღნიშნული ორგანიზაციის წევრები იყვნენ სს „.. ..ს“ მუშაკები და სს „ .. ..“ ადმინისტრაცია 1993 წლიდან 2004 წლამდე საწარმოს მუშაკებს, დარგობრივი პროფკავშირის წევრებს, ხელფასიდან უკავებდა ე.წ. საწევრო ანარიცხებს, ანუ საწევრო გადასახადს და მიღებულ თანხას გადასცემდა დარგობრივ პროფკავშირს.
სს „.. ..ს“ აპელანტისათვის თანხა სრულად არ გადაურიცხავს და 2004 წლის 13 ივნისისათვის მუშაკთა ხელფასიდან დასაკავებელმა და აპელანტისათვის გადასარიცხმა თანხამ შეადგინა 16140 ლარი
საქმეში წარმოდგენილი სს „.. ..ს“ პროფკავშირული ორგანიზაციის 2004 წლის 12 სექტემბრის კრების ოქმის თანახმად საწარმოში პროფკავშირული ორგანიზაცია გაუქმდა.
პირველადი პოფკავშირული ორგანიზაციის წევრი იყო საწარმოს 101 მუშაკი; ისინი სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ 2004 წლის 12 სექტემბრის კრებას და დაწერეს კიდეც განცხადება ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ასევე მათ მოითხოვეს ხელფასებიდან დაქვითული საწევრო ანარიცხების დაბრუნება.
2004 წლის 8 სექტემბერს სს „ .. ..“ არსებული დარგობრივი პროფკავშირის 95 წევრმა განცხადებით მიმართა საწარმოს ადმინისტრაციას და მოითხოვა პროფკავშირების საწევრო ანარიცხების დაკავების შეწყვეტა და უკვე დაკავებული თანხების უკან დაბრუნება სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საწარმოში პროფკავშირული ორგანიზაცია არ არსებობდა, მისი გაუქმების საჭიროებაც არ იქნებოდა; ასევე, თუ საწარმოს მუშაკები ორგანიზაციის წევრები არ იყვნენ, ისინი ორგანიზაციიდან გასვლასა და დაკავებული პროფსაწევროს დაბრუნებას ვერ მოითხოვდნენ. პროფკავშირის წევრები კავშირის წევრობისათვის იხდიდნენ საწევრო გადასახადს. ე.ი. პროფკავშირის წევრებს შორის იყო დადებული შესაბამისი გარიგება.
პალატამ დაადგენილად მიიჩნია, რომ პროფკავშირის წინაშე საწევროს გადახდის ვალდებულება ეკისრებოდათ მის წევრებს და არა სს „.. ..ს“. ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის კოლექტიური ხელშეკრულება, ანუ ხელშეკრულება, რომელიც მოაწესრიგებდა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და პროფესიულ ურთიერთობებს, დამსაქმებელს, ანუ სს „.. ..სა“ და მუშაკებს შორის, არ დადებულა. სს „.. ..“ ... პროფკავშირსს საწევრო შენატანებს ურიცხავდა საწარმოს მუშაკებთან დადებული ზეპირი გარიგების საფუძველზე.
პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მხარეთა შორის არ იყო დადებული კოლექტიური ხელშეკრულება, არსებული სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე წამოჭრილი დავა უნდა გადაწყდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა საფუძველზე.
პალატამ დაგენილად მიიჩნია, რომ სს „.. ..“ ვალდებული იყო ... პროფკავშირისათვის გადაერიცხა საწარმოს მუშაკების მიერ მისთვის გადაცემული საწევრო გადასახადი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად საწარმოს მუშაკები გამოხატავდნენ ასეთ სურვილს, ე.ი. მიმართავდნენ საწარმოს ამის თაობაზე განცხადებით. ამდენად ხელშეკრულება დადებული იყო სს „.. ..სა“ და მუშაკებს შორის, ხოლო სარგებელს ამ ხელშეკრულებიდან იღებდა ... პროფკავშირი
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვალდებულების არსებობა აღიარა საქმეში წარმოდგენილ შედარების აქტებით, ვინაიდან საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ამავე საქმეზე მიღებულ, 2007 წლის 10 იანვრის განჩინებაში განმარტა, აპელანტსა და სს „.. ..ს“ შორის შედგენილი შედარების აქტები არ წარმოადგენს ხელშეკრულებას და, შესაბამისად, ისინი არ წარმოშობს ვალდებულებებს. პალატას მიაჩნია, რომ ამ აქტებით დგინდებოდა, მხოლოდ პროფკავშირის წევრებისათვის ხელფასიდან დასაქვითი და, შესაბამისად, აპელანტისათვის გადასარიცხი თანხის ოდენობა, თუმცა არ ისაზღვრებოდა მხარეთა უფლება-მოვალეობანი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ... პროფკავშირმა.
კასატორის აზრით სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობები განიხილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მესამე პირის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებად.
კასატორის განმარტებით დადგენილია, რომ არსებითი სამართლებრივი ურთიერთობა წლების განმავლობაში ადმინისტრაციასთან გააჩნდა სწორედ დარგობრივ პროფკავშირს, რაც გამოიხატებოდა დარგობრივი პროფკავშირის წევრი ორგანიზაციის (ფილიალის) არსებობაში, ფინანსური ურთიერთობების წარმოებაში, აღნიშნული პერიოდისათვის დარგობრივი პროფკავშირის მიერ წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებაში, დავალიანებასთან დაკავშირებით დოკუმენტალურად სამართალურთიერთობაში და სხვა.
კასატორის აზრით მესამე პირებთან ფინანსურ თუ სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში პირველადი ორგანიზაციის სანაცვლოდ პასუხისმგებელი არის ძირითადი ორგანიზაცია---დარგობრივი პროფკავშირი. შესაბამისად, პროფკავშირის დარგობრივ ორგანოსთან გახლდათ ვალდებული მოპასუხე ჩამოერიცხა უკვე დაქვითული თანხები. პროფკავშირის წევრები იხდიდნენ საწევროს და შესაბამისად, დარგობრივი პროფკავშირი უწევდა მომსახურეობას. ადმინისტრაციას კი კასატორის მიმართ აღებული ჰქონდა ვალდებულება აღნიშნული თანხის მათ ანგარიშზე ჩამორიცხვისა. იმ შემთხვევაში, თუ პროფწევრები უარს განაცხადებდნენ პროფსაწევრსო გადახდაზე, რაღა თქმა უნდა ადმინისტრაციას უფლება არ ჰქონდა ამის შემდეგ დაექვითა მათთვის პროფსაწევრო, ხოლო რაც შეეხება მანამდე არსებულ ურთიერთობებს და ვალდებულებებს. არც პროფწევრებს და არც მით უმეტეს, ადმინისტრაციას, არანაირი უფლება არ გააჩნდა უკან წაეღო მათი (უკვე მომსახურება გაწეული) კუთვნილი თანხა, რაც შეეხება პირველადი პროფკომიტეტის კუთვნილი თანხის 50%-ს, რომელიც შეადგენდა შესაბამისად 16000 ლარს, აღნიშნული თანხის შესახებ შეეძლო მოთხოვნის დაფიქსირება პირველად ორგანიზაციას, სწორედ ეს გახლდათ საფუძველი იმისა, რომ პირველადი პროფკომიტეტის კუთვნილი თანხის მოთხოვნაზე (როგორც სამართალმემკვიდრემ) უარი განაცხადეს სააპელაციო სასამართლოში.
კასატორის აზრით სწორედ აღნიშნული ურთიერთობები გახლდათ საფუძველი იმისა, რომ მოპასუხე აღიარებდა მათ მიმართ არსებულ დავალიანებას. მოპასუხემ დავალიანების გადახდისათვის თავის არიდების საუკეთესო გამოსავლად მიიჩნია ის გარემოება, რომ პროფწევრებს მოეთხოვათ დაქვითული პროფსაწევროს უკან დაბრუნება. ასევე კასატორის აზრით, თუკი პროფწევრებს მართლა გააჩნდათ მსგავსი მოთხოვნა, მათთვის ათწლეულების მანძილზე იყო ცნობილი, რომ პროფსაწევრო იქვითებოდა და ამ ხნის განმავლობაში პრეტენზია ამის შესახებ არასდროს არავის განუცხადებია. თუკი მართლაც გააჩნდათ პროფწევრებს პრეტენზია დაქვითულ თანხაზე, მათ შეეძლოთ კანონით დადგენილი წესით ედავათ ადმინისტრაციის მიმართ. თუკი ადმინისტრაცია უკანონოდ ითვისებდა მუშაკთა ხელფასებიდან თანხას, რომელსაც ადრესატს არ ურიცხავდა - შესაბამისად, უნდა დადგეს ამ პირთა შესაბამისი პასუხისმგებლობა.
კასატორის აზრით დადგენილია, რომ აღნიშნული ურთიერთობები მხარეთა შორის არსებობდა და იგი უნდა დარეგულირდეს ვალდებულების შესრულების შესახებ კანონმდებლობიდან გამომდინარე. უზენაესი სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. ამასთან, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სს „ .. ..“ არსებობდა ... პროფკავშირის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია. აღნიშნული ორგანიზაციის წევრები იყვნენ სს „.. ..ს“ მუშაკები და სს „ .. ..“ ადმინისტრაცია 1993 წლიდან 2004 წლამდე საწარმოს მუშაკებს, დარგობრივი პროფკავშირის წევრების ხელფასიდან უკავებდა ე.წ. საწევრო ანარიცხებს, ანუ საწევრო გადასახადს და მიღებულ თანხას გადასცემდა დარგობრივ პროფკავშირს. ს.ს. „ .. ..“ ... პროფკავშირისათვის თანხა სრულად არ გადაურიცხავს და მისთვის გადასარიცხმა თანხამ შეადგინა 16140 ლარით. 2004 წლის 12 სექტემბრის სს „ .. ..“ პროფკავშირული ორგანიზაციის კრების ოქმის თანახმად საწარმოში პროფკავშირული ორგანიზაცია გაუქმდა. იმავე ოქმის თანახმად პროფკავშირული ორგანიზაციის ყველა წევრმა დაწერეს განცხადება ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ, აგრეთვე მათ მოითხოვეს ხელფასებიდან დაქვითული საწევრო ანარიცხების დაბრუნება.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სს „.. ..“ დარგობრივი პროფკავშირის მიმართ აღებული ჰქონდა ვალდებულება აღნიშნული თანხის მათ ანგარიშზე ჩარიცხვისა. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების და კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების შესრულებას ითხოვს დარგობრივი პროფესიული კავშირი. პროფესიული ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით კი აუცილებელია კოლექტიური ხელშეკრულების არსებობა. „კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების“ შესახებ კანონი ითვალისწინებს ამგვარი ხელშეკრულების დასადებად აუცილებელ პირობებს. მათ შორის მე-10 და მე-11 მუხლი უთითებს თუ რა შინაარსის უნდა იყოს კოლექტიური ხელშეკრულება ან შეთანხმება. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტს უთითებს სამუშაო კომისიების შექმნის აუცილებლობაზე ხელშეკრულების ან შეთანხმების პროექტის მოსამზადებლად. „პროფესიული კავშირის შესახებ“ კანონის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი ითხოვს პროფკავშირის წევრ მუშაკთა პირადი წერილობით განცხადების არსებობას პროფკავშირული საწევრო შენატანების გადასარიცხად. საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება რაც დაადასტურებდა, რომ კანონის აქ მითითებული მოთხოვნათა დაცვით სს „ .. ..“ მოქმედებდა პირველადი ან დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაცია. მხოლოდ პროფკავშირის წევრთა მიერ თანხის გადარიცხვა რომც მივიჩნიოთ ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ გარემოებად, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობად უნდა ჩაითვალოს ბათილ გარიგებად. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს. სწორედ ასეთი სახის გარიგებაა დადებული მხარეთა შორის. ასეთ შემთხვევაში კი შეუძლებელია ვალდებულების წარმოშობა. ის გარემოება, რომ პროფკავშირის წევრები იხდიდნენ გარკვეული დროის მანძილზე საწევროს, არ ნიშნავს იმას რომ მათ ეს ვალდებულება ჰქონდთ იმ დროისთვისაც, როცა აღარ გადაიხდიდნენ საწევროს. მართალია, ყოველი შესრულება ნიშნავს ვალდებულების არსებობას, მაგრამ ასეთ დროს ლეგიტიმურია მხოლოდ ის ვალდებულება, რომელიც შესრულდა მხარის მიერ ნებაყოფლობით, ხოლო შესრულების შეწყვეტა არ შეიძლება იყოს შემდგომში ამ ვალდებულების კვლავ შესრულების საფუძველი თუ არ არსებობს კანონით განსაზღვრული ვალდებულების წარმოშობის საფუძველი.
რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებული 2004 წლის 23 ივნისის შედარების აქტს, მას ხელს აწერს პირველადი პროფესიული კავშირის და არა დარგობრივი პროფესიული კავშირის წარმომადგენელი. აღნიშნული შედარების აქტი ვალდებულების აღიარებად, რომც იქნეს მიჩნეული, მას სავალდებულო ძალა ვერ ექნება, ვინაიდან აღიარება არ მომხდარა უფლებამოსილი პირის ანუ დარგობრივი პროფკავშირების მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
... პროფკავშირის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს:
უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინება.
განჩინება არ გასაჩივრდება.