¹ას484-870-06 22 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ. ბ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ .. .. ..“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 19 დეკემბერს ვ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხედ შპს „ .. .. ..“ დაასახელა და მოითხოვა 2005 წლის 6 დეკემბრის ¹475 ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით 2000 წლის თებერვლის თვიდან მუშაობს მოპასუხე ორგანიზაციაში, ... თანამდებობაზე.
2005 წლის 5 მაისს ბ-სა და შპს „ .. .. ..“ შორის გაფორმდა შრომის ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით. მისი დევნა დაიწყო მას შემდგომ, რაც „ .. .. ..“ დირექტორად დაინიშნა მ. ჟ-ი. თავდაპირველად მას ბრძანება ¹395-ით გამოუცხადეს საყვედური შრომის შინაგანაწესის დარღვევისათვის, კერძოდ, სამუშაო საათებში სამუშაო ადგილის თვითნებურად მიტოვებისათვის, არადა მას კონკრეტული სამუშაო ადგილი არ გააჩნდა, მისი მოვალეობა იყო საცხოვრებელ სახლებში, საწარმოებში მდებარე მრიცხველებთან მისვლა, აღრიცხვიანობის შემოწმება, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კი ადმინისტრაციული აქტის შედგენა.
ამ ბრძანებას მ. ჟ-ი არ დასჯერდა და გამოსცა ბრძანება ¹475, მისი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე. აღნიშნული ბრძანება არის უკანონო და გამომდინარე აღნიშნულიდან, მოითხოვა ბრძანება ¹475-ის გაუქმება.
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2005 წლის 10 ოქტომბერს .. .. .. მოქალაქე თ. მ-ის განცხადება შემოვიდა. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ .. .. .. მუშაკებმა, მათ შორის ბ-მა, მის მრიცხველზე მოხსნეს სახ. სტანდარტის პლომბი და გახსნეს მრიცხველი. ამ ფაქტობრივ გარემოებას მოსარჩელე ბ-ი არ უარყოფს. ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების 2.5. 17 პუქტის თანახმად, ბრჯენის (პლომბის) ხელშეუხებლობაზე პასუხისმგებელია ის, ვის ბალანსზეცაა ეს მრიცხველი, ხოლო აღრიცხვის ხელსაწყოს დაზიანების შემთხვევაში საკონტროლო შემოწმებას ატარებს საქ. სტანდარტი. რადგან მრიცხველების ბრჯენების აღრიცხვიანობის მოვალეობა საქ. სტანდარტის ფუნქციაში შედის. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ დაარღვია ზემოაღნიშნული კანონი, ასევე დაარღვია შრომის შინაგანაწესი, რაც გამოიხატა იმაში, რომ სამუშაო არასაპატიო მიზეზით გააცდინა, რაც ადმინისტრაციას სრულ უფლებას აძლევდა, შეეწყვიტა მასთან შრომითი ხელშეკრულება შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის „გ“ პუნქტის, 37-ე, 136-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნათა საფუძველზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ის მოთხოვნა შპს „ .. .. ..“ 2005 წლის 6 დეკემბრის ¹475 ბრძანების გაუქმებაზე, სამუშაოზე აღდგენაზე და განაცდურის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მაისის განჩინებით ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება.
პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ შეიძლება მოსარჩელის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლად იქცეს. რადგან კანონის დარღვევის (ამ შემთხვევაში უფლებამოსილების გადამეტების) შემთხვევაში „კანონის არ ცოდნა, ან მისი არასათანადო გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი“. რაც შეეხება იმ გარემოებას, დარღვეულია თუ არა ადმინისტრაციის მიერ შრომის კანონთა კოდექსის 136-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც მუშაკის მიმართ დისციპლინური სასჯელის გამოყენებისათვის დადგენილია ერთთვიანი ვადა იანგარიშება გადაცდომის გამოვლენის დღიდან, სასამართლო ამ შემთხვევაში მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციამ მართლაც დაარღვია კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა, რომლის გასვლის შემდგომაც მას არ ჰქონდა უფლება, დისციპლინური სასჯელის გამოყენებისა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: აღნიშნულ სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილია, რომ მოპასუხემ ჩემს მიმართ მართლაც დაარღვია კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა, რომლის გასვლის შემდგომაც მას არ ჰქონდა უფლება დისციპლინარული სასჯელის გამოყენებისა ჩემს მიმართ. ასევე კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა იმ დროს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ მუშაკს ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდება იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნილი დღიდან. ასევე სასამართლომ არ გამოიყენა 2006 წლის 6 იანვრის ბრძანება მოქმედი საშტატო განრიგი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით .
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.