საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ ას-478-719-08 2 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მაია სულხანიშვილი (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
სხდომის მდივანი--- ლელა სანიკიძე
კასატორი – ა. ფ-იძე (მოსარჩელე)
წარმომადგენელი---ლ. კ-აძე, ს. ფ-იძე
მოწინააღმდეგე მხარეები –ჯ. ფ-იძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახური, თერჯოლის ნოტარიუსი თ. ჩ-იძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება_ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი _ აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 12 ივნისს თერჯოლის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. ფ-იძემ, მოპასუხედ ჯ. ფ-იძე, თერჯოლის რაიონის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი – ლ. თ-ე, თერჯოლის რაიონის ნოტარიუსი – თ. ჩ-იძე დაასახელა და მოითხოვა: 2007 წლის 18 აპრილის ¹2-61 სარეგისტრაციო მოწმობის გაუქმება, რომლითაც სადავო ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე ჯ. ფ-ე გახდა, სამემკვიდრეო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურში მომხდარი ჩანაწერის სამემკვიდრეო მოწმობის გაუქმება (ასევე სადავო საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ჯ. ფ-იძეზე აღრიცხვის შესახებ); ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს რეესტრის 1988 წლის 26 დეკემბრის ჩანაწერის გაუქმება, რომლითაც მისი საკუთარი საცხოვრებელი სახლი მამკვიდრებელ შ. ფ-ის სახელზეა რეგისტრირებული და ამ ჩანაწერის საფუძვლად გამოყენებული 1988 წლის 26 დეკემბრის ¹497 ტექნიკური პასპორტის გაუქმება; მიწის (უძრავი ქონების) 2002 წლის 2 აპრილის ¹4566\2002 სარეგისტრაციო მოწმობის ¹115 მიწის ნაკვეთის მიმართ, რომლითაც შ. ფ-ის სახელზეა აღრიცხული მოსარჩელის სახლი და მიწის ნაკვეთი და იმავე თარიღის ¹4563\2002 მოწმობა ¹112 მიწის ნაკვეთის მიმართ, რომლითაც ა. ფ-იძეზეა მიკუთვნებული შ. ფ-ის სახლი და სამოსახლო ნაკვეთი;
ასევე მოითხოვა მოპასუხე ჯ. ფ-იძის გამოსახლება სადავო საცხოვრებელი სახლიდან მდებარე თერჯოლის რაიონის სიქთარვას თემის სოფელ ჩ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.
მოსარჩელის განმარტებით მამის გარდაცვალებიდან 1978 წლიდან 1984 წლამდე სადავო საცხოვრებელი სახლი მის სახელზე ირიცხებოდა და გადასახადებსაც იგი იხდიდა.
1985 წლიდან სახლი შ. ფ-ის სახელზე ირიცხება, ხოლო მამის მ. ფ-ის კომლი გაუქმებულია კომლის უკანასკნელი წევრის გარდაცვალების გამო.
მოსარჩელის განმარტებით მამამისის კომლი არ უნდა გაუქმებულიყო, რადგან მოსარჩელეც ამ კომლის წევრი იყო და მამის გარდაცვალების შემდეგ ავტომატურად დაეუფლა ქონებას. საქმეშია 2001 წლის 17 აპრილს გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც სადავო საცხოვრებელი სახლი საკომლო წიგნის მიხედვით სწორედ მოსარჩელეზე ირიცხებოდა.
მოპასუხეებმა სარჩელი უსაფუძვლოდ და ხანდაზმულად მიიჩნიეს და მის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადეს.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. ფ-იძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. ფ-იძე აღიარებულ იქნა თერჯოლის რაიონის სოფელ სიქთარვაში მდებარე სადავო ¹115 მიწის ნაკვეთისა და ამ ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლის 1\2-ის მესაკუთრედ, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები, სარჩელის მოთხოვნას სადავო ქონების მეორე ნახევარზე ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ფ-იძემ. გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა ა. ფ-იძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ჯ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ა. ფ-იძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 01 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ა. ფ-იძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 1988 წლის 26 დეკემბრის ტექ. ბიუროს ჩანაწერებისა და ამავე თარიღის ¹497 ტექნიკური პასპორტის გაუქმების თაობაზე – ხანდაზმულია. პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად აღნიშნული ჩანაწერის არსებობის თაობაზე, მოსარჩელისათვის ჯერ კიდევ 1990 წელს იყო ცნობილი.
მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გაეუქმებინა 2002 წლის 02 აპრილის ¹115 მიწის ნაკვეთზე სარეგისტრაციო მოწმობა, რომლითაც შ. ფ-ის სახელზე აღირიცხა სადავო საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი და იმავე თარიღით ¹112 მიწის ნაკვეთზე გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა, რომლითაც პირიქით, მოსარჩელეს მიეკუთვნა შ. ფ-ის სახლი და სამოსახლო ნაკვეთი სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა. პალატამ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სიქთარვის თემის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ 2001 წლის 17 აპრილის ცნობა ¹132, არაა ის მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელია იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი რიცხული იყო ა. ფ-იძის სახელზე და რომ ა. ფ-იძე იყო მისი მესაკუთრე.
პალატამ ასევე მიიჩნია, რომ მოსარჩელის უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი ვერ გახდებოდა სიქთარვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1981 წლის 25 დეკემბრის ¹99 გადაწყვეტილება (მოსარჩელის კომლად აყვანის შესახებ)
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ კოლმეურნეობების რეორგანიზაციასა და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლასთან დაკავშირებით არსებობა შეწყვიტა საკოლმეურნეო კომლმა და შეიქმნა საკოლმეურნეო მეურნეობა. ა. ფ-იძე არასოდეს დარეგისტირებულა საკომლო მეურნეობად და არც სადავო ქონება დაურეგისტრირებია საადგილმამულო წიგნში.
პალატამ განმარტა, რომ ა. ფ-იძის სახელზე გაცემული მიწის სარეგისტრაციო მოწმობის მიუხედავად, რომლის მიღება-ჩაბარების აქტი საარქივო მასალებში არ არის, სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ა. ფ-იძე ვერ იქნებოდა, ვინაიდან მიწა 1992 წლამდე მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. ფ-იძემ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების გარეშე და კანონის უხეში დარღვევით უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლის ერთ-ერთ მოტივად მიუთითა, რომ თითქოს სასარჩელო მოთხოვნა 1988 წლის 26 დეკემბრის ტექ.ბიუროს ჩანაწერებისა და იმავე თარიღის ¹437 ტექ.პასპორტის გაუქმების თაობაზე იყო ხანდაზმული. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა რომ იგი აღნიშნული დოკუმენტების გაუქმებას მოითხოვდა უკვე მას შემდეგ, რაც სადავო სახლი გადაფორმებული იყო მის ძმისშვილ, მოპასუხე ჯ. ფ-იძეზე და რისი მოთხოვნის საფუძველიც მას წარმოეშვა 2007 წლის აპრილის თვეში, მას შემდეგ როცა უარი უთხრეს ბინაში შესვლაზე და მისთვის ცნობილი გახდა, რომ სახლი მასთან შეუთანხმებლად გაფორმებული იყო ძმისშვილზე. ამდენად არავითარი ხანდაზმულობა არ არსებობს.
კასატორის აზრით სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა იმის თაობაზე, რომ მას არ აქვს ¹115 მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობის დამადასტურებელი სამართლებრივი დოკუმენტი, მაშინ, როცა 1981 წელს ჩაწერილი იყო მამის კომლში და სახლიც და მიწის ნაკვეთი ¹115 ირიცხებოდა მის სახელზე და აღდგენილი იყო სოფ. სიქთარვის სასოფლო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით სრულუფლებიან კომლად.
კასატორის აზრით სააპელაციო სასამართლო ასევე უკანონოდ დაეყრდნო თერჯოლის რაიონის საჯარო რეესტრის სამსახურის უფროსის განმარტებას 2002 წლის ¹115 სადავო მიწის ნაკვეთზე სარეგისტრაციო მოწმობათა გაცემის თაობაზე, მაშინ როცა აღნიშნული დარღვევისათვის იგი დასჯილი იყო ადმინისტრაციული წესით, რაც მის მიერ წარდგენილი იყო სააპელაციო სასამართლოში. საქმეში არსებობს აღმასკომის გადაწყვეტილებები, საბჭოს მიერ გაცემული ცნობები და სხვა დოკუმენტები საიდანაც დასტურდება სახლის და ¹115 მიწის ნაკვეთი აღრიცხვა მის სახელზე.
კასატორის აზრით არასწორია პალატის განმარტება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან 1992 წლამდე მიწა იყო სახელმწიფო საკუთრება იგი ვერ გახდებოდა მიწის მესაკუთრე, რადგან მართალია სადავო მიწას ფლობდა სარგებლობის უფლებით, მაგრამ შემდგომში იგი გადავიდა მის საკუთრებაში. ასევე უკანონოა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ არც არსებობს სადავო მიწის ნაკვეთზე და სახლზე მიღება-ჩაბარების აქტი, რადგან გაუგებარია ვის უნდა მიეცა მიღება-ჩაბარების აქტი.
კასატორის აზრით სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არა-ერთი საპროცესო ნორმის დარღვევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 4 ივლისის განჩინების დსაშვებად იქნა ცნობილი ა. ფ-იძის საკასაციო საჩივარი.
2008 წლის 2 ოქტომბრის სასამართლო სახდომაზე ნხარეთა მიერ წარმოდგენილი იქნა მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, მხარეთა მორიგების აქტის შინაარსის გაცნობის შედეგად თვლის, რომ მხარეთა შუამდგომლობა მორიგების აქტის დამტკიცების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. ფ-იძესა და ჯ. ფ-იძეს შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:
1. ჯ. ფ-იძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარე სოფ. სიქთარვაში /ორსართულიანი/ დარჩეს მას საკუთრებაში ¹115 მიწის ნაკვეთთან ერთად და მასზე სადავო ა. ფ-იძეს არ ექნება. ჯ. ფ-იძე თანახმაა გადაუხადოს ექვსი /6 / თვის ვადაში 2500 /ორიათას ხუთასი/ აშშ დოლარი –ა. ფ-იძეს.
2. ა. ფ-იძის კუთვნილ ¹112 მიწის ნაკვეთზე და მასზე აღმართულ საცხოვრებელ სახლზე მდებარე სოფ. სიქთრვაში პრეტენზია არ ექნება ჯ. ფ-იძეს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მხარეთა მორიგების გამო, უნდა გაუქმდეს საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის - 272-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ფ-იძესა და ჯ. ფ-იძეს შორის დამტკიცდეს მორიგება შემდეგი პირობებით:
1. ჯ. ფ-იძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი მდებარე სოფ. ს-ში /ორსართულიანი/ დარჩეს მას საკუთრებაში ¹115 მიწის ნაკვეთთან ერთად და მასზე სადავო ა. ფ-იძეს არ ექნება. PPჯ. ფ-იძე თანახმაა გადაუხადოს ექვსი /6 / თვის ვადაში 2500 /ორიათას ხუთასი/ აშშ დოლარი –ა. ფ-იძეს.
2 ა. ფ-იძის კუთვნილ ¹112 მიწის ნაკვეთზე და მასზე აღმართულ საცხოვრებელ სახლზე მდებარე სოფ. სიქთარვაში პრეტენზია არ ექნება ჯ. ფ-იძეს.
გაუქმდეს საქმეზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება და საქმის წარმოება შეწყდეს.
განემარტოთ მხარეებს, რომ იგივე მხარეებს შორის იგივე დავაზე სასამართლოსათვის მომართვა დაუშვებელია.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.