Facebook Twitter

საქმე №75აგ-16 26 ივლისი, 2016 წელი

პ. ე., 75აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ე. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 თვე და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი – ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 21 მარტიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით შეიცვალა: ე. პ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი რედაქციის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. 2015 წლის 16 და 18 ნოემბერს მსჯავრდებულმა ე. პ-მა და მისმა ადვოკატმა მ. მ-მ შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის განაჩენით შუამდგომლობები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრისა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის განაჩენებში შევიდა ცვლილება იმ მიმართებით, რომ ე. პ. გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 6,89 გრამი „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისათვის დანიშნული სასჯელის მოხდისაგან. განაჩენები სხვა ნაწილში, მათ შორის – საბოლოო სასჯელის ნაწილში, დარჩა უცვლელად.

5. ადვოკატი მ. მ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

· ე. პ. მსჯავრდებულია პირადი მოხმარების მიზნით 6,89 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის გამო; არც მის მიმართ ბრალდების დადგენილებასა და არც – სასამართლოს განაჩენში არ არის მითითებული, თუ რა მიზნით გადაზიდა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ე. პ-მა. ასეც რომ არ იყოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია „გამომშრალი მარიხუანის“ ზოგადად ფლობასა და რეალიზაციის მიზანზე; საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში შესული ცვლილებებით კანონმდებელმა დააწესა პასუხისმგებლობის სხვადასხვა ზომა ნარკოტიკული საშუალებების ფლობისა და რეალიზაციისათვის; აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს პოზიცია, როდესაც მან „გამომშრალი მარიხუანის“ გადაზიდვის გამო ე. პ-ის მიმართ არ გაავრცელა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და არ გაათავისუფლდა ის ამ დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელისაგან, დაუსაბუთებელია.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი მ. მ. ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 იანვრის განაჩენის გაუქმებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლსა და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გავრცელებას და ე. პ-ის გათავისუფლებას სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ე. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის პირველი მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების - „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ - ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისათვის შეძენისა და შენახვის გამო.

4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ედუარდ პილილიანს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - 6,89 გრამი „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 მარტის განაჩენით - საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - ნარკოტიკული საშუალებების - ,,ბუპრენორფინისა“ და ,,მარიხუანის“ უკანონოდ მოხმარების ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ე. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 27 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე