Facebook Twitter

ას-48-401-07 8 ივნისი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსნებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე კასატორი _ შპს “აჭარის ე...ა” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “მ...ა” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „მ...მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „აჭარის ე...სა“ და ამავე კომპანიის ... ფილიალის მიმართ 1840,80 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2001 წლის 4 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა საწვავის მიწოდების ხელშეკრულება. ამავე წლის 5-20 მარტს შპს „აჭარის ე...მ“ ცენტრ ... ქვესადგურში 35 კვტ გამავალ ხაზზე ააშენა ზეთიანი ამომრთველი და აღნიშნული ქვესადგური კაპიტალურად შეაკეთა. მშენებლობის დასრულების შემდეგ მხარეთა შორის შედგა საწვავის მიღების აქტი. 2006 წლის 23 იანვარს შპს “მ...მ” მოპასუხეს წარუდგინა ¹... სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც შპს “აჭარის ე...მ” რეგისტრაციაში არ გაატარა და დაუბრუნა მოსარჩელეს. მხარის არა ერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ საწვავის ღირებულება არ აანაზღაურა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სასარჩელო განცხადებითა და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ შპს “მ...ს” სადავო მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2001 წელს, ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 128-129-ე მუხლების თანახმად, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. ამასთან, მხარე ვერ უთითებს, თუ რა რაოდენობის საწვავი მიაწოდა მოპასუხეს.

ქედის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „მ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „აჭარის ე...ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1840,40 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 46 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „აჭარის ე...მ“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შპს „აჭარის ე...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2001 წლის 4 მარტის ¹1 ხელშეკრულებით შპს “მ...ს” შპს “აჭარის ე...ის” ქედის ფილიალისათვის ... ქვესადგურის მაღალი ძაბვის ზეთიანი ამომრთველის დამონტაჟებისა და ქვესადგურის მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისათვის სამუშაოების საწარმოებლად ერთი თვის ვადაში უნდა მიეწოდებინა საწვავი, სანაცვლოდ, ე...ს მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, უნდა გადაეხადა საწვავის ღირებულება. 2001 წლის 20 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით სასამართლომ დაადგინა, რომ 2001 წლის 5 მარტიდან 20 მარტამდე შპს “აჭარის ე...მ” შპს “მ...საგან” მიიღო 1300 ლიტრი საწვავი. მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე სასამართლომ გამოარკვია, რომ 2006 წლის 23 იანვარს მოსარჩელემ შპს “აჭარის ე...ის” ქედის ფილიალს წარუდგინა ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც ანგარიშსწორებაზე მოწინააღმდეგე მხარემ უარი განაცხადა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც ნასყიდობის საგნის ფასის გადახდაზე მხარეებმა დაადგინეს სპეციალური წესი, კერძოდ, ნასყიდობის საგნის ფასი უნდა გადახდილიყო მხოლოდ მყიდველის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე მუხლით და მიიჩნია, რომ შპს “მ...ს” სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან _ 2006 წლის 23 იანვრიდან სარჩელის შეტანამდე _ 2006 წლის 8 მაისამდე კანონით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ გასულა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ სადავო ანგარიშ-ფაქტურა შპს “მ...ს” უნდა წარედგინა ნასყიდობის საგნის გადაცემიდან ხუთი დღის ვადაში. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო ურთიერთობა გამომდინარეობს სამოქალაქო გარიგებიდან და საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესები განსახილველი დავის გადაწყვეტისას გამოყენებული ვერ იქნება. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლისა და 477-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ჩათვალა, რომ სარჩელი ნასყიდობის საგნის ფასის გადახდის თაობაზე საფუძვლიანია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს “აჭარის ე...მ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2001 წლის 4 მარტს შპს “მ...სა” და შპს “აჭარის ე...ის” ქედის ფილიალს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს “მ...ს” 2001 წლის 5 მარტიდან 20 მარტამდე უნდა მიეწოდებინა 1300 ლიტრი დიზელის საწვავი. 2001 წლის 20 მარტს შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რის შედეგადაც შპს “მ...ს” წარმოეშვა ანაზღაურების მოთხოვნის უფლება და აღნიშნულ უფლებაზე დაიწყო ხანდაზმულობის ვადის დენა. შპს “მ...მ” საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარადგინა 5 წლის დაგვიანებით _ 2006 წლის 23 იანვარს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი და ხანდაზმულობის ვადა 2006 წლის 23 იანვრიდან უკანონოდ აითვალა, ვინაიდან შპს “მ...ს” სასარჩელო განცხადებით ირკვევა, რომ მან 2001 წლის 20 მარტიდან არა ერთხელ მოსთხოვა კასატორს ვალდებულების შესრულება, თუმცა უარი მიიღო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ თავისი დარღვეული უფლების შესახებ სწორედ 2001 წელს შეიტყო და ხანდაზმულობის ვადაც მითითებული მომენტიდან უნდა ათვლილიყო. სასამართლომ ასევე უგულებელყო სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მოთხოვნა მყიდველის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არა უგვიანეს 5 დღეში წარდგენის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორს სადავოდ არ გაუხდია საპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2001 წლის 4 მარტის ¹1 ხელშეკრულებით შპს “მ...ს” შპს “აჭარის ე...ის” ქედის ფილიალისათვის ... ქვესადგურის მაღალი ძაბვის ზეთიანი ამომრთველის დამონტაჟებისა და ქვესადგურის მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისათვის სამუშაოების საწარმოებლად ერთი თვის ვადაში უნდა მიეწოდებინა საწვავი, სანაცვლოდ, ენერგოკომპანიას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, უნდა გადაეხადა საწვავის ღირებულება. 2001 წლის 20 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით 2001 წლის 5 მარტიდან 20 მარტამდე შპს “აჭარის ე...მ” შპს “მ...საგან” მიიღო 1300 ლიტრი საწვავი. 2006 წლის 23 იანვარს მოსარჩელემ კასატორს წარუდგინა ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც ანგარიშსწორებაზე ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონის დარღვევას ადგილი არ აქვს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ შპს “მ...ს” ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2001 წლის 20 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის დღიდან.

მოდავე მხარეთა შორის 2001 წლის 4 მარტს დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით განისაზღვრა ერთი მხარის მიერ ვალდებულების, საწვავის მიწოდების, შესასრულებელი ვადა _ ხელშეკრულების დადების დღიდან ერთი თვე. რაც შეეხება ღირებულების ანაზღაურების ვადას, მასზე მხარეები არ შეთანხმებულან.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში შესრულების ვადა მხარეებს ზუსტად არ განუსაზღვრავთ და იგი ნავარაუდევად უნდა მივიჩნიოთ.

სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.

სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის ანალიზით, ხელშეკრულების ის პირობა, რომელზედაც მხარეები არ შეთანხმებულან და მხარეთა შორის არსებობს დავა ან ბუნდოვნობა უფლებრივ საკითხზე, სამართლიანად უნდა განისაზღვროს. ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში ხარვეზის აღმოფხვრა ხელშეკრულების შემვსები განმარტების მეშვეობით უნდა მოხდეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით ნავარაუდები ვალდებულების შესრულების ვადა ხელშეკრულების შინაარსთან შესაბამისობაში უნდა განიმარტოს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ კრედიტორს სრული თავისუფლება აქვს შეარჩიოს ვალდებულების შესრულების მომენტი, მაგრამ არც კრედიტორის მოთხოვნის უფლება არ არის უვადო. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის დათქმა კრედიტორის მიერ შესრულების ნებისმიერ დროს მოთხოვნის უფლებაზე, არ შეიძლება დროში განუსაზღვრელად იქნეს მიჩნეული. ნორმის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული არ არის და იგი სრულად არ ასახავს რეალურ ვითარებას (ნორმის ამ დანაწესის პირდაპირი და სიტყვასიტყვითი გაგების შემთხვევაში კრედიტორს ათეული წლების შემდეგაც უნდა მიეცეს შესრულების მოთხოვნის უფლება). ამ დასაბუთების გათვალისწინებით 365-ე მუხლის შინაარსი 129-ე მუხლის დანაწესებთან ერთობლიობაში უნდა იქნეს განხილული.

ხელშეკრულების პირობით, კრედიტორს _ შპს “მ...ს” სავარაუდოდ გონივრულ ვადაში უნდა წარედგინა მოვალისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შემდეგაც მოვალე ვალდებული იყო ასევე გონივრულ ვადაში გადაეხადა თანხა. ამ ვადების ათვლა უნდა მოხდეს 2001 წლის 20 მარტიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც მხარეთა მიერ დადასტურდა საწვავის გადაცემის ფაქტი. რაც შეეხება “ვადის გონივრულობას”, იგი შეფასებითი კატეგორიაა და ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს და არ არის გამორიცხული, რომ ასეთად ზოგჯერ დაუყოვნებლივი შესრულებაც იქნეს მიჩნეული, ანუ ვადის გონივრულობა თანხმობაში უნდა იყოს შესრულების მიმართ კრედიტორის ინტერესთან და მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს მოვალეს. სადავო ურთიერთობაში კრედიტორის ინტერესი გამოხატულია და არც მოვალე აცხადებს პრეტენზიას ვალის არსებობაზე.

მოცემულ შემთხვევაში გამოსარკვევია რა ვადა უნდა იქნეს მიჩნეული ვალდებულების შესრულების ვადად ანუ რა ვადაში უნდა გადაეხადა შპს “აჭარის ე...ს” შპს “მ...სთვის” შესრულების საზღაური, როდის შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ შპს “მ...მ”, ამ უკანასკნელისათვის მოთხოვნის წარმოშობის გონივრულ მომენტად რა დრო უნდა იქნეს მიჩნეული და რა ვადაში შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით, სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით განხორციელება.

მხარეთა მიერ ნავარაუდევი ვადის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს კომერციულ ბრუნვაში მიღებულ ტრადიციებს, კერძოდ, მეწარმე სუბიექტებს ურთიერთმიმართებაში შეიძლება უფრო მეტი ინტერესი გააჩნდეთ შემდგომი თანამშრომლობის მიზნით და, შესაბამისად, ჩვეულებრივზე მეტი დრო დაუთმონ შესრულების მ-ს. სასამართლოს ეს დასკვნა ეფუძნება თვით საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ შპს “მ...მ” 2001 წლის 20 მარტიდან არა ერთხელ მოსთხოვა კასატორს ვალდებულების შესრულება, თუმცა უარი მიიღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კრედიტორი ცდილობდა რა მხარესთან ურთიერთშეთანხმების გზით მიეღო შესრულება და სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე და 365-ე მუხლის დანაწესების გათვალისწინებით მისი მოთხოვნა ხანდაზმულად არ უნდა ჩაითვალოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს “აჭარის ე...ს” საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “აჭარის ე...ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.