ას-489-874-06 26 თებერვალი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი) მარიამ ცისკაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ სს „ .. .. ..“ გაკოტრების მმართველი
წარმომადგენელი _ მ. ტ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ .. .. ..“ პროფკომიტეტის თავმჯდომარე ც. თ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინება
დავის საგანი – გაკოტრების ტაბულაში დადგენილი მოთხოვნის მქონე კრედიტორად შეყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ .. .. ..“ პროფკომიტეტის თავმჯდომარე ც.თ-მა საჩივარი შეიტანა სასამართლოში სს “ .. .. ..” გაკოტრების მმართველის მიმართ გაკოტრების ტაბულაში პროფკომიტეტის 16354,33 ლარის მოთხოვნის მქონე კრედიტორად შეყვანისა და გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 15 აგვისტოს განჩინებით სს „ .. .. ..“ მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და ვალაუვალი მოვალის ყველა კრედიტორს დაევალა 2002 წლის 30 ოქტომბრამდე სასამართლოში თავიანთი მოთხოვნების წარდგენა. გაკოტრების მმართველად დაინიშნა ლ. ძ-ი. სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში, 2002 წლის 28 ოქტომბერს, სს „ .. .. ..“ პროფკომიტეტის თავმჯდომარე ც.თ-მა წარმოადგინა საწევრო ანარიცხების დავალიანების _ 16354,23 ლარის მოთხოვნის განაცხადი. 2003 წლის 6 იანვრის სს „ .. .. ..“ კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელ სხდომაზე საზოგადოების წარმომადგენელმა სადავო დავალიანება ცნო, თუმცა გაკოტრების მმართველმა ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ აღიარა იმ მოტივით, რომ ც.თ-ს დარგობრივი პროფკომიტეტის მიერ გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია და ზემოაღნიშნული დავალიანება დადგენილ მოთხოვნად გაკოტრების ტაბულაში შეტანილ არ იქნა. საჩივრის ავტორის განმარტებით, სადავო მოთხოვნის განაცხადი გაკეთდა დროულად, კრედიტორთა პირველივე კრებაზე მხარემ წარადგინა კრედიტორთა ორგანიზაციის მიერ გაცემული რწმუნებულება, ამდენად, გაკოტრების მმართველმა, შემდგომ კი სასამართლომ სს „ .. .. ..“ პროფკომიტეტის მოთხოვნა გაკოტრების ტაბულაში უკანონოდ არ შეიყვანა. ამასთან, ლ. ძ-ი, როგორც გაკოტრების მმართველი, „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რადგანაც წარსულში სს „ .. .. ..“ ინტერესებს წარმოადგენდა სასამართლოში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 5 მაისის განჩინებით ც. თ-ის საჩივარი სს „ .. .. ..“ კრედიტორთა სიაში ამავე საზოგადოების პროფკომიტეტის შეყვანის შესახებ დარჩა განუხილველი, ხოლო ც. თ-ის მოთხოვნა გაკოტრების მმართველის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე სს „ .. .. ..“ პროფკომიტეტის თავმჯდომარე ც. თ-მა შეიტანა საჩივარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 30 ივლისის განჩინებით სს „ .. .. ..“ პროფკომიტეტის თავმჯდომარე ც. თ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება სს „ .. .. ..“ პროფკომიტეტის გაკოტრების ტაბულაში დადგენილი მოთხოვნის მქონე კრედიტორად შეყვანის შესახებ საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩა უცვლელი და შევიდა კანონიერ ძალაში.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სს „ .. .. ..“ პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარის ც. თ-ის მოთხოვნა სს „ .. .. ..“ მიმართ 163554,33 ლარის შესახებ მოთხოვნის გაკოტრების ტაბულაში შეტანის შესახებ დაკმაყოფილდა, რაც სს „ .. .. ..“ გაკოტრების მმართველმა შ. გ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 იანვარს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ .. .. ..“ გაკოტრების მმართველმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინებით სს “ .. .. ..” გაკოტრების მმართველის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება კი დარჩა უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სს “ .. .. ..” ქონებაზე 2002 წლის 22 აგვისტოს გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. კრედიტორთათვის მოთხოვნის წაყენების ვადა განისაზღვრა 2002 წლის 30 ოქტომბრით. სს “ .. .. ..” კომიტეტის თავმჯდომარემ მოთხოვნის განაცხადი გააკეთა 2002 წლის 28 ოქტომბერს. 2003 წლის 6 იანვარს გაკოტრების სასამართლომ ჩაატარა სს “ .. .. ..” კრედიტორთა მოთხოვნის შესამოწმებელი სხდომა, სადაც შემოწმდა პროფკომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი მოთხოვნის განაცხადი. პალატამ ასევე დაადგინა, რომ მოვალის წარმომადგენელმა ი. მ-მა დავალიანების არსებობა აღიარა, მაგრამ გაკოტრების მმართველმა სადავო გადახდა არ ცნო იმ მოტივით, რომ მხარეს დარგობრივი პროფკავშირის მიერ გაცემული სათანადო რწმუნებულება არ წარმოუდგენია. გაკოტრების მმართველის აღნიშნული მოსაზრება სხდომის ოქმს დაერთო წერილობით. მითითებული მოსაზრების თანახმად, სს “ .. .. ..” გაკოტრების მმართველი სთხოვს პროფკავშირის უფლებამოსილი ორგანოს _ რეგისტრირებული პროფკავშირის მიერ პირველადი ორგანიზაციის სახელზე გაცემულ რწმუნებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოთხოვნის აღიარება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმის შესახებ, რომ 2002 წლის 28 ოქტომბრის სადავო განაცხადი არაუფლებამოსილი პირის მიერაა გაკეთებული, ვინაიდან 2003 წლის 6 იანვრის სხდომაზე სს “ .. .. ..” პროფკავშირის არსებობის ფაქტი სადავო არ გამხდარა, არამედ მხარეს დაევალა დარგობრივი პროფკავშირების მიერ გაცემული მინდობილობის წარდგენა, რაც მოწინააღმდეგე მხარემ შეასრულა. პალატამ იხელმძღვანელა “პროფესიული კავშირების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის მეექვსე პუნქტით და უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება, რომ სს “ .. .. ..” პროფკავშირი შეიქმნა 2003 წლის 29 იანვარს, ვინაიდან საქმის მასალებში წარმოდგენილ იქნა ... პროფკავშირის ფედერაციის წესდება, რომელიც რეგისტრირებულია 2001 წლის 5 ივლისიდან. სააპელაციო სასამართლომ ზემოხსენებული კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე ჩათვალა, რომ ... პროფკავშირის ფედერაციის დებულების 2003 წლის 29 იანვარს დამტკიცება არ გულისხმობს, რომ ამ მომენტამდე აღნიშნული პროფკავშირები და, შესაბამისად, არც სს “ .. .. ..” პროფკავშირი არ არსებობდა. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სს “ .. .. ..” წლების მანძილზე პროფკავშირის არსებობის ფაქტი მხარეებს სადავო არ გაუხდიათ. ამასთან, არ მომხდარა არც აღნიშნული პროფკავშირის ლიკვიდაცია. სასამართლომ სს “ .. .. ..” დავალიანების _ 16354,33 ლარის არსებობა ამავე საზოგადოების პროფკავშირების სასარგებლოდ დადასტურებულად მიიჩნია 2002 წლის 25 ოქტომბრის საზოგადოების მთავარი ბუღალტრის ცნობისა და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სს “ .. .. ..” გაკოტრების მმართველის წარმომადგენლის აღიარების საფუძველზე. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ 2002 წლის 28 ოქტომბრის განაცხადი გაკეთდა უფლებამოსილი პირის მიერ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს “ .. .. ..” გაკოტრების მმართველის წარმომადგენელმა მ. ტ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს “ .. .. ..” პროფკავშირის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ 2002 წლის 28 ოქტომბრის განაცხადი გაკეთდა უფლებამოსილი პირის მიერ. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ 2003 წლის 6 იანვრის გაკოტრების სასამართლოს სხდომაზე სს “ .. .. ..” პროფკავშირს განესაზღვრა ვადა სათანადო რწმუნებულების წარმოსადგენად, რათა დადგენილიყო სს “ .. .. ..” პროფკავშირი სამართლებრივად არსებობდა თუ არა და ც. თ-ი იყო თუ არა უფლებამოსილი 2002 წლის 28 ოქტომბერს სასამართლოში კრედიტორული მოთხოვნის შეტანისას ემოქმედა მითითებული პროფკავშირის სახელით. ც. თ-ის მიერ წარმოდგენილი სს “ .. .. ..” პროფკავშირის ... პროფკავშირის ფედერაციის პირველადი ორგანიზაციის დებულებით სს “ .. .. ..” პროფკავშირები დაარსდა 2003 წლის 29 იანვარს, პროფკავშირის დებულების დამტკიცებისას, ამდენად, სადავო განაცხადი გაკეთდა არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ. ამ მოსაზრებას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ც. თ-ს სასამართლოსათვის “პროფესიული კავშირის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაცვით სს “ .. .. ..” პროფკავშირის შექმნისა და ფუნქციონირების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სს “ .. .. ..” პროფკავშირის, როგორც პირველადი ორგანიზაციის დებულება უნდა დაემტკიცებინა მოქმედ პროფკავშირულ ფედერაციას და განაცხადი უნდა გაეკეთებინა იურიდიული სტატუსის მქონე სასამართლოში რეგისტრირებულ მოქმედ პროფკავშირს თავისი წესდების საფუძველზე. სასამართლომ იგნორირება გაუკეთა “პროფესიული კავშირის შესახებ” კანონის ნორმებს, რომლებიც პირველადი ორგანიზაციის ფუნქციონირებას სავალდებულო წესით ითვალისწინებენ რეგისტრირებული წესდების მიხედვით მოქმედი პროფკავშირის მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე. 2002 წლის 28 ოქტომბრის განაცხადის შეტანისას სს “ .. .. ..” პროფკავშირი არ იყო დამოუკიდებელი იურიდიული პირი, ვინაიდან იგი კავშირის ფორმით რეგისტრირებული არ ყოფილა, ხოლო პირველადი ორგანიზაციის სტატუსით განაცხადის გაკეთებისას მხარეს უნდა ჰქონოდა წესდების საფუძველზე რეგისტრირებული პროფკავშირის მიერ დამტკიცებული პირველადი ორგანიზაციის დებულება და მის მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული უფლებამოსილება ან განაცხადი უნდა გაეკეთებინა თავად წესდების საფუძველზე რეგისტრირებულ პროფკავშირს. მოცემულ შემთხვევაში სადავო განაცხადის შემტანი სუბიექტი არც ერთ ზემოთ დასახელებულ პირობას არ შეესაბამება. ამდენად, 2002 წლის 28 ოქტომბერს კრედიტორული მოთხოვნის განაცხადის შემტანი სს “ .. .. ..” პროფკავშირი არ წარმოადგენდა კანონის შესაბამისად შექმნილ ორგანიზაციას. დავის განხილვისას სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, არ დააკმაყოფილდა მხარის შუამდგომლობები საქმის განმხილველი მოსამართლეების აცილების შესახებ, რომელთაც ამ საქმეზე უკვე ჰქონდათ კასატორის საწინააღმდეგო მოსაზრება გამოთქმული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი:
2002 წლის 22 აგვისტოს სს “ .. .. ..” ქონებაზე გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება. კრედიტორთათვის მოთხოვნის წაყენების ვადად განისაზღვრა 2002 წლის 30 ოქტომბერი. სს “ .. .. ..” პროფკავშირების კომიტეტის თავმჯდომარემ მოთხოვნის განაცხადი გააკეთა 2002 წლის 28 ოქტომბერს. 2003 წლის 6 იანვარს გაკოტრების სასამართლომ ჩაატარა სს “ .. .. ..” კრედიტორთა მოთხოვნის შესამოწმებელი სხდომა, სადაც შემოწმდა პროფკომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი მოთხოვნის განაცხადი. მოვალის წარმომადგენელმა ი. მ-მა დავალიანების არსებობა აღიარა, მაგრამ გაკოტრების მმართველმა სადავო გადახდა არ ცნო იმ მოტივით, რომ მხარეს დარგობრივი პროფკავშირის მიერ გაცემული სათანადო რწმუნებულება არ წარმოუდგენია. სასამართლომ სს “ .. .. ..” დავალიანების _ 16354,33 ლარის არსებობა ამავე საზოგადოების პროფკავშირების სასარგებლოდ დადასტურებულად მიიჩნია საზოგადოების მთავარი ბუღალტრის მიერ 2002 წლის 25 ოქტომბერს გაცემული ცნობისა და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სს “ .. .. ..” გაკოტრების მმართველის წარმომადგენლის აღიარების საფუძველზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაასკვნა, რომ სადავო განაცხადი გაკოტრების ტაბულაში დადგენილ მოთხოვნად შეტანის შესახებ უფლებამოსილმა პირმა შეიტანა დროულად.
უსაფუძვლოა კასატორის არგუმენტი, რომ, ვინაიდან ... პროფკავშირის ფედერაციის მიერ ამ ფედერაციის პირველადი ორგანიზაციების დებულება დამტკიცებულია რა 2003 წლის 29 იანვარს, სს “ .. .. ..” პროფკავშირი არსებობას ამ თარიღიდან იწყებს და, შესაბამისად, 2002 წლის 28 ოქტომბრის განაცხადი გაკეთებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ სს “ .. .. ..” წლების განმავლობაში არსებობდა პროფკავშირები და მისი არსებობა დასტურდება “პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლითაც, რომლითაც დარგობრივი პროფკავშირი აერთიანებს ერთი ან რამდენიმე მონათესავე დარგის საწარმოებში მომუშავე პროფკავშირის წევრებს, ხოლო ამავე მუხლის მეექვსე პუნქტით, პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია მოქმედებს შესაბამისი პროფესიული კავშირის წესდებისა და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დებულებით.
ამასთანავე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ზემოხსენებულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ კანონდარღვევით არ გაითვალისწინა “პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონის იმპერატიული მოთხოვნა რეგისტრირებული წესდების მიხედვით მოქმედი პროფკავშირების მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე პირველადი ორგანიზაციის ფუნქციონირების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში პროფკავშირების ფედერაცია სადავოდ არ ხდის სს “ .. .. ..” პროფკავშირის არსებული მდგომარეობით ფუნქციონირებას, ხოლო რაც შეეხება კასატორს, მისი ვალდებულება კრედიტორთან მიმართებაში ამ საფუძვლით არ შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს.
ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება, რომ სს “ .. .. ..” პროფკავშირის შექმნის დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის, უფრო მეტიც, დარღვეულია კანონის მოთხოვნები ამ ორგანიზაციის სს “ .. .. ..” კრედიტორთა მოთხოვნის შესამოწმებელი სხდომის შემდეგ განხორციელებულ დაფუძნებასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სს “ .. .. ..” მიმართ გახსნილი გაკოტრების საქმის წარმოებაში კრედიტორის მონაწილეობის საკითხი. შესაბამისად, ამავე კრედიტორის მოუწესრიგებელი შიდა ორგანიზაციული საკითხები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვალაუვალი მოვალის მიმართ კრედიტორის უფლების აღიარებაზე უარის თქმას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “ .. .. ..” გაკოტრების მმართველის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.