Facebook Twitter

ას-489-800-09 17 დეკემბერი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „კ. ი. ვ. დ. ს. შ.“

წარმომადგენელი – გ. ნ-ი

მოწინააღმეგე მხარე – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

მესამე პირი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 თებერვლის განჩინება

სარჩელის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 21 მარტს შპს „ კ. ი. ვ. დ. ს. შ. “ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ და აღნიშნა, რომ თბილისში, კრწანისის რაიონი, ... ქ.¹75-ის მიმდებარედ არსებული 3660 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით 2004 წლიდან წარმოადგენს შპს „ კ. ი. ვ. დ. ს. შ. “ საკუთრებას. აღნიშნული მიწის ნაკვეთის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები წარმოადგენდა საქართველოს .... სამინისტროს კუთვნილებას. იგი 2006 წელს გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც დაიკავა არა მარტო მისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის შესაბამისი ფართი, არამედ შპს „ კ. ი. ვ. დ. ს. შ. “ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თავდაპირველად მიღწეულ იქნა შეთანხმება მასზედ, რომ შპს „ კ. ი. ვ. დ. ს. შ. “ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გამიჯნული იქნებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთიდან, რომელიც ამ დროისათვის დამაგრებული იყო საქართველოს ..... სამინისტროზე; ამ მიზნით ჩატარებული იქნა შესაბამისი სახის აზომვითი, საკადასტრო სამუშაოები და გამოიყო მიწის ფართები ერთმანეთისაგან წითელი ხაზებით.

2007 წლის მეორე ნახევარში ..... სამინისტროს სარგებლობაში არსებული მიწის ფართი გადაეცა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, რომლის მიერაც განხორციელდა მისთვის გადაცემული ტერიტორიის დაკავება და ამასთან, მოპასუხემ დაიკავა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიც.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მზად იყო გაეღო ხარჯი, აეშენებინა ახალი საქვაბე მოწყობილობა, რომელსაც იყენებდა მოპასუხე და რომელიც მდებარეობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობაში. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით უცნობი იყო.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხის მოქმედებით ირღვეა მისი საკუთრების უფლება, ვერ ახერხებს საკუთარი ნივთით სარგებლობას და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით მოითხოვა მოპასუხის – საქართველოს სახელმწიფო .... სამსახურის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებული თბილისში, კრწანისის რაიონი, ..... ქ.¹75-ის მიმდებარედ განთავსებული 3660 კვ.მ მიწის ნაკვეთის მასზე განლაგებული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების გამოთხოვა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ თბილისში, .... ქ.¹75-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებს სახელმწიფო .... სამსახური ფლობს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 26 ივნისის ¹1-1\958 ბრძანების საფუძველზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების მფლობელი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. უშუალოდ აღნიშნული სამინისტროდან გადაეცა სახელმწიფო ..... სამსახურს მითითებულ მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები. მოპასუხის მტკიცებით, ის წარმოადგენს სადავო მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერ მფლობელს, რადგან მას არ შეუცვლია გადმოცემამდე არსებული მდგომარეობა. მოპასუხე ფლობს იმ ტერიტორიას, რაც მას ფაქტიურად გადასცეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 6 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ე. გ. სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ კ. ი. ვ. დ. ს. შ. “ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. კ. ი. ვ. დ. ს. შ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს „ კ. ი. ვ. დ. ს. შ. “ წარმოადგენს თბილისი, .... ქ.¹75-ის მიმდებარედ არსებული 3660 კვ.მ ¹023 მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული 786 კვ.მ საერთო ფართის მქონე შენობა-ნაგებობების მესაკუთრეს;

საქართველოს სახელმწიფო ..... სამსახურს მისი არსებობის ვადით გადაეცა თბილისში, ..... ქ.¹75-ის მიმდებარედ მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 20542 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით, რაც დასტურდება მოპასუხის და მესამე პირის წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 26 ივნისის ¹1-1\958 ბრძანების ასლითა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ..... დეპარტამენტის და საქართველოს სახელმწიფო .... სამსახურის წარმომადგენელთა შორის 2007 წლის 21 აგვისტოს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 20542 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი ¹029 და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები ვიდრე ის მოპასუხეს გადაეცემოდა წარმოადგენდა საქართველოს .... სამინისტროს მფლობელობის უფლების ქვეშ მყოფ ობიექტს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 28 დეკემბრის და 2007 წლის 26 ივნისის ¹1-1\1511 და ¹1-1\958 ბრძანებებით, საჯარო რეესტრის ამონაწერებითა და მოპასუხე მხარის და მესამე პირის ახსნა-განმარტებებით;

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა რაიმე სახის წერილობითი და სხვა სახის მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დადგენილიყო მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის უძრავი ნივთების მფლობელობის ფაქტი, შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი იმ ერთ-ერთი კომპონენტის არსებობის დადასტურება, როგორიცაა მოპასუხის მიერ მოსარჩელის ნივთის მფლობელობა. ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელი ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლის მოთხოვნას და სარჩელი დაუსაბუთებულად მიიჩნია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა „ კ. ი. ვ. დ. ს. შ. “ წარმომადგენელმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, სახელმწიფო .... სამსახურის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის მდებარე: თბილისი, კრწანისის რაიონი, .... ქ.¹75-ის მიმდებარედ, ფართით 3660 კვ.მ გამოთხოვა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების 786,60 კვ.მ-ის გადაცემა შპს „ კ. ი. ვ. დ. ს. შ. “ თავისუფალ მდგომარეობაში.

აპელანტმა ასევე მოითხოვა საქმეზე მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმება და შპს „ კ. ი. ვ. დ. ს. შ. “ განცხადების მასალების საქმეზე დართვის შესახებ დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 თებერვლის განჩინებით შპს „....“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ კ. ი. ვ. დ. ს. შ. “ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და ამ გარემოებების მიმართ მის მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს და ჩათვალა, რომ შპს „ კ. ი. ვ. დ. ს. შ. “ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული და კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და იგი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს ამავე კოდექსის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით; კერძოდ, ამ ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარდგენილი არ ყოფილა სასარჩელო განცხადებასთან ერთად, ასევე არც სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის და 2006 წლის 19 ივნისის სხდომებზე; იგი მხარის მიერ წარდგენილი იქნა მხოლოდ 2008 წლის 4 ივლისის სხდომაზე; ამასთან, მოსარჩელის მიერ დასაბუთებული არ ყოფილა მითითებული მტკიცებულების სარჩელთან ერთად ან წინა სასამართლო სხდომებზე წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რის გამოც სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნის გათვალისწინებით არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ კ. ი. ვ. დ. ს. შ. “ წარმომადგენელმა გ. ნ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანით სასამართლომ უხეშად შელახა საქართველოს კონსტიტუციური საფუძვლები, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ აწესრიგებს თუ რა შემთხვევაში შეიძლება იქნეს მიჩნეული სახელმწიფოს ქმედებები მიზანშეწოონილად თავისი ნება-სურვილის განხორციელებისას. განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დახურულ ობიექტად სხვისი საკუთრების გადაქცევას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაშინ, როდესაც არ იყო გამოკვეთილი კერძო საკუთრების არც საზოგადოებრივი და არც სახელმწიფოებრივი საჭიროება. სასამართლომ კი თავისი არასწორი მოსაზრებები და მსჯელობა უკანონო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახადა.

კასატორის აზრით, საქმის წარმოებისას ადგილი ჰქონდა არსებითი ხასიათის პროცესუალურ დარღვევებს როგორც პირველი ინსტანციის ასევე სააპელაციო სასამართლოებში, რამაც საბოლოოდ განაპირობა არასწორი შედეგი.

კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მიიღო მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც წარდგენილ იქნა საქმეში მესამე პირის _ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდგომ, ვინაიდან სამინისტროს მონაწილეობამ ცხადი გახადა, რომ ადგილი ჰქონდა ორი მიწის ნაკვეთის არსებობას, შესაბამისად დავა მისი საკუთრების არსებობა-არარსებობის შესახებ მოისპო.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა, როდესაც მხარი დაუჭირა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოტანისას, სწორედ ამ მუხლების უხეშ დარღვევას ჰქონდა ადგილი.

კასატორის განმარტებით, სასამართლოების მიერ არასწორად იქნა გამოყენებული მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპი, ვინაიდან სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ზეპირ განცხადებას მოპასუხის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ისნის სახელმწიფო .... სამსახური არ იმყოფება კერძო საკუთრებაში, რომლის ფართობიც 3660 კვ.მეტრია და მასზე განთავსებულია 786 კვ.მეტრი შენობა-ნაგებობები. აღნიშნული სასამართლო სხდომის დასკვნის ეტაპზე თავად მითითებულმა სამსახურმა გახადა სადავო და, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის გამოყენება მოსარჩელის ნაცვლად ამ შემთხვევაში უნდა მომხდარიყო მოპასუხის საწინააღმდეგოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სარჩელის საგანს წარმოადგენს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხე მხარე შესაგებლით არ უარყოფდა სადავო ნივთის ფლობის ფაქტს, მოპასუხე სარჩელის უარსაყოფად მიუთითებდა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ იგი სადავო ნივთს ფლობდა მართლზომიერად. საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 8 ივნისის მთავარ სხდომაზე სასამართლომ საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხის მხარეზე მესამე პირად ჩართო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. ამავე განჩინებით მესამე პირს დაევალა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა თავისი წერილობითი მოსაზრებები (ს.ფ. 120 ტ.I). სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მესამე პირს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2008 წლის 10 ივნისს (ტ.I ს.ფ. 125-126). მესამე პირს განჩინებით დადგენილ ვადაში არ წარმოუდგენია არც თავისი მოსაზრებები და არც რაიმე მტკიცებულება. მტკიცებულებები მესამე პირმა წარმოადგინა 2008 წლის 19 ივნისის სხდომაზე. სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიიღო და იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი იყო ახალი მტკიცებულებები, სასამართლომ საოქმო განჩინებით დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა საქმის გადადების თაობაზე. (ტ.I ს.ფ. 127-130). 2008 წლის 3 ივლისს მოსარჩელის წარმომადგენელმა მესამე პირის მიერ წარმოდგენილი მასალის პასუხად სასამართლოში წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები (ტ.I ს.ფ. 156). 2008 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენელს უარი ეთქვა მტკიცებულებების მიღებაზე და იმავე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი.

მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად გაასაჩივრა 2008 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინებაც. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი. რაც შეეხება მტკიცებულებათა მიღებაზე უარის თქმის განჩინებას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ მიიღო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რადგან მოსარჩელის მიერ დასაბუთებული არ ყოფილა მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის აღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 219-ე მუხლი არ უკრძალავს მხარეებს მთავარ სხდომაზე წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე. ამასთან, მითითებული ნორმები შეიცავს დანაწესს, რომლის თანახმად, სასამართლო ახალ მტკიცებულებებს მიიღებს და გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული, აგრეთვე თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე. თუ სასამართლო განსახილველად დაუშვებს ახალ გარემოებებს, ან მიიღებს ახალ მტკიცებულებებს, მოწინააღმდეგე მხარეს ახალი გარემოებებისა და მტკიცებულებების გასაქარწყლებლად შეუძლია მოითხოვოს საქმის განხილვის გადადება. სასამართლო საქმის განხილვას გადადებს თუ მიიჩნევს, რომ წარსადგენ მტკიცებულებებს არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის.

საქმეში არსებული მასალებიდან გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი, კერძოდ მოსარჩელეს არ მიეცა თანაბარი შესაძლებლობა გაექარწყლებინა მოპასუხის მხარეზე, მთავარ სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხე შესაგებლით სადავო ნივთის ფლობის ფაქტს არ უარყოფდა, მოპასუხის მხარეზე მესამე პირმა მტკიცებულებები წარადგინა მთავარ სხდომაზე, რაც სასამართლომ მიიღო და გადადო სხდომა სწორედ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს ჰქონოდა შესაძლებლობა გაექარწყლებინა მთავარ სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. მაგრამ შემდეგ სხდომაზე სასამართლომ არ მიიღო მოსარჩელის მტკიცებულებები. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მტკიცებულებათა წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, რის გამოც სასამართლოს უნდა მიეღო წარმოდგენილი მტკიცებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დაირღვა საპროცესო სამართლის ნორმები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ კ. ი. ვ. დ. ს. შ. “ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 3 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

სასამართლო ხარჯები განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.