Facebook Twitter

№65აგ-16 14 ივლისი, 2016 წელი

გ-ი გ., 65აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის განაჩენით თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ. მ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მესამედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 8 თვე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განაჩენით თბილისის გლდანი–ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ. ც-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის 2013 წლის 17 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2013 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობით; სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებით (2013 წლის 9 ოქტომბრის ეპიზოდი) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობით; სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2013 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 2013 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2013 წლის 9 და 10 ოქტომბრის ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 88–ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი - 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2013 წლის 10 ოქტომბრიდან.

3.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 1 მაისის №... გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ. გ-ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდა. მსჯავრდებული გ. გ-ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 5 თვითა და 9 დღით ადრე. მსჯავრდებული გ. გ-ი პატიმრობიდან გათავისუფლდა 2014 წლის 1 მაისს.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გ. გ-ს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 8 აგვისტოდან.

5. 2016 წლის 25 იანვარს მსჯავრდებულმა გ. გ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2016 წლის 1 იანვარს ამოქმედებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ გ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის განაჩენსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განაჩენით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდებულ გ. გ-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69–ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა - 6 თვისა და 21 დღის ვადით, რაც ჩაეთვალა მოხდილად. მასვე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 აგვისტოს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და მსჯავრდებულ გ. გ-ს მოსახდელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ნოემბრის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა გ. გ-მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სასჯელის შემცირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.

3. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე