ას-478-825-07 2 ოქტომბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
მოსამართლე მ. ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – გ. მ-ი და მ. ე-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. და ნ. ი-ები (მოსარჩელეები)
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე. და ნ. ი-ებმა 2004 წლის 17 ნოემბერს სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხეების გ. მ-სა და მ. ე-ის მიმართ და მოითხოვეს მათი გამოსახლება ქ.თბილისში, ... III მ/რ, 23 კორპუსი, ...-ე ბინიდან თანმხლებ პირებთან ერთად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ი-სა და ნ. ი-ს სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. და ნ. ი-ებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ე. და ნ. ი-ების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ე. და ნ. ი-ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. მ-ს და მ. ე-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, ... III მ/რ, 23 კორპუსი, ბინა ... და გადაეცა ე. და ნ. ი-ებს თავისუფალ მდგომარეობაში; ე. და ნ. ი-ების სარჩელი თანმხლები პირების გამოსახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
გ. მ-მა და მ. ე-მ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე შეიტანეს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინებით გ. მ-სა და მ. ე-ს დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მითითებული განჩინებით მათ განემარტათ, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. მ-სა და მ. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინებით გ. მ-სა და მ. ე-ს დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მითითებული განჩინებით მათ განემარტათ, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა და განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 245-246). ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კასატორებს და მათ წარმომადგენლებს (ს.ფ. 247-257), რაც 2007 წლის 24 ივლისს პირადად ჩაბარდა კასატორს მ.ე-ს (ს.ფ. 257). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მას შეეძლო განჩინებაში მითითებული ხარვეზი გამოესწორებინა 2007 წლის 31 ივლისის ჩათვლით; მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. მ-სა და მ. ე-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. მ-სა და მ. ე-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.