Facebook Twitter

საქმე №83აგ-16 27 ივლისი, 2016 წელი

ა. პ., 83აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენით პ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი და 10 წლით ჩამოერთვა აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. პ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2014 წლის 14 სექტემბრიდან იმავე წლის 17 სექტემბრის ჩათვლით.

2. 2016 წლის 25 თებერვალს მსჯავრდებულმა პ. ა-მა და მისმა ადვოკატმა რ. ჭ-მა შუამდგომლობით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე – პ. ა-ის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის განაჩენით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: მსჯავრდებული პ. ა. გათავისუფლდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში – მათ შორის, დამატებითი სასჯელის დანიშვნისა და უფლებების ჩამორთმევის ნაწილში – დარჩა უცვლელად.

4. კასატორები – მსჯავრდებული პ. ა. და ადვოკატი რ. ჭ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ განაჩენი პ. ა-თვის დამატებითი სასჯელის უცვლელად დატოვების ნაწილში უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:

· „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილებას, კერძო, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესების დაცვას ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობთა ხელყოფისაგან, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და გავრცელების პრევენციას; ამ კანონში საუბარია გამსაღებელზე, მომხმარებელსა და გამავრცელებელზე და არა – შემძენსა და შემნახველზე, როგორც ეს პ. ა-ის შემთხვევაშია დადგენილი, ამიტომ მისთვის უფლებების ჩამორთმევა უსაფუძვლოდ იყო განსაზღვრული და სააპელაციო პალატამაც უსაფუძვლოდ დატოვა უცვლელად;

· კასატორთა აზრით, ასევე მცდარია პ. ა-სათვის დამატებით სასჯელად 2000 ლარი ჯარიმის უცვლელად დატოვება, ვინაიდან გასაღების მიზნის გარეშე, პირადი მოხმარებისათვის „გამომშრალი მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის სახელმწიფოს მიერ სანქციის სახით უხეშად არაპროპორციული სასჯელის დაწესება იმ პირობებში, როცა მინიმალური სასჯელი ზედმეტად მკაცრია და მოსამართლეს არა აქვს ბრალდებულისათვის მინიმუმზე დაბალი სასჯელის ან სხვა მსუბუქი, ალტერნატიული ღონისძიების შეფარდების შესაძლებლობა, შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული ადამიანის ღირსების ხელყოფად;

· პ. ა-ის ოჯახი 9 სულისაგან შედგება; იგი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებული საბრძოლო მოქმედებების მონაწილე და აქვს ქალა-ტვინის მძიმე ტრავმის ნარჩენი მოვლენები, ნევროზული სინდრომი, ფილტვების სერიოზული პრობლემის გამო იმყოფება ექიმის დაკვირვების ქვეშ, დასაფარი აქვს კრედიტი – 12000 ლარის ოდენობით, იღებს ვეტერანთა დახმარებას – თვეში 25 ლარს; ოჯახიდან საჯარო სამსახურში არავინ მუშაობს, ამიტომ პ. ა-ის ოჯახისათვის 2000 ლარი ჯარიმის გადახდა ძალიან მძიმეა; სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის ძირითადი სასჯელის გაუქმება და დამატებითი სასჯელების დატოვება კანონშეუსაბამო და ალოგიკურია.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული პ. ა. და ადვოკატი რ. ჭ. ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის განაჩენის გაუქმებას და პ. ა-ის გათავისუფლებას დამატებითი სასჯელებისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ პ. ა-ის გათავისუფლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან კანონიერია.

3. კანონიერია ასევე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მსჯავრდებულ პ. ა-თვის დამატებითი სასჯელის - ჯარიმისა და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრისა და 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებებით, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. ხსენებული გადაწყვეტილებები საერთოდ არ ეხება მითითებული დანაშაულისთვის დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრებისა და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევის კონსტიტუციურობის საკითხს, რის გამოც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ სრულად არ გაავრცელა მის მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

4. რაც შეეხება თავად საკასაციო პალატის უფლებამოსილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მითითებული საკითხის გადაწყვეტა - ჩამორთმეული უფლებების აღდგენა - მოცემულ შემთხვევაში სცილდება საკასაციო პალატის კომპეტენციას.

5. პალატა ასევე არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მსჯავრდებულისთვის დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის ოდენობა, ან გაათავისუფლოს მისგან, ვინაიდან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე. საპროცესო კოდექსის ამ მოთხოვნებიდან და სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.

6. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ პ. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე