Facebook Twitter

ას-486-833-07 29 ოქტომბერი, 2007 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. გ-ი (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ყ-ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 17 აპრილის განჩინება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ყ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მ. გ-ს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ.

მ. გ-მა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ყ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. გ- გამოსახლდა ქ.ქუთაისში, ... ¹40/22-ში მდებარე მ. ყ-ს სახელზე რიცხული ბინიდან, მ. გ-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა მ. გ-მა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 9 ნოემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ყ-ს სარჩელი კვლავ დაკმაყოფილდა, ხოლო მ. გ-ს შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 15 ივნისის განჩინებით მ. გ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმე დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

ქუთაისის საქალქო სასამართლოს 2006 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ყ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. გ-ი გამოსახლდა ქ.ქუთაისში, ... ¹40/22-ში მდებარე მ. ყ-ს კუთვნილი ბინის ნაწილიდან, რაც შეადგენს საცხოვრებელი ბინის ორ ოთახს სათავსებითა და დამხმარე ფართით, სულ 59,61 კვ.მ-ს. მ. გ-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც მ.გ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ყ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, აპელანტ მ. გ-ს გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მ. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაზეც აპელანტმა შეიტანა საჩივარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 17 აპრილის განჩინებით მ. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის 13 თებერვლის სხდომის შესახებ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ. 2007 წლის 12 თებერვალს მ.გ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს საქმის განხილვის გადადების შესახებ თავისი ავადმყოფობის გამო, თუმცა, სასამართლოს მითითებით, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსს 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება მ.გ-ს მიერ 2007 წლის 16 აპრილს სასამართლოსათვის წარდგენილ ცნობას, პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული დოკუმენტი მ.გ-ს 2007 წლის 13 თებერვლის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ასახავს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. გ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-241-ე მუხლები და კასატორის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არასწორად არ ჩათვალა საპატიოდ, თუმცა აღნიშნული გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. სააპელაციო სასამართლომ მხარის მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობა ხანდაზმულად მიიჩნია, რის გამოც საკასაციო საჩივარს დაერთო შპს “.. ..” 2007 წლის 13 ივნისის ცნობა, რომლის მიხედვით მ. გ-ე მწოლიარე ავადმყოფია 2005 წლის 13 ნოემბრიდან ზემო ბარძაყის დამსხვრეული მოტეხილობის გამო და მისი გადაადგილება შეუძლებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

მ.გ-ს სააპელაციო საჩივრის განხილვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა 2007 წლის 13 თებერვალს, რის შესახებაც მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ.

2007 წლის 12 თებერვალს მ.გ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს საქმის განხილვის გადადების თაობაზე და მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა ავადმყოფობის გამო.

სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს აპელანტი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა. მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა კასატორს კანონით დადგენილი წესით არ დაუსაბუთებია. სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად განმარტა და გამოიყენა ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილი და 241-ე მუხლი, რომელთა თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ზემოხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვაზე აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარს არ დააკმაყოფილებს და მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, თუ მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და თავისი გამოუცხადებლობის შესახებ არასაპატიო მიზეზით არ აცნობა სასამართლოს.

განსახილველ შემთხვევაში მ.გ-მა აცნობა სასამართლოს თავისი გამოუცხადებლობის მიზეზის _ ავადმყოფობის შესახებ, თუმცა სააპელაციო სასამართლომ სავსებით დასაბუთებულად არ ჩათვალა აღნიშნული მიზეზი საპატიოდ. საქმის მასალებში წარმოდგენილი 2006 წლის 13 იანვარს შპს “.. ..” მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ მ.გ-ი, ზემო ბარძაყის დამსხვრეული მოტეხილობის გამო, მწოლიარე ავადმყოფია და გადაადგილება არ შეუძლია 2005 წლის 13 ნოემბრის შემდეგ, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დღეს _ 2007 წლის 13 თებერვალს მ.გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ასახავს და გაურკვეველია, ობიექტურად შეუძლებელი იყო თუ არა ამ დროს მ.გ-ს სასამართლოში გამოცხადება.

შესაბამისად, სასამართლოსათვის უცნობი იყო რა მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება მართებულად დატოვა უცვლელი და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2007 წლის 17 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.