საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №55აპ-16 ქ. თბილისი
ლ–ა გ., 55აპ-16 4 აგვისტო, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო გვენეტაძე (თავმჯდომარე),
ვასილ როინიშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ლ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ზ. კ-ს და ვ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის განაჩენით გ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად – ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებით სასჯელად – ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. ლ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 20 სექტემბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ გ. ლ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი გ. ლ-ს მიმართ გაუქმდა და სათანადო მითითებებით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის განაჩენი შეიცვალა:
გ. ლ-ს განაჩენიდან ამოერიცხა მითითება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვაზე;
გ. ლ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამ მუხლით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად – ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებით სასჯელად – ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. ლ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 20 სექტემბრიდან; მასვე საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელების შეჯამების შედეგად საბოლოოდ დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ გ. ლ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.
მსჯავრდებულ გ. ლ-სათვის შერაცხული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.
ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენის მითითებები, კერძოდ, დეტალურად გამოიკვლია საქმის მასალები, დაკითხა დაცვის მხარის მოწმეები და საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს მისცა სათანადო შეფასება.
ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ლ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – ზ. კ-სა და ვ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. გვენეტაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ნ. სხირტლაძე