საქმე №23აპ-16 ქ. თბილისი
ვ-ი გ. 23აპ-16 27 ივნისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ვ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. კ-სა და კ. ვ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 ივნისის განაჩენით გ. ვ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 7 სექტემბრიდან.
2. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები - 3 ცალი CD დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით; გ. ქ-ის მიერ წარდგენილი მაისური, რომელიც ინახება შსს ..... თბილისის რაიონული სამმართველოს ..... განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
3. განაჩენით მსჯავრებულ გ. ვ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2014 წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, თბილისში, ….. ქ. №…..-ში მდებარე შსს თბილისის მთავარი სამმართველოს ..... თბილისის რაიონული სამმართველოს ..... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გ. ქ-ს, რომელიც იმყოფებოდა ადმინისტრაციულ შენობაში, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იყო ოპერატიული მორიგე, თავს დაესხა ნასვამი გ. ვ-ი, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მიიმალა.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. მსჯავრდებული გ. ვ-ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - მ. კ-ი და კ. ვ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და გ. ვ-ს გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ვ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. კ-სა და კ. ვ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ვ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით.
3. გასაჩივრებული გამატყუნებელი განაჩენის მიხედვით გ. ვ-ს მსჯავრდებას 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში საფუძვლად უდევს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ:
4. მოწმე გ. ქ-ს ჩვენებით, ის არის ..... თბილისის ..... განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2014 წლის 6 სექტემბერს 09:00 საათიდან იყო განყოფილებაში პასუხისმგებელი მორიგე, მას ევალებოდა მოქალაქეების, განცხადებებისა და შეტყობინებების მიღება, ასევე პოლიციის შენობის გარე პერიმეტრზე ყურადღების მიქცევა. 2014 წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქუჩიდან გაიგო ხმაური, ხოლო კამერების საშუალებით დაინახა სამი გოგონა და ერთი ბიჭი, ეს უკანასკნელი ერთ-ერთი გოგონასკენ იწევდა, ხელს კრავდა. გარეთ გასულმა გ. ქ-მ მათ სიწყნარისაკენ მოუწოდა, გოგონამ გ. ვ-ს ასევე უთხრა დაწყნარებულიყო, რადგან პოლიციის შენობასთან იყვნენ. მამაკაცის აგრესიულობის მიუხედავად, გ. ქ-ე დაბრუნდა ოთახში, თუმცა მალევე შევიდა მასთან თ. წ-რი, გაეცნო მას და უთხრა, რომ გ. ვ-მ წაართვა მობილური ტელეფონი, შემდეგ შევიდა გ. ვ-ი და გ. ქ-ს მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და დაუწყო ჯაჯგური, რა დროსაც მას მაისური გაეხა. შენობაში კიდევ ორი გოგონა შევიდა, გ. ქ-მ ვერ მოახერხა გ. ვ-ს დაკავება, რადგან ის გაექცა. გოგოები ცდილობდნენ გაშველებას, თუმცა მან რადიოსადგურის საშუალებით შეტყობინება გადასცა დამხმარე ჯგუფს, რომელმაც შემდეგ გარეთ დააკავა გ. ვ-ი. მოწმემ დაადასტურა, რომ პოლიციის შენობაში შესული გ. ვ-ი მას დაემუქრა სამსახურის დაკარგვით, ასევე სწვდა საყელოში, რა დროსაც მან ტკივილი განიცადა, ასევე ჯაჯგურში გაეხა მაისური. მოწმის განმარტებით, მან ხელი გაარტყა, რათა გამოეფხიზლებინა ნასვამი გ. ვ-ი.
5. მოწმე თ. წ-ს ჩვენებით, 2014 წლის 7 სექტემბერს ღამის კლუბში იყო გ. ვ-თან, ფ. ფ-თან და მ. რ-თან ერთად. ცოტა დალიეს, თუმცა გ. ვ-ი ღამის კლუბში მისვლამდე უკვე ნასვამი იყო. ღამის კლუბიდან წავიდნენ ტაქსით ფ. ფ-ს სახლისკენ. ის და მისი შეყვარებული გ. ვ-ი შეკამათდნენ, თ. წ-ს მობილურ ტელეფონში შესული მოკლე ტექსტური შეტყობინების გამო, რომელიც მან არ აჩვენა გ. ვ-ს. აღნიშნულის გამო კი გ. ვ-მ იეჭვიანა. ისინი გადმოვიდნენ ტაქსიდან და ფეხით გააგრძელს გზა, პოლიციის შენობასთან თ. წ-ი და გ. ვ-ი კამათობდნენ, გ. ვ-მ მას ტელეფონი გამოართვა. მათი კამათის დროს პოლიციელმა დაიძახა, რომ სხვაგან ეყვირათ, რადგან იქ ხალხი ცხოვრობდა და გვიანი იყო. თ. წ-ი შევიდა პოლიციის შენობაში და მორიგეს სთხოვა მობილური ტელეფონის სიმბარათის დაბრუნება, რაზეც პოლიციელმა უთხრა, რომ თავად მორიგებულიყვნენ. სწორედ ამ დროს შენობაში შევიდა გ. ვ-ც, პოლიციელის დანახვაზე ის დაიბნა და კართან გაჩერდა. პოლიციელმა დაუყვირა, თუ რატომ შევიდა პოლიციის შენობაში, ხელი ჩაავლო და უნდოდა დაკავება, გ. ვ-ი გარეთ გასვლას ცდილობდა. მოწმემ დაადასტურა, რომ გ. ვ-ს პოლიციელისათვის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, პირიქით, პოლიციელი იგინებოდა და სწორედ თ. წ-ი და მ. რ-ი მოუწოდებდნენ დამშვიდებისაკენ, გ. ვ-საც პოლიციელმა დაარტყა.
6. მსჯავრდებულ გ. ვ-ს ჩვენებით, ის და თ. წ-ი იმყოფებოდნენ ღამის კლუბში, სადაც მან იეჭვიანა, შემდეგ თ. წ-ს მიუვიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რის გამოც მან უფრო მეტად იეჭვიანა, რადგან მიღებული შეტყობინება თ. წ-მ მას არ აჩვენა. ღამის კლუბიდან ტაქსით წავიდნენ ფ. ფ-ს სახლისკენ, სადაც უნდა დარჩენილიყო თ. წ-ი. გზად გ. ვ-ი და თ. წ-ი კვლავ კამათობდნენ, რა დროსაც ამ უკანასკნელს წამოუვიდა ცრემლები, რადგან გ. ვ-ს მისი არ სჯეროდა. აღნიშნულზე გაღიზიანდა გ. ვ-ი, გადავიდა ტაქსიდან და ბანკომატს დაარტყა ხელი. მობილური ტელეფონი გამოართვა თ., შეტყობინებები ვერ იპოვა და უთხრა, რომ დაუბრუნებდა მაშინ, როცა შეტყობინების ავტორი დარეკავდა. შემდეგ პოლიციელმა დაუძახა, რომ არ ეხმაურა. გაღიზიანებული გ. ვ-ი მივიდა მასთან და უთხრა, რომ მის ცოლს ეკამათებოდა და რა უნდოდა, რის შემდეგაც გამობრუნდა, თუმცა ვეღარ დაინახა თ. და დაბრუნდა უკან, შემდეგ დაინახა, რომ თ. წ-ი უცნობს ესაუბრებოდა პოლიციის შენობაში, რაზეც მან იფიქრა, რომ ფაქტზე უნდა დაეჭირა უცნობთან. აღნიშნულის გამო შევიდა პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც პოლიციელი წამოდგა და ხელები დაუჭირა, ქამარში ჩაავლო ხელი და სახეში გაარტყა. გ. ვ-ს შარვლის საქამრეები გაწყდა და ისიც გაიქცა გარეთ. მსჯავრდებულმა დაადასტურა, რომ მას გააზრებული ჰქონდა, რომ გ. ქ-ე პოლიციელი იყო. გაქცევისას პოლიციელი გინებით გაჰყვა, რის გამოც გ. ვ-მ დაუძახა, რომ არ შეარჩენდა და სამსახურში არ გააჩერებდა. შემდეგ გ. ვ-ი მივიდა ფ. ფ-ს სახლში, თ. სახლში არ დახვდა, რის გამოც გავიდა გარეთ, რა დროსაც პოლიციამ დააკავა.
7. მოწმეების - ბ. ჭ-სა და გ. თ-ს ჩვენებებით, ისინი არიან ..... თბილისის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლები. 2014 წლის 7 სექტემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაახლოებით 04:00 საათზე, რადიოგადამცემით ოპერატიულმა მორიგემ გ. ქ-მ ითხოვა დახმარება. მისვლისას მორიგემ უთხრა, რომ მას თავს დაესხა უცნობი პიროვნება და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, აღწერა ასევე პიროვნების აღნაგობა და ჩაცმულობა. გამომძიებლებს მსგავსი პიროვნება მანამდე დანახული ჰყავდათ ….. ქუჩაზე გოგოებთან ერთად. რამდენიმე წუთში გ. ვ-ი დააკავეს ბ. ჭ-მ და გ. თ-მ ….. ქუჩა №…..-თან. დაკავების დროს გ. ვ-მ გაუწია წინააღმდეგობა, პოლიციის მიმართ იყო აგრესიული. მოწმე გ. თ-მ ასევე განაცხადა, რომ, როგორც წესი, ოპერატიულ მორიგეს აცვია პოლიციის ფორმა, ასევე მათ ეცვათ ფორმები. პოლიციის განყოფილება მდებარეობს ….. და ….. ქუჩების კუთხეში, შესასვლელიდან ხელმარცხნივ არის წარწერა ,,პოლიცია“, პოლიციის შენობაზე ზევით არის დიდი აბრა წარწერით - „პოლიცია“, რომელიც მუდმივად განათებულია.
8. მოწმე ფ. ფ-ს ჩვენებით, გ. ვ-ი არის მისი შორეული ნათესავის - თ. წ-ს შეყვარებული. 2014 წლის 7 სექტემბერს ფ. ფ-ი, თ. წ-ი, მ. რ-ი და გ. ვ-ი იმყოფებოდნენ კლუბში, დალიეს ალკოჰოლური სასმელი, დაახლოებით 4-5 ჭიქა. იქიდან წამოვიდნენ დაახლოებით 03:00 საათზე. გოგოები აპირებდნენ ფ. ფ-ს სახლში დარჩენას, მანამდე კი მათ გ. ვ-ი უნდა გაეცილებინათ სახლში, რადგან ის იყო ნასვამი. ტაქსში თ. და გ. ვ-ს მოუვიდათ შელაპარაკება, რის გამოც ჩამოვიდნენ ტაქსიდან. ჩხუბის დეტალები მოწმეს არ ახსოვს, თუმცა საუბარი იყო სიმბარათზე, რომლის დაბრუნებასაც თ. წ-ი სთხოვდა გ. ვ-ს. ჩხუბი მოხდა ….. და ….. ქუჩების კუთხეში. გ. ვ-ი გახდა ცუდად, რის გამოც ფ. ფ-ი ავიდა სახლში წყლის ასაღებად, სწორედ ამ დროს უნდა შესულიყვნენ პოლიციის შენობაში, რაც მოწმისათვის უცნობია. მისი ჩამოსვლისას კი მეგობრები რამდენიმე მეტრით სხვაგან იდგნენ და საუბრობდნენ ჩვეულებრივად. მოწმემ დაადასტურა, რომ პოლიციის შენობიდან გამოვიდა პიროვნება და მათ მიმართა არ ეხმაურათ. სიბნელეში მან ვერ გაარჩია აღნიშნული მამაკაცი იყო თუ არა პოლიციელი. ამის შემდეგ თ. წ-ი შევიდა პოლიციის შენობაში, რა დროსაც ფ. ფ-ი იქვე მდებარე მის საცხოვრებელ სახლში იყო ასული. ის პოლიციის შენობაში მოგვიანებით მივიდა, ამ დროს პოლიციელი უკვე ცდილობდა გ. ვ-ს დაკავებას, როდესაც გ. ვ-ი გამოდიოდა სამორიგეო ნაწილიდან, ამიტომ სამორიგეოში რა ხდებოდა, მისთვის უცნობია. გ. ვ-ს წინააღმდეგობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ის ცდილობდა, არ დაეკავებინათ და თავი გაეთავისუფლებინა. მოწმემ დაადასტურა, რომ დაძაბული სიტუაციის გამო ვერ იხსენებს პოლიციის თანამშრომელს ეცვა თუ არა ფორმა.
9. მოწმე მ. რ-ს ჩვენებით, თ. წ-ი არის მისი დეიდაშვილი, ხოლო ბრალდებული გ. ვ-ი - დეიდაშვილის შეყვარებული. 2014 წლის 7 სექტემბერს გ. ვ-თან, თ. წ-სა და ფ. ფ-თან ერთად იმყოფებოდა ….. ქუჩაზე ღამის კლუბში, საიდანაც გოგონები მსუბუქად ნასვამები, ხოლო გ. ვ-ი საკმაოდ ნასვამი ტაქსით მიდიოდა ფ. ფ-ს სახლში. მოწმემ დაადასტურა, რომ შეყვარებულებს შორის კამათი დაიწყო ეჭვიანობის ნიადაგზე, მას შემდეგ, რაც თ. წ-ს მობილურ ტელეფონზე შევიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება. მოწმემ დაადასტურა, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, გაბრაზებული გ. ვ-ი ხელებს იქნევდა და ბოძს არტყამდა, ამასთან, ის ორჯერ გახდა ცუდად და გული წაუვიდა. ტელეფონი გამოართვა გ. ვ-მ თ. წ-ს, კამათი იყო პოლიციის შენობიდან ოდნავ მოშორებით, რამდენიმე მეტრში. პოლიციის შენობიდან გამოსულმა პოლიციის თანამშრომელმა მიმართა მათ, რომ არ ეხმაურათ, თუმცა კამათი მაინც გრძელდებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ ამ დროისათვის მან ვერ გააცნობიერა, რომ აღნიშნული პიროვნება იყო პოლიციელი. თ. წ-ი შევიდა პოლიციის შენობაში, რაც ვერ შეამჩნია გ. ვ-მ, თუმცა მალევე პოლიციის შენობაში დაინახეს თ. წ-ი, რომელიც ესაუბრებოდა უცნობ მამაკაცს, რის გამოც შენობაში შევიდა გ. ვ-ი, მას შეჰყვა მ. რ-ც. გ. ვ-ი მიხვდა რა, რომ იყო პოლიციის შენობაში, დააპირა უკან გამობრუნება, თუმცა მასთან მივიდა პოლიციელი და დააპირა დაკავება. მოწმემ დაადასტურა, რომ გ. ვ-ს პოლიციელისათვის არ მიუყენებია არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა პოლიციელმა მას მიაყენა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური შეურაცხყოფა.
10. მოწმე თ. ს-ს ჩვენებით, ის არის ..... თბილისის სამმართველოს ….. განყოფილების უფროსის მოადგილე. 2014 წლის 7 სექტემბერს იმყოფებოდა სამსახურში. ჯგუფების შემოწმების დროს რადიოგადამცემზე დაუკავშირდა პასუხისმგებელი მორიგე - გ. ქ-ე და ითხოვა დახმარება. მოწმემ დაადასტურა, რომ მან გამოძიებას მიაწოდა ვიდეოამსახველი დისკები, მათ შორის 13 ოქტომბრის ვიდეოში ასახულია ….. ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორია, რა დროსაც ….. ქუჩაზე იმყოფებოდა ერთი მამაკაცი და სამი გოგონა.
11. მოწმე გ. პ-ს ჩვენებით, ის არის ..... თბილისის სამმართველოს …..განყოფილების გამომძიებელი და მან გამოიძია სისხლის სამართლის საქმე გ. ვ-ს მიმართ. მან ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, დაკითხა მოწმეები, დაათვალიერა ვიდეოჩანაწერები და მაისური. გ. ქ-ს მაისურს დაზიანება ჰქონდა მარცხენა იღლიაში, მკლავის არეში იყო გახეული. დათვალიერებულ ვიდეო ჩანაწერში აღბეჭდილია მე-….. განყოფილების შემოსასვლელი ფოიე და მორიგის ოთახი, სადაც შედის თ. წ-ი, რომელიც ესაუბრება მორიგეს. დაახლოებით ერთ წუთში პოლიციის განყოფილებაში შერბის გ. ვ-ი, რომელიც შერბის მორიგის ოთახში და როგორც გ. ქ-ს ჩვენებიდან ჩანს, აყენებს მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. გ. ქ-ე ცდილობს მის დაკავებას, ჭიდაობა გრძელდება შემოსასვლელის ფოიეში, გოგონები აშველებენ, გ. ვ-ი ახერხებს პოლიციის შენობიდან გაქცევას, რის შემდეგაც გ. ქ-ე რადიოგადამცემის მეშვეობით იძახებს დამხმარე ჯგუფს. როგორც გამოძიებით გაირკვა, თანმხლები პირები არიან - ფ. ფ-ი და მ. რ-ი. პოლიციის მიმდებარე ტერიტორია განათებულია გარე განათებით, ასევე განათებულია წარწერა ,,პოლიცია“.
12. სასამართლო სხდომაზე გ. ქ-ს მაისურის დათვალიერებით დადგენილია, რომ აღნიშნული მაისური მარცხენა სახელოს იღლიასთან არის დაზიანებული.
13. ვიდეოფირების დათვალიერებით დადგენილია, რომ გ. ვ-ი პოლიციის შენობაში შევიდა სწრაფი ნაბიჯებით, იგი შევარდა სამორიგეო ნაწილში, სადაც მოხდა ფიზიკური კონტაქტი, მაგრამ კონკრეტულად პირველმა ვინ დაიწყო ეს ფიზიკური შეხება და როგორ გრძელდებოდა სამორიგეო ოთახში, ეს კარგად არ ჩანს. პოლიციის თანამშრომელ - მორიგე გ. ქ-სა და გ. ვ-ს შორის კონტაქტის გაგრძელება პოლიციის განყოფილების ფოიეში უკვე კარგად ჩანს ვიდეოფირში, რა დროსაც პოლიციელი ცდილობდა გ. ვ-ს დაკავებას, თუმცა გ. ვ-მ წინააღმდეგობის გაწევის შედეგად შეძლო გაქცევა, ხოლო გ. ქ-ე კი რადიოგადამცემის საშუალებით დაუკავშირდა დამხმარე ჯგუფს.
14. 2014 წლის 7 სექტემბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა გ. ქ-ს მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი მაისური, რომელსაც მარცხენა იღლიისა და იღლიის ქვედა ნაწილში აღენიშნებოდა დაზიანება.
15. 2014 წლის 8 სექტემბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა თ. ს-ს მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი ვიდეოჩანაწერი, რომელზეც დაფიქსირებულია ..... თბილისის სამმართველოს ….. განყოფილების შესასვლელი ფოიე, ასევე სამორიგეო ნაწილის შესასვლელი კარი და ფანჯრები. ვიდეოჩანაწერი ასახავს 2014 წლის 7 სექტემბრის 04:11-04:15 საათების შუალედს. კადრში 04:13 საათზე სამორიგეო ნაწილის ფანჯრიდან მოჩანს გ. ქ-სა და განყოფილებაში სწრაფი ნაბიჯით შესულ მამაკაცს შორის კონფლიქტი, რომლებიც რამდენიმე წამში გადიან ფოიეში და აგრძელებენ ჭიდაობას. გ. ქ-ე ცდილობს პიროვნების დაკავებას, რომელიც უწევს წინააღმდეგობას. გოგონები ცდილობენ გააშველონ ისინი. 04:13:45 საათზე ახალგაზრდა მამაკაცი ახერხებს პოლიციის შენობიდან გაქცევას, რომელსაც უკან მიჰყვებიან თანმხლები გოგონები.
16. 2014 წლის 13 ოქტომბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა თ. ს-ს მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი ..... თბილისის სამმართველოს ….. განყოფილების ადმინისტრაციული შენობის გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერები, სადაც 04:08 საათზე კადრში ჩნდება თ. წ-ი, რომელიც მოძრაობს …. ქუჩის მიმართულებით, სადაც იგი უერთდება გ. ვ-ს და მის თანმხლებ გოგონას, რა დროსაც მათ შორის წარმოიშვება კონფლიქტი. გ. ვ-ი გამოხატავს მის მიმართ აგრესიას, თანმხლები გოგონა კი აშველებს მას და ექაჩება გ. მაისურზე. 04:09 საათზე პოლიციის შენობიდან გამოდის გ. ქ-ე და მიმართავს მათ, სამივე ახალგაზრდა მიდის გ. ქ-თან, რა დროსაც გ. ვ-ი არის აგრესიული, რის გამოც თ. წ-ი და თანმხლები გოგონა დგებიან გ. და გ. შორის და ამშვიდებენ გ. ვ-ს. რამდენიმე წამის შემდეგ გ. ვ-ი გაეცლება გ. ქ-ს, ეს უკანასკნელი კი ბრუნდება პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. მოგვიანებით თ. წ-ი შედის პოლიციის შენობაში, ხოლო გ. ვ-ი და თანმხლები გოგონები - ფ. ფ-ი და მ. რ-ი რჩებიან პოლიციის შენობის მოპირდაპირედ. რამდენიმე წამში გ. ვ-ი სწრაფი ნაბიჯით შერბის პოლიციის შენობაში, ცოტა ხნის შემდეგ კი იგი გამორბის პოლიციის შენობიდან, მას უკან მოჰყვებიან გოგონები, ხოლო გ. ქ-ე რადიოსადგურით უკავშირდება მორიგე ჯგუფს. მორიგე ჯგუფის მისვლის შემდეგ გ. ვ-ი მირბის ….. ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომლები მისდევენ მას დაკავების მიზნით.
17. 2014 წლის 8 სექტემბრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა თ. ს-ს მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება გ. ქ-ს ..... თბილისის სამმართველოს …..განყოფილებაში დანიშვნასა და იმავე განყოფილების მორიგეობის გრაფიკს, სადაც აღნიშნულია, რომ 2014 წლის 6 სექტემბერს ოპერატიული მორიგე იყო გ. ქ-ე, ხოლო სამუშაო გრაფიკი იწყება 09:00 საათიდან მომდევნო დღის 09:00 საათამდე.
18. 2014 წლის 10 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, ….. ქუჩა N…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე ამ მისამართზე მდებარე პოლიციის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელ ფოიეში. შენობის სახურავზე განლაგებულია ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული 2 აბრა წარწერებით - „პოლიცია“, „POLICE“ ასევე - პოლიციის ლოგო.
19. 2014 წლის 8 სექტემბრის დაზარალებულად ცნობის დადგენილებით დადგენილია, რომ დაზარალებულად იქნა ცნობილი გ. ქ-ე, მას მიყენებული აქვს ქონებრივი და მორალური ზიანი, კერძოდ: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხა გ. ვ-ი და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
20. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზარალებულ გ. ქ-ს ჩვენებაში მითითებული გარემოება, რომ გ. ვ-ი მას თავს დაესხა, არ დასტურდება საქმის მასალებით. თავდასხმის ფაქტი დასტურდება მხოლოდ გ. ქ-ს მიერ მიცემული ჩვენებით, ხოლო ვიდეოფირების დათვალიერების ოქმით, როგორც ზემოთ აღინიშნა, კარგად არ ჩანს, გ. ვ-ს სამორიგეო ოთახში შესვლის დროს იქ განვითარებული მოვლენები. მხოლოდ დაზარალებულ გ. ქ-ს ჩვენება კი არ არის საკმარისი გ. ვ-ს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის.
21. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. ვ-ს განმარტებას, - რომ იგი შევიდა პოლიციის განყოფილებაში, რადგან დაინახა, რომ თ. წ-ი უცნობს ესაუბრებოდა პოლიციის შენობაში, რაზეც მან იფიქრა, რომ ფაქტზე უნდა დაეჭირა იგი და ამ დროს პოლიციელი წამოდგა, ხელები დაუჭირა, ქამარში ჩაავლო ხელი, სახეში გაარტყა და მათ შორის დაიწყო ჩხუბი, - უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალებით, მართალია, უტყუარად დადგენილია, რომ სამორიგეო ნაწილში მოხდა ჩხუბი, მაგრამ როგორ განვითარდა ეს ჩხუბი, ამასთან დაკავშირებით, ზემომითითებულ მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე, არსებობს სხვადასხვა ვერსია.
22. ამდენად, საქმეში არსებობს წინააღმდეგობრივი ჩვენებები. ის, რომ გ. ვ-ი თავს დაესხა პოლიციელს, არის მხოლოდ ეჭვი, ხოლო საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
23. რაც შეეხება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, უტყუარად დადასტურებულია, რომ პოლიციის თანამშრომელს - გ. ქ-ს სურს გ. ვ-ს დაკავება, ხოლო იგი არ ემორჩილება, უწევს წინააღმდეგობას და ცდილობს გაქცევას, კერძოდ:
24. მოწმე გ. ქ-ს ჩვენებით, გ. ვ-მ მას მიმართა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და დაუწყო ჯაჯგური, რა დროსაც მაისური გაეხა. შენობაში კიდევ ორი გოგონა შევიდა. გ. ქ-მ ვერ მოახერხა გ. ვ-ს დაკავება, რადგან ის გაექცა. გოგოები ცდილობდნენ გაშველებას, თუმცა მან რადიოსადგურის საშუალებით შეტყობინება გადასცა დამხმარე ჯგუფს, რომლის წევრებმაც შემდეგ გარეთ დააკავეს გ. ვ-ი. მოწმემ დაადასტურა, რომ პოლიციის შენობაში შესული გ. ვ-ი მას დაემუქრა სამსახურის დაკარგვით, ასევე სწვდა საყელოში, რა დროსაც მან ტკივილი განიცადა, ასევე ჯაჯგურში გაეხა მაისური. მოწმის განმარტებით, მან ხელი გაარტყა, რათა გამოეფხიზლებინა ნასვამი გ. ვ-ი.
25. მსჯავრდებულ გ. ვ-ს ჩვენებით, მაშინ, როდესაც იგი შევიდა პოლიციის განყოფილებაში, პოლიციელი წამოდგა და ხელები დაუჭირა, ქამარში ჩაავლო ხელი და სახეში გაარტყა. გ. ვ-ს შარვლის საქამრეები გაწყდა და ისიც გარეთ გაიქცა. მსჯავრდებულმა დაადასტურა, რომ მას გააზრებული ჰქონდა, რომ გ. ქ-ე პოლიციელი იყო. გაქცევისას პოლიციელი გინებით გაჰყვა, რის გამოც გ. ვ-მ დაუძახა, რომ არ შეარჩენდა და სამსახურში არ გააჩერებდა.
26. დაზარალებულ გ. ქ-ს ჩვენებაში მითითებული გარემოება, რომ გ. ვ-ი უწევდა წინააღმდეგობას, დაუხია მაისური და არ აძლევდა საშუალებას, რომ დაეკავებინა პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, დასტურდება არა მარტო გ. ქ-ს ჩვენებით, არამედ - ვიდეოფირების დათვალიერების ოქმებითაც, საიდანაც ნათლად ჩანს, როგორ უწევდა წინააღმდეგობას გ. ვ-ი გ. ქ-ს.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა გ. ვ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ: პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, რის გამოც მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
28. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების, მისი წარსული ცხოვრების მხედველობაში მიღებით, მსჯავრდებულ გ. ვ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ვ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. კ-სა და კ. ვ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. მსჯავრდებულ გ. ვ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს ჯარიმა - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
4. მსჯავრდებულ გ. ვ-ს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 7 სექტემბრიდან), საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
5. მსჯავრდებული გ. ვ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
6. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები - 3 ცალი CD დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; გ. ქ-ს მიერ წარდგენილი მაისური, რომელიც ინახება შსს ….. თბილისის რაიონული სამმართველოს ….. განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი