ას-488-799-09 17 დეკემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო,სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. თ-ძე (მოპასუხე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და
ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქედის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ლ. თ-ძის მიმართ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. მოსარჩელემ მოითხოვა ჯარიმის - 14.000 ლარის, ზიანის - 1180,08 ლარისა და პირგასამტეხლოს – 14 000 ლარის გადახდამდე 2005 წლის 5 ოქტომბრიდან ყოველდღიურად ამ თანხის 0,2%-ის გადახდა იმ საფუძვლით, რომ 2005 წლის პირველ ივლისს ლ. თ-ძემ გააფორმა კონტრაქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ოთხი წლით, რომლითაც განისაზღვრა კონტრაქტის მოქმედების ვადა და მისი ვადამდე შეწყვეტის პირობები. კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად: თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი აღსრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებს სამხედრო ძალებს, ან შექმნის პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდეს შეწყვიტოს 4 (ოთხ) - წლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდება ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 (ათი) დღის ვადაში, ჯარიმის სახით აუნაზღაუროს სამინისტროს მისთვის გათვალისწინებული კონტრაქტით დარჩენილი ვადის თანხა – ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ მომდევნო 3 (სამი) წლის ხელფასის სახით საშუალოდ 14.000 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშდება ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად.
კონტრაქტის 7.4 პუნქტის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურის“ მიერ 7.3 და 7.4 მუხლებით აღნიშნული თანხების ამავე მუხლებით დადგენილ ვადებში დაფარვის ვალდებულების ვადის გადაცილების შემთხვევაში დაირიცხება პირგასამტეხლო 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამასთან, თავდაცვის სამინისტრომ ლ. თ-ძის მომზადებაზე დახარჯა 1180,08 ლარი, რომლის ხელახლა გაღება მოუწია ახალი სამხედრო მოსამსახურის გაწვრთნის გამო.
ქედის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. თ-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმისა და ზიანის - 15180.08 ლარისა და პირგასამტეხლოს - 14000 ლარის გადახდამდე, 2005 წლის 5 ოქტომბრიდან, ყოველდღიურად ამ თანხის 0,2%-ის გადახდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. თ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ლ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქედის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. თ-ძისათვის 1180,08 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, ლ. თ-ძისათვის ზიანის - 1180,08 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, დადგენილად ცნო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. თ-ძეს შორის 2005 წლის 1 ივლისს დაიდო ხელშეკრულება საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 28 ოქტომბრის ¹2845 ბრძანების საფუძველზე, ლ. თ-ძე, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, გათავისუფლდა შეიარაღებული ძალების რიგებიდან.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, ასევე რომ 1180 ლარი და 8 თეთრი წარმოადგენდა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განმავლობაში მისთვის გადახდილ ხელფასს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ლ. თ-ძისთვის გაცემული ხელფასი ხელშეკრულების მონაწილე სამხედრო მოსამსახურის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღურებაა და არა სახელმწიფოს მიერ გაწეული ისეთი ხარჯი, რაც დაკავშირებულია სახელმწიფოს ქონებრივ დანაკარგებთან და რაც შეიძლება ანაზღაურებულ იქნას, სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლისას.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. მან მიუთითა, რომ მოვალისათვის წინასწარ იყო ცნობილი სავარაუდო ზიანი, რადგან ლ. თ-ძე გაეცნო კონტრაქტის პირობებს, სადაც პირდაპირ არის მითითებული სავარაუდო ზიანის მოთხოვნის შესაძლებლობაზე კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში. მოწინააღმდეგე მხარემ დაარღვია აღნიშნული კონტრაქტი, რის გამოც ზიანი მიადგა თავდაცვის სამინისტროს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავა არ განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის დავის საგანია ლ. თ-ძის, როგორც, სამხედრო მოსამსახურის, მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თავდაცვის სამინისტროსა და ლ. თ-ძეს შორის სადავო ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი, რომლის მე-7 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თავისი სურვილით და სამინისტროსთან შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს, ან შექმნიდა პირობებს იმისათვის, რომ სამინისტრო იძულებული გახდებოდა შეეწყვიტა 4 - წლიანი კონტრაქტი, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროსთვის, მისთვის გათვალისწინებული კონქტრაქტით დარჩენილი ვადის თანხა.
საქმეზე დადგენილია, რომ 2005 წლის 28 ოქტომბრის ¹2845 ბრძანებით, მოპასუხე დათხოვილ იქნა და ამოირიცხა თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტის თანახმად. სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ გაცემული ¹124 ცნობის თანახმად, 1180 ლარი და 8 თეთრი წარმოადგენდა ლ. თ-ძის შრომის ანაზღაურება 2005 წლის 1 ივლისიდან 2005 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა გამომდინარეობს სწორედ კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობიდან, კერძოდ, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის დადებული 4-წლიანი კონტრაქტი შეწყდა მოპასუხის მიერ სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. ამდენად, მოსარჩელე სადავოდ ხდის ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობების შესრულებას, რაც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტისა და 251 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული დავის საგანია.
ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ემყარება სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, არ ნიშნავს, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ამის გამო კერძოსამართლებრივ შინაარსს იძენს. დავის არსის გათვალისწინებით სადავო ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლების სწორად განსაზღვრა სასამართლოს ვალდებულებაა და ამ შემთხვევაში სასამართლო მხარის მიერ დასახელებული სამართლის ნორმებით არ არის შებოჭილი. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავი (“ადმინისტრაციული ხელშეკრულება”) სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენებას ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ სრულიად დასაშვებად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლიანობის განსასაზღვრად ძირითადი და გადამწყვეტია, პირველ რიგში, შეფასდეს სწორედ მხარეთა შორის დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირობები, ასევე ადმინისტრაციული კანონმდებლობის _ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების მოთხოვნები. მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმების გამოყენების შემდეგ არის შესაძლებელი, გაირკვეს მოთხოვნის სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან შესაბამისობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქმე განხილულია საგნობრივი განსჯადობის წესების დარღვევით და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;
საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.