საქმე №20აგ-16 14 ივლისი, 2016 წელი
ხ-ი თ., 20აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ხ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ბრალდებულ თ. ხ-ს შორის: თ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თ. ხ-ის მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული პირობითი მსჯავრი და სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წელი სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. ხ-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე თ. ხ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 აგვისტოს განაჩენით სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილითა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 ნოემბრის განაჩენით სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და თ. ხ-ს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ თ. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 3 თვე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 ივლისის განაჩენით თ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიის საფუძევლზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 7 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე პირობითი მსჯავრი 2 წელი და 3 თვე და საბოლოოდ თ. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით, 1 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე პირობითი მსჯავრი 2 წელი და 3 თვე, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 22 ივლისიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 2 სექტემბრის განაჩენით თ. ხ-ის ქმედება საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 260–ე მუხლის პირველ ნაწილზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია).
5. 2015 წლის 19 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა თ. ხ-მა, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ თ. ხ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: მსჯავრდებული თ. ხ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან, რომლის პროპორციული წილი საბოლოო სასჯელში შეადგენდა თავისუფლების აღკვეთას 9 თვითა და 13 დღით, ხოლო პირობით მსჯავრში - 1 წელსა და 3 თვეს; პალატამ მხედველობაში მიიღო, რომ თ. ხ-ს მოხდილი ჰქონდა 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და ასევე, სსკ–ის 177–ე მუხლით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი - 10 თვე და 12 დღე (დარჩენილი ჰქონდა მხოლოდ სსკ–ის 177–ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრის პროპორციული წილი - 1 წელი, იმავე გამოსაცდელი ვადით) და გაათავისუფლა იგი პენიტენციური დაწესებულებიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 ივლისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 სექტემბრის განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. მსჯავრდებული თ. ხ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და მისთვის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენას საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ თ. ხ-ის გათავისუფლება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან კანონიერია.
3. კანონიერია ასევე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მსჯავრდებულ თ. ხ-ისთვის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით უკანონო შეძენა-შენახვისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. ხსენებული გადაწყვეტილება საერთოდ არ ეხება ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევის კონსტიტუციურობის საკითხს, რის გამოც საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ სრულად არ გაავრცელა მის მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
4. რაც შეეხება თავად საკასაციო პალატის უფლებამოსილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მითითებული საკითხის გადაწყვეტა - ჩამორთმეული უფლებების აღდგენა - მოცემულ შემთხვევაში სცილდება საკასაციო პალატის კომპეტენციას.
5. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე