Facebook Twitter

საქმე №63აგ-16 28 ივლისი, 2016 წელი

უ. ნ., 63აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. უ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენით ნ. უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, 108-ე მუხლით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 13 თებერვლიდან.

2. 2016 წლის 28 იანვარს მსჯავრდებულმა ნ. უ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენი ნ. უ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

4. კასატორი – მსჯავრდებული ნ. უ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენის გაუქმებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენის გადასინჯვას და გათავისუფლებას იმის გათვალისწინებით, რომ მას არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და მხოლოდ თავს იცავდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ თ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2016 წლის 1 იანვრამდე არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის დროს სასჯელის განსაზღვრისას, საქართველოს მოქმედი სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა მცირდებოდა ერთი მეოთხედით.

3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულ ნ. უ-ს დანაშაულის ჩადენის დროს იყო 17 წლის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ–ის 88–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით.

4. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, 16–დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისათვის სასჯელის დანიშვნა ხდება იმავე პრინციპით; ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გადასასინჯი განაჩენით დანიშნული სასჯელის ზომა არ იცვლება.

5. რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ მას არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და მხოლოდ თავს იცავდა, პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულის დასადასტურებლად მსჯავრდებული არ უთითებს რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც შეიძლება განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გახდეს.

6. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ნ. უ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მსჯავრდებულ ნ. უ-ს საქართველოს სსკ–ის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 50 საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 108-ე მუხლით განსაზღვრულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას სსკ–ის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 50 საათი და საბოლოოდ ნ. უ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე