საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-987(კ-23) 6 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. მ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ. მ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 14 თებერვლის №5 საოქმო გადაწყვეტილება ლ. მ-ის განცხადებაზე უარის თქმის შესახებ; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 5 აპრილის №566 განკარგულება მიწის ნაკვეთზე ლ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; გ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საკითხის სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა და აღიარებული იქნება საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ... №12, საერთო ფართობი 338.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
სარჩელის თანახმად, ლ. მ-ემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას 2016 წლის 7 აპრილს მიმართა განცხადებით და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქ. №10-ის მიმდებარედ მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ 338 კვ.მ ფართობზე საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებაზე წარდგენილ იქნა კანონით დადგენილი ყველა აუცილებელი დოკუმენტი და ინფორმაცია. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის მიერ არაერთხელ იქნა მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, კერძოდ, სხვადასხვა დროს მოთხოვნილ იქნა ტექ. ბიუროს არქივიდან ინფორმაცია, თუ რამდენი უძრავი ნივთია აღრიცხული ... ქ. №12 და №12ა-ში, აღრიცხულია თუ არა მათი ცნობა-დახასიათება საინვენტარიზაციო გეგმასთან ერთად. კომისიის მიერ გაჭიანურებული იქნა განცხადების განხილვა და დასრულდა 2019 წლის ოქტომბერში, რის შედეგადაც მოსარჩელეს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. სადავო საოქმო გადაწყვეტილებით კომისია უარის მიზეზად უთითებს იმ არგუმენტს, რომ ქ. თბილისში, ... ქ. №12-ში მდებარე 212 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღრიცხულია ნ. ვ-ის სახელზე, თუმცა აღნიშნული ნაკვეთი ტერიტორიულად დაშორებულია მოთხოვნილი მიწის ნაკვეთიდან და სხვა მისამართს წარმოადგენს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2016 წლის 7 აპრილს ლ. მ-ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თბილისი, ... №12, საერთო ფართობი 338.00 კვ.მ; ბ) თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2009 წლის 13 ნოემბერს მომზადებული ჯამური ცნობა-დახასიათებით დგინდება, ქ. თბილისი, ... №12, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის საერთო ფართი 212 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს ნ. ვ-ი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 20 მარტის ინფორმაციით უძრავ ნივთებზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ დგინდება, რომ ქ. თბილისი, ... №12, საერთო ფართობი 338.00 კვ.მ, საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. ამასთან, ელექტრონული საკადასტრო რუკის მიხედვით, უძრავი ნივთი მოქცეული არ არის ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში; გ) საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 6 აპრილის სანოტარო წესით დამოწმებული მ. კ-ის, ო. ჩ-ისა და დ. მ-ის განცხადება, რომლის თანახმად, ლ. მ-ე არის მათი მომიჯნავე მეზობელი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს და სარგებლობს 1994 წლიდან დღემდე ქ. თბილისი, ... №12-ში მდებარე 338 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. ამასთან, ლ. მ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მიჯნებთან დაკავშირებული რაიმე დავა არ გააჩნიათ; დ) საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 ნოემბრის №07/10495-13 წერილით ირკვევა, რომ სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განიხილა ქ. თბილისი, ... №12, 338 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და გამოარკვია, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ ზონაში (სზ) და სატრანსპორტო (ტზ-1) ზონაში; ე) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 16 იანვრის №567 ოქმით დგინდება, რომ განმცხადებლის მიერ (მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თბილისი, ... №12) წარსადგენია ცნობა ტექ. ბიუროდან იმის შესახებ თუ რამდენი უძრავი ნივთია აღრიცხული ... ქ. №12-ზე და №12ა-ზე და აღრიცხულია თუ არა მათი ცნობა-დახასიათება საინვენტარიზაციო გეგმასთან ერთად. ლ. მ-ის მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში წარდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტები. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ვინაიდან ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა მისამართით ქ. თბილისი, ... ქ. №12 წარდგენილი არ არის, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, მოამზადოს და გასცეს მოთხოვნილი დოკუმენტი, ხოლო ამავე სამსახურის 2018 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილებით, ქ. თბილისი, ... ქ. №12ა (ბ)-ს სააღრიცხვო მასალებში ლ. მ-ის სახელზე საკუთრების უფლება აღრიცხული არ არის; ვ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 აგვისტოს ინფორმაციის თანახმად, ქ. თბილისი, ... 12ა (ბ) მდებარე ნაკვეთი წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ფაქტიური ფართობი - 280.0000 კვ.მ; საკუთრების აღწერა - ლიტერი ა (საცხოვრებელი) სართულების რაოდენობა - 2, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვ.მ) 104.85 კვ.მ; საკუთრების აღწერა ბ (საცხოვრებელი) სართულების რაოდენობა 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვ.მ.) – 34.05 კვ.მ; საკუთრების აღწერა - ლიტერი დ-ვ (სათავსოები); უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვ.მ) 30.00 კვ.მ; მესაკუთრეები პ. პ-ი; ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 14 თებერვლის №5 სხდომის ოქმით დგინდება, რომ ლ. მ-ის განცხადება განხილულ იქნა 83-ე საკითხად. აღნიშნულზე გამოითქვა აზრი, რომ განმცხადებელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან, საკითხის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ/მოსარგებლედ აღრიცხულია ნ. ვ-ი. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მიეკუთვნება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთის კატეგორიას და მასზე, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საჯარო რეესტრი; თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2019 წლის 5 აპრილს გამოცემულ იქნა განკარგულება №566, რომლითაც ლ. მ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ... №12, საერთო ფართობი - 338,00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, კომისიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ მიწის ნაკვეთზე ლ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა თუ არა ისეთ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, რაც განსაზღვრულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით. თავის მხრივ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გასაჩივრებულ განკარგულებაში მიუთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, ასევე კომისიის მიერ საკითხის გამოკვლევის შედეგად, დაადგინა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ/მოსარგებლედ აღრიცხულია ნ. ვ-ი, შესაბამისად, მიწის ნაკვეთი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიეკუთვნება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთის კატეგორიას და მასზე, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ, იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამეთუ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ ადასტურებდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ იგი ფლობდა ასაღიარებელ მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობას „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნება მიჩნეული იმის საკმარის მტკიცებულებად, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენა კანონის დანაწესის შეუსაბამოდ/საწინააღმდეგოდ და მოსარჩელე წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის თვითნებურ დამკავებელს.
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას, ასევე, ამყარებს საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებზე, თუმცა, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებისგან განსხვავებით, რომლებიც თავისი შინაარსით, ფორმით ან თვისებებით მიიჩნევიან საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მიღების ობიექტურ წყაროდ, მოწმის ჩვენება უფრო კრიტიკულად უნდა იქნას შეფასებული. შესაბამისად, არ არსებობდა ლ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. მ-ის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 14 თებერვლის №5 საოქმო გადაწყვეტილება ლ. მ-ის განცხადებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 5 აპრილის №566 განკარგულება, მიწის ნაკვეთზე ლ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხე კომისიას დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში.
სასამართლომ განმარტა, რომ დაინტერესებულ პირს საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი უჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მიწის ნაკვეთი დაკავებული ჰქონდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე. ამასთან, მოთხოვნა კანონით განსაზღვრულ სხვა პირობებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. კანონის ნორმის დათქმით მთავარი აქცენტი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფლობისკენ არის მიმართული და სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე ჩნდება უფლება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა. ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ მის მიერ მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტს და ამავდროულად, გამორიცხავენ აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებულ აქტებში აღნიშნულია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემებით მესაკუთრედ აღრიცხულია ნ. ვ-ი, რის გამოც საკითხი განეკუთვნება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთის კატეგორიას და საკითხზე მსჯელობისათვის უფლებამოსილი ორგანოა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რის გამოც ლ. მ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების თაობაზე.
პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ: ა) 2016 წლის 7 აპრილს ლ. მ-ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თბილისი, ... №12, საერთო ფართობი 338.00 კვ.მ; ბ) 2018 წლის 15 იანვრის წერილით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ განმცხადებელს მოსთხოვა ცნობა ტექ. ბიუროს არქივიდან იმის თაობაზე თუ რამდენი უძრავი ქონებაა ... ქ. №12-ზე რეგისტრირებული და თუ აღრიცხულია მათი ცნობა-დახასიათება საინვენტარიზაციო გეგმასთან ერთად. საქმის მასალებით დგინდება ასევე, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით ... ქუჩა №10ა-ში და მიმდებარედ, ასევე №12-სა და №12-ა (ბ) მისამართზე ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა წარდგენილი არ არის; გ) 2009 წლის 14 მაისის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, თბილისში, ჩუღურეთის რ-ნი, ... №12-ში მდებარე, მიწის ნაკვეთზე ფართით 212 კვ.მ აღრიცხულია მესაკუთრე ნ. ვ-ი.
პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით უტყუარად არ დგინდება ლ. მ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთისა და ნ. ვ-ის საკუთრებად აღრიცხული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, განსხვავებაა როგორც მიწის ნაკვეთის ზომასა და კვადრატულობაში, ასევე, განსხვავებულია მიწის ნაკვეთების კონფიგურაცია. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ იმაზე მითითება, რომ იკვეთება სხვა პირის საკუთრების უფლება, ვერ იქნება მიჩნეული იმის დასტურად, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, პრობლემურია როგორც მიწის ნაკვეთის ნომერი - სათანადოდ არ დგინდება თუ რა მისამართზე ითხოვს ლ. მ-ე საკუთრების აღიარებას - ... ქ. №10 (და მის მიმდებარედ) მდებარე მიწის ნაკვეთზე თუ ამავე მისამართზე №12 (და მის მიმდებარედ). პალატამ საგულისხმოდ მიიჩნია საქმეზე წარმოდგენილი 2016 წლის 6 აპრილის სანოტარო წესით დამოწმებული მ. კ-ის, ო. ჩ-ისა და დ. მ-ის განცხადებები, რომლის თანახმად, ლ. მ-ე არის მათი მომიჯნავე მეზობელი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს და სარგებლობს 1994 წლიდან დღემდე ქ. თბილისი, ... №12-ში მდებარე 338.0 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. ამასთან, ლ. მ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მიჯნებთან დაკავშირებული რაიმე დავა არ გააჩნიათ.
სასამართლოს მოსაზრებით, დავის სწორად გადაწყვეტისთვის აღიარების კომისიის მხრიდან აუცილებელი იყო იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების ანალიზი, იდენტურია თუ არა ლ. მ-ის დაინტერესებაში არსებული და ნ. ვ-ის საკუთრებად რიცხული მიწის ნაკვეთები, რადგან აღნიშნულ გარემოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისათვის. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ არის შესწავლილი და შეფასებული უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რეალური მდგომარეობა. თბილისის სააპელაცო სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 19 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით, ლ. მ-ის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია კვლავ გადააგზავნა აღიარების კომისიაში. 2021 წლის 26 ოქტომბრის მიმართვაში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიუთითა, რომ მის მიერვე მოძიებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიხედვით, არ დადასტურდა უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. სასამართლოს მოსაზრებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ისე გამოიცა სადავო აქტები, რომ შესწავლილი არ ყოფილა არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული რეგისტრირებული მონაცემები, ასევე, მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენის მიზნით შეეფასებინა მისი პარამეტრები და რელევანტური მახასიათებლები. საქმეზე არსებული არასრული მტკიცებულებითი სურათი ქმნის საფრთხეს, რომ ფაქტობრივი წანამძღვრების გაურკვევლობამ შესაძლოა არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობოს, რაც აუცილებელს ხდის მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევას ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა განსახილველი საქმის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გადაწყვეტის წინაპირობები.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2016 წლის 7 აპრილს ლ. მ-ემ მიმართა განცხადებით კომისიას, რომლითაც მოითხოვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისის, ... №12, საერთო ფართობი - 338.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარება. განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე, ასევე, კომისიის მიერ საკითხის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ/მოსარგებლედ აღრიცხულია ნ. ვ-ი. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მიეკუთვნება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულს და მასზე, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ არსებობდა ლ. მ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
კასატორის მითითებით, 1939 წლიდან საქართველოში ფუნქციონირებდა ტექნიკური აღრიცხვის (ინვენტარიზაციის) ბიურო, რომელშიც აღირიცხებოდა საცხოვრებელი სახლები, ასევე, სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები თითოეული ოთახისა და მისი ფართობის მითითებით. ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს ჰქონდა უძრავი ქონების რეეტრის ფუნქცია, რომელიც არ მოიცავდა მიწის ნაკვეთების (შენობა-ნაგებობის გარეშე) აღრიცხვას, არამედ ახორციელებდა მხოლოდ მიწაზე განთავსებული საცხოვრებელი სახლებისა და შენობა-ნაგებობის ერთეულების, მათ შორის, ე.წ. იტალიური ეზოების მონაცემების ინვენტარიზაციას. 1997 წელს მიღებული სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სახელმწიფომ უძრავი ქონების მონაცემების ერთიან ბაზაში - საჯარო რეესტრში თავმოყრა გაითვალისწინა, რისთვისაც შეიქმნა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი. მიუხედავად ამისა, ტექ. ბიუროები მაინც განაგრძობდნენ არსებობას და ბინებსა და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს აღრიცხავდნენ, ანუ ერთი და იგივე ფუნქციას სხვადასხვა უწყებები ახორციელებდნენ. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის №416 ბრძანებულებით, მოხდა ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაცია, ასევე, გაუქმდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და შეიქმნა უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციისთვის ახალი უწყება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ამ სამსახურებში არსებული სააღრიცხვო მონაცემები კი, არქივის სახით გადაეცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სააგენტო უძრავ ქონებაზე უფლებების რეგისტრაციის ერთ-ერთ საფუძვლად სწორედ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცულ მონაცემებს იყენებს, რომელიც, თავის მხრივ, რეგლამენტირებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანების 43-ე მუხლში, სადაც მითითებულია, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე ან მის გარეშე აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია სააგენტოს მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათება. აღიარების კომისიამ სწორედ აღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით მიიღო გადაწყვეტილება 2019 წლის 5 აპრილის №566 განკარგულების სახით, სადაც განმარტებული იყო, რომ საკითხის განხილვა წარმოადგენდა სხვა უწყების კომპეტენციას, მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო მიწას.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, აღიარა ნ. ვ-ის საკუთრება მიწის ნაკვეთზე, ვინაიდან მოიძია და შეადარა, მეორე მხრივ, იდენტიფიცირება მოახდინა და დაადგინა შესაბამისობა ლ. მ-ის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთთან, თუმცა სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იდენტიფიცირებისა, განსხვავებულია მიწის ნაკვეთები ზომაში, კვადრატულობაში, კონფიგურაციაში. იმ პირობებში, როდესაც კანონმდებელი განმარტავს, რომ აღიარების კომისია იხილავს მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს, დაინტერესებული პირები კანონის მიხედვით, შეზღუდულები არ არიან აზომონ 1.25 ჰა-მდე (12,500 კვ.მ) მიწის ნაკვეთები მათთვის სასურველი ზომით და კონფიგურაციით. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ნ. ვ-ის საკუთრება აღრიცხულია კონკრეტული კონფიგურაციით და კვადრატულობით ტექ. ბიუროს არქივში, რომელიც მართლზომიერი მფლობელობით განსახილველ საკითხს წარმოადგენს. დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკვეთები განსხვავდება ზომაში, კვადრატულობაში და კონფიგურაციაში. თუ სასამართლო უტყუარად დაადგენდა ზემოთ მითითებულ პარამეტრებში სრულად შესაბამისობას, ეს ვერ შეცვლიდა იმ მოცემულობას, რომ ლ. მ-ე საკუთრების რეგისტრაციას ითხოვდა როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე, დაინტერესებულმა პირმა როგორი პარამეტრებითაც არ უნდა მიუთითოს ამზომველს ნახაზის შედგენა, რომ მიწის ნაკვეთი აიზომოს, ეს ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ აღიარების მიზნებისთვის რეგისტრაციის მოთხოვნის მთავარი საფუძველია მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, რომელიც ვერ შეიცვლის ადგილმდებარეობას, მიუხედავად იმისა თუ როგორი კონფიგურაციით, ზომით ან კვადრატულობით აზომავს მოქალაქე დანარჩენ მიწის ნაკვეთს.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა მოწმეთა ჩვენება, მოწმეები კი, ადასტურებენ ლ. მ-ის მიერ ... №12-ში არსებული ნაგებობის დაკავების ფაქტს (რომელიც ტექ. ბიუროს მონაცემების თანახმად, სხვა პირის საკუთრებაა). შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ დგინდება, სად ითხოვს მოსარჩელე მიწის ნაკვეთის აღიარებას. სასამართლოს შეეძლო გამოეკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, დაინტერესებული პირის მიერ შეტანილ აზომვით ნახაზზე არსებული/დაფიქსირებული მისამართი ... №12-ის მითითებით და ლ. მ-ის მიერ კომისიაში შეტანილი 2014 წლის 7 აპრილის განცხადება, სადაც მისამართად მითითებულია ... №12. საქართველოს მასშტაბით დამისამართებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახური, რომლის ფუნქციაცაა: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მისამართების და მუნიციპალიტეტების შესახებ სრულყოფილი და უტყუარი მონაცემების შემცველი ერთიანი რეესტრების წარმოება, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაცია და მისამართების მოქმედი სამართლებრივი ნორმების შესაბამისად მოწესრიგება. სამსახური ნომრებს ანიჭებს და ამასთან, ელექტრონულად ასახავს ელექტრონულ რუკაზე. საქმეში ახალ მტკიცებულებას არ წარმოადგენს და ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯაროა საჯარო რეესტრის ელექტრონული რუკა (maps.gov.ge), სადაც ლ. მ-ის მიერ მოთხოვნილ ნაგებობაზე სამისამართო მონაცემების გააქტიურების შემდეგ მითითებულია ... №12.
კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება კომისიის მიერ იდენტურობის დადგენის შესაძლებლობაზე/საჭიროებაზე, როდესაც კომისია სწავლობს მხოლოდ სახელმწიფოს ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხს და კანონით გათვალისწინებული აღიარებისთვის დამაბრკოლებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს ეუბნება უარს აღიარებაზე, შინაარსობრივად აღიარების სხვა პირობების განხილვა-კვლევაში აღარ შედის, ვინაიდან მართლზომიერი მფლობელობის შესწავლა სცდება კომისიის კომპეტენციის ფარგლებს და ვერ ჩაითვლება შეცდომად დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში.
კომისიის სადავო აქტში მითითებულია საჯარო რეესტრის ტექ. ბიუროში დაცულ მონაცემებზე, რომელიც დღეის მდგომარეობით ახალ სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში არ არის რეგისტრირებული, რაც არ გამორიცხავს მომავალში რეგისტრაციის შესაძლებლობას მართლზომიერების საფუძვლით. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის სამსახურებრივი ბარათის 1-ლი აბზაცის ბოლო წინადადებაში მითითებულია, რომ „თანდართულ სიტუაციურ ნახაზზე მომზადების თარიღის გრაფაში მითითებული პერიოდისთვის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის“. საჯარო რეესტრის 2021 წლის 21 ოქტომბრის №... სამსახურებრივი ბარათის მე-7 აბზაცში მითითებულია, რომ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული საკადასტრო რუკის მონაცემები არ იძლევა განცხადებაზე თანდართულ ნახაზზე წარმოდგენილ ტერიტორიაზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების მქონე უფლებარეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე ინფორმაციის სრულყოფილად მოძიების საშუალებას“, რომელზეც საჯარო რეესტრი დამატებით აზუსტებს მე-8 აბზაცში განვითარებულ მსჯელობაში, რომ „დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო მონაცემები არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში შედგენილი საკადასტრო/აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე და არ ასახავს მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის, ადგილმდებარეობის, მასზე განთავსებული ნაგებობების, მათ შორის, ხაზოვანი ნაგებობების, აგრეთვე სერვიტუტით ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახულ ზუსტ ინფორმაციას“. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხდება პრაქტიკაში ერთიდაიგივე საკითხის რამდენიმეჯერ კომისიაში გადაგზავნა, როდესაც მოქალაქე ითხოვს აღიარების წესით რეგისტრაციას. საყურადღებოა, რომ ტექ. ბიუროში დაცული მონაცემები არის აღრიცხული რეესტრის შესაბამის არქივებში, რა დროსაც არ არსებობდა სახელმწიფო კოორდინატთა სისტემა, დისკები, სადაც ჩაწერილი იქნებოდა საკადასტრო მონაცემები და გაიცემოდა ცნობა-დახასიათება. შესაბამისად, პალატის მიერ არასწორად იქნა შეფასებული რეესტრის 2021 წლის 26 ოქტომბრის სამსახურებრივი ბარათი და სასამართლოს განმარტებები არ გამომდინარეობს მისი რეალური შინაარსიდან.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს მტკიცებულება და გარემოება, რომელიც შეიძლება დამატებით გამოიკვეთოს ან/და წარმოიქმნას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, აღნიშნული სასამართლოს მხრიდანაც ვერ იქნა მითითებული და ამ მოცემულობაში სასამართლომ თავი აარიდა საკითხის სამართლებრივ შეფასებას, გადაწყვეტილება მიიღო, როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური ნორმების დარღვევით. საქმეში დაცული მტკიცებულებები იძლეოდა სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას. კონკრეტული სამართლებრივი ნორმების დარღვევის გარდა, სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით შექმნა მართლმსაჯულების ხელოვნურად გაჭიანურების საფუძველი და რაც მთავარია, ვერ უზრუნველყო ვერც მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესის დაცვა, ვინაიდან ეს უკანასკნელი გამოიხატება არა აპრიორი სასარჩელო მოთხოვნის ფორმალურად დაკმაყოფილებაში, არამედ დასაბუთებული და სწორად განხორციელებული მართლმსაჯულების საფუძველზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომელიც შესაძლებელია არ წარმოადგენდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ მოსარჩელეს უქმნიდეს ნათელ წარმოდგენას მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის/უსაფუძვლობის თაობაზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 მარტის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 16 ივნისის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა განისაზღვრა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება ლ. მ-ის სარჩელი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები). ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2016 წლის 7 აპრილს ლ. მ-ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარება მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თბილისი, ... №12, საერთო ფართობი 338.00 კვ.მ (ტ.1, ს.ფ 105, 106-108); ბ) თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ 2009 წლის 13 ნოემბერს მომზადებული ჯამური ცნობა-დახასიათებით დგინდება, მისამართზე ქ. თბილისი, ... №12-ში მდებარე 212 კვ.მ (საერთო ფართი) არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს ნ. ვ-ი (ტ.1, ს.ფ 49); გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 მარტის №... წერილის თანახმად, მიწის ნაკვეთზე მდებარე ქ. თბილისი, ... №12, საერთო ფართობი 338.00 კვ.მ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული საარქივო მასალების მიხედვით, ინფორმაცია არ მოიპოვება (ტ.1, ს.ფ 118); დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 მარტის №... წერილის თანახმად, ელექტრონული საკადასტრო რუკის მიხედვით, უძრავი ნივთი მოქცეული არ არის ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში (ტ.1, ს.ფ 116); ე) 2016 წლის 6 აპრილს სანოტარო წესით დამოწმებული მ. კ-ის, ო. ჩ-ისა და დ. მ-ის განცხადების თანახმად, ლ. მ-ე არის მათი მომიჯნავე მეზობელი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს და სარგებლობს 1994 წლიდან ქ. თბილისი, ... №12-ში მდებარე 338 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. ამასთან, ლ. მ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მიჯნებთან დაკავშირებული რაიმე დავა არ გააჩნიათ (ტ.1, ს.ფ 114-115); ვ) ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 ნოემბრის №07/10495-13 წერილის თანახმად, სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განიხილა ქ. თბილისი, ... №12-ში მდებარე 338 კვ.მ მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და გამოარკვია, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საცხოვრებელ ზონაში (სზ) და სატრანსპორტო (ტზ-1) ზონაში (ტ.1, ს.ფ 102); ზ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 16 იანვრის №567 ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა ლ. მ-ის განცხადება ქ. თბილისში, ... №12-ში მდებარე 338 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და დაადგინა, რომ განმცხადებლის მიერ წარსადგენია ცნობა ტექ. ბიუროდან იმის შესახებ თუ რამდენი უძრავი ნივთია აღრიცხული ... ქ. №12-ზე და №12ა-ზე და აღრიცხულია თუ არა მათი ცნობა-დახასიათება საინვენტარიზაციო გეგმასთან ერთად (ტ.1, ს.ფ 140); თ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილების თანახმად, ვინაიდან ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით უძრავი ნივთის სააღრიცხვო მასალა მისამართით ქ. თბილისი, ... ქ. №12 წარდგენილი არ არის, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, მოამზადოს და გასცეს ცნობა-დახასიათება და საინვენტარიზაციო გეგმა (ტ.1, ს.ფ 144); ი) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის №... გადაწყვეტილების თანახმად, ქ. თბილისი, ... ქ. №12ა (ბ)-ს სააღრიცხვო მასალებში ლ. მ-ის სახელზე საკუთრების უფლება აღრიცხული არ არის (ტ.1, ს.ფ 148); კ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2 აგვისტოს ინფორმაციის თანახმად, ქ. თბილისი, ... 12ა (ბ) მდებარე ნაკვეთი წარმოადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, ფაქტიური ფართობი - 280.0000 კვ.მ; საკუთრების აღწერა - ლიტერი ა (საცხოვრებელი) სართულების რაოდენობა - 2, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვ.მ) 104.85 კვ.მ; საკუთრების აღწერა ლიტერი ბ (საცხოვრებელი) სართულების რაოდენობა 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვ.მ.) – 34.05 კვ.მ; საკუთრების აღწერა - ლიტერი დ-ვ (სათავსოები); უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვ.მ.) 30.00 კვ.მ; მესაკუთრეები პ. პ-ი (ტ.1, ს.ფ 149); ლ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 14 თებერვლის №5 სხდომის ოქმით დგინდება, რომ ლ. მ-ის განცხადება განხილულ იქნა 83-ე საკითხად. კომისიის გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან, საკითხის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ/მოსარგებლედ აღრიცხულია ნ. ვ-ი. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მიეკუთვნება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთის კატეგორიას და მასზე, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საჯარო რეესტრი (ტ.1, ს.ფ 38-44); მ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2019 წლის 5 აპრილს გამოცემულ იქნა განკარგულება №566, რომლითაც ლ. მ-ეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი ქ. თბილისი, ... №12, საერთო ფართობი - 338,00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე (ტ.1, ს.ფ 45-47).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის არსს და სასამართლოს მსჯელობის ძირითად საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ლ. მ-ისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის კანონიერება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოდასახელებული საკანონმდებლო აქტი აწესრიგებს რა პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, ასევე პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე განსაზღვრავს იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს, ამავდროულად, ხელს უწყობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებას და მიწის ბაზრის განვითარებას. საყურადღებოა, რომ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ორი ტიპის - მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ ნაკვეთებს.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ზემოაღნიშნული კანონის 41 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე კი, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ. მ-ე განცხადებით ითხოვდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას, როგორც მის მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე, რომელზედაც დგას შენობა-ნაგებობა.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების ორ შემთხვევას: ერთ შემთხვევაში ნაკვეთი უნდა ესაზღვრებოდეს პირის საკუთრებასა თუ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს, ხოლო მეორე შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელია დადასტურდეს კანონის ამოქმედებამდე ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის განკერძოება ხდება იმ შემთხვევაში თუ მიწის თვითნებურად დაკავების, მასზე საცხოვრებელი სახლის ან/და არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის განთავსება დასტურდება კანონის ამოქმედებამდე. ეს შენობა-ნაგებობა კანონის ამოქმედების პერიოდამდე აგებული უნდა იყოს უშუალოდ განმცხადებლის (მოთხოვნის მქონე პირი) ან მისი მამკვიდრებლის (უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო უფლებაში შემავალ აქტივს) მიერ. სავალდებულოა, რომ საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისათვის, სადავო უძრავი ქონების განკარგვა მესამე პირზე წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ გარემოებას.
მოცემულ შემთხვევაში, ლ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ/მოსარგებლედ აღრიცხულია ნ. ვ-ი. შესაბამისად, მოპასუხის მოსაზრებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი მიეკუთვნება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთის კატეგორიას და მასზე, საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საჯარო რეესტრი. მოცემულ საქმეზე, სადავო აქტების კანონიერების შემოწმება უნდა მოხდეს სწორედ მითითებული გარემოების ფარგლებში და დადგინდეს, არსებობდა თუ არა ლ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბჭოთა პერიოდში მოქმედ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში აღირიცხებოდა საცხოვრებელი სახლები, მიმდებარე მიწის ნაკვეთებით, ინდივიდუალური ბინები, სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები (თითოეული ოთახისა და მისი ფართის მითითებით). საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტექნიკური აღრიცხვის ბიურო გარკვეული პერიოდი კიდევ არსებობდა, როგორც აქტიური და განსაზღვრული სახელმწიფოებრივი დანიშნულების ორგანო. სახელმწიფომ 1997 წელს მიღებულ სამოქალაქო კოდექსში უძრავი ქონების მონაცემთა ერთიან ბაზაში - საჯარო რეესტრში თავმოყრა გაითვალისწინა, თუმცა, ტექ.ბიუროები, რომლებიც თვითმმართველობის დაქვემდებარებაში იყო, განაგრძობდა არსებობას და უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებების რეგისტრაციას. სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლში აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახურის ჩამოყალიბებამდე სამოქალაქო კოდექსით ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციები განახორციელონ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებმა. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურებმა არსებობა დაასრულეს 2004 წელს, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 28 სექტემბრის №416 ბრძანებულებით ლიკვიდირებულ იქნა ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურები. ამ სამსახურებში არსებული მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და არქივი გადაეცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ამავე წელს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თუმცა, სააგენტოს შექმნით, ტექ. ბიუროებს მნიშვნელობა ბოლომდე არ დაუკარგავს, ბოლო დრომდე უფლებათა რეგისტრაციისას აქტიურად გამოიყენება მისი არქივი, მეტიც, კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ტექ. ბიუროში დაცული მასალები შეიძლება საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველიც გახდეს (დღეის მდგომარეობით მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 43-ე მუხლის თანახმად, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე ან მის გარეშე აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია სააგენტოს მიერ მომზადებული ცნობა-დახასიათება). საყურადღებოა, რომ სასამართლო პრაქტიკამ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურებში დაცული მონაცემების მიმართ უტყუარობის პრეზუმფციის არსებობის საკითხებიც დადებითად გადაწყვიტა. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის №ბს-171-167(კს-08) განჩინებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიჩნეულ იქნა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ. განჩინებაში აღნიშნულია შემდეგი: „საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე სამსახურის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა უძრავ ნივთებზე არსებულ უფლებათა აღრიცხვა-რეგისტრაცია... კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ საჯარო რეესტრის მიჩნევის სამართლებრივი წინაპირობა, რადგან ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად შექმნილ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა ლიკვიდირებული ადმინისტრაციული ორგანოს დარჩენილი ქონება, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი, არქივი, საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება, შექმნილი ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს მსგავსი უფლებამოსილების მატარებელ ორგანოს.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის №ას-442-414-2010 გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ვრცელდება ასევე იმ დროს მოქმედი ტექინვენტარიზაციის ბიუროში არსებული ჩანაწერების მიმართ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლი)“. ამდენად, ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში დაცულ სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია, სარეგისტრაციო აღრიცხვის ოფიციალობა კი, უზრუნველყოფილია სარეგისტრაციო სამსახურის მონაცემებით. რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის 2009 წლის 13 ნოემბრის ჯამური ცნობა-დახასიათება, რომლის თანახმად, თბილისში, ... №12-ში მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ფართობით 212 კვ.მ აღრიცხულია მესაკუთრე ნ. ვ-ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 1970 წლის 21 დეკემბრის №28მ-4249 სამემკვიდრეო მოწმობა, საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1954 წლის 27 აგვისტოს №ვ-19/1456 მომართვა ექსპლუატაციაში მიღების შესახებ, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1996 წლის 19 აპრილის №6.56.10 გადაწყვეტილება. შენობა-ნაგებობის შესახებ ცნობა-დახასიათებაში აღნიშნულია შემდეგი ინფორმაცია: ლიტერი ა (საცხოვრებელი), სართული - 1, ფართობი, საერთო: 65.20, საცხოვრებელი - 32.80, სარდაფი - 34.53, დამხმარე - 32.40, სხვა - 16.96; ლიტერი ბ-ვ-ვც (სათავსოები), ფართობი (საერთო) - 15.00, დამხმარე - 15.00.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი არის პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა.
ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოთვლის იმ დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ მიწის მართლზომიერ მფლობელობას (სარგებლობას), კერძოდ, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით რეგისტრირებულია ნ. ვ-ის უფლება, რაც წარმოადგენს ამავე მიწის ნაკვეთზე, როგორც თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, ლ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავ გარემოებას. რაც შეეხება განსხვავებას ფართობის ოდენობაში (ნ. ვ-ის უფლება რეგისტრირებულია 212 კვ.მ-ზე, ხოლო ლ. მ-ის მიერ მოთხოვნილ იქნა საკუთრების უფლების აღიარება 338 კვ.მ-ზე), საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების შესახებ, რომ მოსარჩელე ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას მიწაზე, რომლეზედაც დგას შენობა-ნაგებობა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით შენობა-ნაგებობაზე რეგისტრირებულია ნ. ვ-ის უფლება და ამასთან, არ დასტურდება შენობა-ნაგებობის უშუალოდ მოსარჩელის მიერ აშენების ფაქტი, გამოირიცხება ლ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარება იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც არ არის მოცული ნ. ვ-ის საკუთრების უფლებით.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და ადმინისტრაციული ორგანო მოკლებული იყო სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, არ არსებობდა ლ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, უნდა დაკმაყოფილდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ 63) და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარი (ტ.2, ს.ფ 10) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას მტკიცებულებათა დართვის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოში ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და მტკიცებულებების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, კასატორის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შუამდგომლობა მტკიცებულებათა დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა