¹ას-490-837-07 2 ნოემბერი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ სს კომპანია “ს...” (მოპასუხე)
წარმომადგენელი – ე. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “გ...” (მოსარჩელე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „გ...მ“ სარჩელით მიმართა სს კომპანია „ს...ს“ მიმართ და მოითხოვა, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 186 936 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2001 წლის 30 ივლისს მხარეებმა გააფორმეს სადისტრიბუციო ხელშეკრულება თურქეთში, საქართველოში სიგარეტების: „კ...ს“, „ს...ის„“ და „გო...ის“, იმპორტირების შესახებ. ხელშეკრულების პირველი მუხლით სს კომპანია „ს...“ მიაწოდებდა თავისი პროდუქციას საქართველოს მომხმარებელს. მე-2 მუხლით სს კომპანია „ს...“ აძლევდა შპს „გ...ს“ ექსკლუზიურ წარმომადგენლობით უფლებას საქართველოში თავისი საქმიანობის განხორციელებისათვის, როგორც მოწოდებულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ასევე ახალი პროდუქციის წარმოების დროსაც ხელშეკრულებით უნდა შემოეტანათ 1920 ყუთი სიგარეტი, თითო ყუთის ღირებულება - 40 აშშ დოლარი, აქციზის გარეშე. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და არ მიაწოდა ხარისხიანი და შეთანხმებული რაოდენობის საქონელი.
მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მიყენებული ზიანის - 141 188,92 აშშ დოლარის ანაზღაურება, აღნიშნული შეგებებული სარჩელი ბაჟის გადაუხდელობის გამო, არ იქნა მიღებული წარმოებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „გ...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს კომპანია „ს...ს“ დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 19 485 აშშ დოლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს კომპანია „ს...მ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სს კომპანია „ს...ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების მეორე პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს კომპანია „ს...ს“ დაეკისრა 13.738 აშშ დოლარის გადახდა შპს “გ...ს” სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სს კომპანია „ს...მ“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1920 ყუთი სიგარეტის ნაცვლად, მოსარჩელეს მიაწოდა 941 ყუთი სიგარეტი, ხოლო მოსარჩელისაგან მიიღო მთლიანად შეთანხმებული 1920 ყუთი სიგარეტის შემოტანის უზრუნველსაყოფად საჭირო აქციზური მარკები. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისის სახით განიცადა 13 738 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს კომპანია „ს...მ“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა მხარეებს შორის განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციასთან დაკავშირებულ წარდგენილ დოკუმენტაციას და მათ (მოპასუხეთა) ახსნა-განმარტებებს. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ სს კომპანია “ს...ს” მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1920 ყუთი სიგარეტის ნაცვლად, მოსარჩელეს მიაწოდა 941 ყუთი სიგარეტი, ხოლო მისგან მიიღო მთლიანად შეთანხმებული 1920 ყუთი სიგარეტის შემოტანის უზრუნველსაყოფად საჭირო აქციზური მარკები და აღნიშნულით მოსარჩელემ ფაქტობრივი ქონებრივი დანაკარგის სახით განიცადა 13.738 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი. კასატორის მოსაზრებით, სს კომპანია “ს...ს” მოსარჩელესათვის არც პროდუქციის რაოდენობის მიწოდებისა და არც პროდუქციის ხარისხის მხრივ ზიანი არ მიუყენებია, მიაწოდა იმ რაოდენობის სიგარეტი, რა რაოდენობის აქციზური მარკაც მიიღო შპს გ...საგან” და მიწოდებული პროდუქციის ხარისხი არ იყო დაბალი საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ საშუალო ხარისხზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივლისის განჩინებით სს კომპანია „ს...ს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე შპს “გ...მ” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე წარმოადგინა თავისი მოსაზრება და მიუთითა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს კომპანია „ს...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას სს კომპანია „ს...ს“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს კომპანია „ს...ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1145 ლარისა და 41 თეთრის) 70% _ 801 ლარი და 80 თეთრი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.