ას-487-834-07 14 ნოემბერი, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს “ .. ..” დირექტორი გ. ჩ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ... საქმეების საქალაქო სამსახური (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 24 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს “.. ..” დირექტორმა გ.ჩ-მ და განმარტა, რომ მათ ცენტრში 2005 წლის 21-22 ივნისს მკურნალობას გადიოდა პაციენტი თ. ა-ე, რომელსაც ჩაუტარდა 2 არტერიის ანგიოპლასტიკა 2 სტენდის ინპლანტაციით-მკურნალობის თანხამ სულ 2 825 ლარი და 50 თეთრი შეადგინა. აქედან პაციენტმა გადაიხადა 825 ლარი და 50 თეთრი. ხოლო დარჩენილ 2000 ლარზე წარმოადგინა ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ... დაცვის სამსახურის 2005 წლის 21 ივნისის საგარანტიო წერილი, რომლის თანახმადაც ქ.ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ... სამსახური იღებდა ვალდებულებას დაეფინანსებინა აღნიშნული პაციენტის მკურნალობა 2000 ლარის ფარგლებში. აღნიშნული სამსახურიდან მათ ანგარიშზე ჩარიცხული იქნა მხოლოდ 500 ლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანება 1500 ლარი - დღემდე არ არის დაფარული.
მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მხრიდან აღებული ვალდებულება პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის თაობაზე კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული, ქ.ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ... სამსახური ყოველნაირად თავს არიდებს მის მიერვე გაცემული საგარანტიო წერილით გათვალისწინებული თანხის გადახდას.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოპასუხის, ქ.ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის, ... სამსახურისთვის 1500 ლარის, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 37 ლარისა და 50 თეთრის ანუ ერთიანად 1537 ლარისა და 50 თეთრის დაკისრება მოითხოვა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის, ... სამსახურს მართლა მიმართა განცხადებით თ.ა-მ და მოითხოვა გულზე შუნტირების ოპერაციის გასაკეთებლად ადგილობრივი ჯანდაცვითი პროგრამით გათვალისწინებული დახმარება. განცხადებას თან ერთვოდა გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მიერ გაცემული ავადმყოფობის ისტორიის ამონაწერი ¹27, სადაც მითითებულია, რომ პაციენტი საჭიროებს კონორალური შუნტირების ოპერაციას. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაიცა საგარანტიო წერილი, რომ თ.ა-ს აუნაზღაურდებოდა მკურნალობის ღირებულება 2000 ლარის ფარგლებში. ასეთი დაშვებული იყო მოქმედი პროგრამით კონორალური შუნტირების ოპერაციის შემთხვევაში და არა კონორალური არტერიის ანგიოპლასტიკის და კორონოგრაფიის მანიპულაციების შემთხვევაში, რადგან ასეთ დროს პროგრამის მიხედვით გათვალისწინებული თანხა 500 ლარს შეადგენს. ამდენად, რადგან პაციენტს ჩაუტარდა არა ის ოპერაცია, რაც მითითებული იყო განცხადებაში, არამედ ნაკლები სირთულის და შესაბამისად ნაკლები ღირებულების მანიპულაცია, სამსახურის მიერ ანგარიშსწორება 500 ლარის ოდენობით მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა უკანონოდ მიიჩნია და მის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება მოპასუხის, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის, ... სამსახურის მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს “.. ..” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი არასათანადო მოპასუხის მიმართ არის აღძრული.
სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ანუ ქ.ქუთაისის ... ერთ-ერთი სამსახურია, რომელიც ნაწილობრივ, ... საქმეების დარგში ახორციელებს თვითმმართელობის ორგანოს ფუნქციებს.
სამსახურის უფროსის, ა. მ-ის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადასტურებული იქნა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სამსახური, რომელსაც ის წარმოადგენს არ არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, ის არის მერიის სტრუქტურული ერთეული და მას მერიისგან დამოუკიდებელი ანგარიში არ გააჩნია.
დადგენილია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული სამსახური თავის საქმიანობას მერიის მიერ დამტკიცებული აქტის საფუძველზე ახორციელებს.
პალატამ ასევე მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებული ქ.ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ... სამსახური, სწორედ მერიის სტრუქტურული ერთეულია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ .. ..” დირექტორმა გ. ჩ-მ.
კასატორის აზრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის 2-ე პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნა, კერძოდ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტი. ამ პუნქტის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა ... სამსახური ეცნო არასათანადო მოპასუხედ.
ასევე კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ... სამსახური არ არის იურიდიული პირი და არასათანადო მოპასუხის არყოფნის გამო დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან სააპელაციო საჩივარი შეტანილია ქ. ქუთაისის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და ვე.ანთა საქმეების სამსახურის უფროსის ა. მ-ის მიერ, რომელსაც არ წარუდგენია შესაბამისი მინდობილობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას უარი უნდა ეთქვა სააპელაციო საჩივრის მიღებაზე.
კასატორის განმარტებით, ა. მუკბანიანს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია ადვოკატთა ტესტირებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რის გარეშეც მას არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო აღნიშნულ პროცესზე.
... საქალაქო სამსახურს არ გააჩნია იურისტის შტატი, შესაბამისად გ. ჩ-ს არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო სასამართლო პროცესზე, როგორც წარმომადგენელს, რადგან არ იყო აღნიშნული სამსახურის თანამშრომელი. გამომდინარე აქედან, იმ შემთხვევაშიც, თუ მან სასამართლოს წარუდგინა ქ. ქუთაისის ... სამსახურის უფროსის მიერ გაცემული მინდობილობა, ეს მაინც არ აძლევდა მას სასამართლო პროცესზე წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელების უფლებას, რადგან შედგენილია საამისოდ არაუფლებამოსილი პირის მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, განიხილა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა მოსარჩელის შპს “ .. ..” დირექტორის გ. ჩ-ის მიერ მოპასუხედ დასახელებულია ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ... სამსახური. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ, ვინაიდან დასახელებული მოპასუხე არ არის იურიდიულ პირი, ის წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს და მას სასამართლოში დამოუკიდებლად თავისი სახელით გამოსვლის უფლება არ აქვს. აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატას უფლება არ Fჰქონდა ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ... სამსახური ეცნო არასათადო მოპასუხედ, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმარველი ერთეულები სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა.შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები”
საკასაციო პალტას თვლის, რომ ქ. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ... სამსახური მოცემულ დავაში წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს და შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრი უნდა განიხილოს ზემოთმითითებული მოპასუხის მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ამდენად გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ .. ..” დირექტორის გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.