Facebook Twitter

ას-484-831-07 2 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. ჟ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. კ-ე (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. კ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს თ. ჟ-ს მიმართ და მოითხოვა 2001 წლის 21 აპრილს სანოტარო წესით დამოწმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის გადაცემული ძირითადი ვალის - 5000 აშშ დოლარის, ვალდებულების შეუსრულებელი მთელი პერიოდისათვის მხარეთა შორის ზეპირად შეთანხმებული ყოველთვიური 2% და ვადაგადაცილებული დროისათვის ამავე ოდენობის კანონით განსაზღვრული პროცენტის - 6000 აშშ დოლარის, სულ 11000 აშშ დოლარის გადახდის, ასევე სასამართლო ხარჯების - 1230 ლარის მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრება.

მოპასუხემ წერილობითი შესაგებელი წარადგინა სასამართლოში, რომლითაც სარჩელი ცნო 2500 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო სხვა ნაწილში უარი განაცხადა მის დაკმაყოფილებაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით, გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თ. ჟ-ს გ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 10500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსით, ასევე სასამართლო ხარჯის - 1084 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჟ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 2 მაისის განჩინებით თ. ჟ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ 2001 წლის 21 აპრილს გ. კ-სა და თ. ჟ-ს შორის დაიდო უპროცენტო სესხის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად გ. კ-მ თ. ჟ-ს გადასცა 5000 Aაშშ დოლარი ხუთი თვის ვადით, 2001 წლის 21 სექტემბრამდე, რაც მოპასუხეს არ დაუბრუნებია. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება ძირითადი ვალის, 5000 აშშ დოლარის, ასევე 2001 წლის 21 სექტემბრიდან სარჩელის წარდგენის დრომდე, ფულადი თანხის გადახდის ვადაგადაცილებული დროისათვის (55 თვეზე) კანონით გათვალისწინებული ძირითადი თანხის ყოველთვიური ორი პროცენტის – 100 აშშ დოლარის, სულ – 10500 აშშ დოლარის გადახდევინების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ჟ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნა და გადაწყვეტილება გამოიტანა საქმის არსებითი გარემოებების დადგენის გარეშე. კასატორის განმარტებით, სასამართლო განჩინება დაუსაბუთებელია ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ, სასამართლომ არ გაიზიარა მისი განმარტება იმის თაობაზე, რომ სესხის ხელშეკრულება იყო უპროცენტო და 55 თვის პროცენტის დაკისრება არასწორად მიიჩნია. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე და 403-ე მუხლები და და არ უნდა ემსჯელა ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 930-940-ე მუხლებით დადგენილი წესების შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით თ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ნ. კ-მ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე წარმოადგინა თავისი მოსაზრება და მიუთითა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას თ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (875 ლარისა და 44 თეთრის) 70% _ 612 ლარი და 80 თეთრი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.