Facebook Twitter

საქმე №109აპ-16 ქ. თბილისი

მ-ა თ., 109აპ-16 15 ივლისი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენით თ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 5 წელი და 4 თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით. თ. მ-ს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი და განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე გაუნახევრდა პირობითი მსჯავრი - 1 წელი და 8 თვე და განესაზღვრა 10 თვით პირობითი მსჯავრი, გამოსაცდელ ვადად კი დაუდგინდა 1 წელი, მასვე 1 წლით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება, 341-ე მუხლით განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით.

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ თ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 10 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი, მასვე 1 წლით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება.

3. თ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 14 აგვისტოდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 30 მაისიდან იმავე წლის 7 ივნისის ჩათვლით.

4. თ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ე. ვ-ს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა ე. ვ-ს კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. …ში, … ქუჩა #..-ში, სართული პირველი, ბინა #.., ფართი - 79,08 (საკადასტრო კოდი: #...).

5. განაჩენით მსჯავრდებულ თ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2010 წლის 19 ივლისიდან 2013 წლის 24 მაისამდე თ. მ-ა მუშაობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის … ქვეითი ბრიგადის ..-ე ბატალიონის ფინანსისტად და სამსახურებრივად ევალებოდა ამავე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებზე გასაცემი სახელფასო თანხების გაანგარიშება და მათ შესაბამისად, სახელფასო რეესტრების შედგენა, რომელთაც იგი ყოველთვიურად წარადგენდა … ქვეით ბრიგადაში, ხოლო … ქვეითი ბრიგადა თავის მხრივ წარადგენდა თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში. თავისი პირდაპირი და უშუალო მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების სანაცვლოდ, თ. მ-მ, როგორც სახელმწიფო მოხელემ, ანგარებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გადაწყვიტა განზრახ შეექმნა ისეთი პირობები, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი ჩანაწერების შეტანის გზით, თავის მართლზომიერ მფლობელობაში მოექცია თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხები შემდგომში მათი მითვისების მიზნით.

6. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, თ. მ-მ ისარგებლა სამსახურებრივი მდგომარეობით და 2011 წლის მარტში, სექტემბერში, დეკემბერსა და 2012 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით დროის მომაკვეთში სახელფასო რეესტრებისა და მათი ელექტრონული ვერსიების გაყალბების შედეგად საკუთარ ხელფასად ზედმეტად მიუთითა შესაბამისად: 921 ლარი, 901,69 ლარი, 990,96 ლარი, 533,86 ლარი, 965 ლარი, 636,64 ლარი და 804, 42 ლარი, საერთო რაოდენობით - 5753,57 ლარი, რაც სახელფასო თანხის ჩარიცხვის შემდეგ მიითვისა და გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის. მანვე 2012 წლის ივლისში გააყალბა ..-ე ქვეითი ბატალიონის სახელფასო რეესტრი, შესაბამისად, მისი ელექტრონული ვერსიაც და თავის სახელზე გამოიწერა ხელფასი - 6776,16 ლარის ოდენობით, რომელშიც გარდა მისი კუთვნილი ხელფასის - 1008,8 ლარისა, შედიოდა ..-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების - პ. ჭ-ს, ბ. ჯ-ს, გ. პ-სა და რ. მ-ს ხელფასი. 2012 წლის 20 ივლისს, ხელფასის სახით 6776,16 ლარის დარიცხვის შემდეგ, მან პ. ჭ-ს, ბ. ჯ-ს, გ. პ-სა და რ. მ-ს გადაურიცხა მათი კუთვნილი ხელფასი ბანკ „რესპუბლიკის” ბარათებზე, შესაბამისად, 683,76 ლარი, 679,36 ლარი, 674,96 ლარი და 679,36 ლარი, სულ - 2717,44 ლარი, ხოლო ჩარიცხული ზედმეტი თანხა - 3049,92 ლარი მიითვისა და გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის. მანვე 2012 წლის აგვისტოს თვეში გააყალბა …-ე ქვეითი ბატალიონის სახელფასო რეესტრი, შესაბამისად, მისი ელექტრონული ვერსიაც და კუთვნილი ხელფასის - 1008,8 ლარის ნაცვლად თავის სახელზე ხელფასის სახით გამოიწერა 1547,2 ლარი. სახელფასო თანხების ჩარიცხვის შემდეგ, ზედმეტად ჩარიცხული 478.4 ლარი მიითვისა და გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის.

7. განაგრძობდა რა დანაშაულებრივ საქმიანობას, 2012 წლის აგვისტოში, იმ პირთა ოფიციალურ სახელფასო რეესტრში, რომლითაც მეორე კონტრაქტის დასრულების საფუძვლით მათ ეკუთვნოდათ საკომპენსაციო თანხა - 3000 ლარის ოდენობით, თ.მ-მ ყალბი ჩანაწერის შეტანის გზით ორ შემთხვევაში მიუთითა საკუთარი თავი და გასაცემ თანხად მიანიშნა 3000-3000 ლარი, სულ - 6000 ლარი, რაც მის კუთვნილ ანგარიშზე 2012 წლის 21 სექტემბერს დარიცხვის შემდეგ, გამოიტანა და მიითვისა. მანვე 2012 სექტემბერში გააყალბა მინდობილობების საფუძველზე გასაცემი ხელფასების რეესტრი,სადაც ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა მინდობილ პირად რეესტრში შეიყვანა საკუთარი თავი, რეალურად კი ასეთი მინდობილობები არ არსებობდა. ხელფასის სახით აჩვენა გაზრდილი თანხები და თანდართული ელექტრონული ვერსიით გადასცა … ქვეითი ბრიგადის საფინანსო სამსახურს, სადაც სამხედრო მოსამსახურეთა მიერ მისაღები თანხები ყალბად იყო მითითებული, კერძოდ: ა. მ-ზე - 1451,6 ლარი, თ. დ-ზე - 1384,26 ლარი, ხ. ჩ-ზე - 1349,92 ლარი, გ. ს-ზე - 1349,92 ლარი, პ. ჭ-ზე - 1367,51 ლარი. სახელფასო თანხების ჩარიცხვის შემდეგ თ. მ-მ ბანკ „რესპუბლიკაში“ საბანკო ოპერაციით ა. მ-ს ჩაურიცხა კუთვნილი ხელფასი - 430,1 ლარი, თ. დ-ს - 362,76 ლარი, ხ. ჩ-ს - 681,12 ლარი, პ. ჭ-ს - 689,92 ლარი და გ. ს-ს მინდობილ პირს გ. პ-ს - 681,12 ლარი, სულ - 2845,2 ლარი. დარჩენილი ზედმეტი თანხა კი - 4058,19 ლარის ოდენობით - მიითვისა და გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის.

8. აღნიშნული სქემით, სამხედრო მოსამსახურეთა მინდობილ პირად რეესტრში საკუთარი თავის ყალბად შეყვანისა და მოსამსახურეთათვის უსაფუძვლოდ გაზრდილი სახელფასო თანხების ჩვენების გზით, მან 2012 წლის ოქტომბერში მიითვისა შვიდ სამხედრო მოსამსახურეზე ზედმეტად ჩარიცხული 5502.93 ლარი, 2012 წლის ნოემბერში ცხრა სამხედრო მოსამსახურეზე ზედმეტად ჩარიცხული 5979,6 ლარი, 2012 წლის დეკემბერში - თერთმეტ სამხედრო მოსამსახურეზე ზედმეტად ჩარიცხული 7124,76 ლარი, 2013 წლის იანვარში - ცხრა სამხედრო მოსამსახურეზე ზედმეტად ჩარიცხული 6204,74 ლარი, 2013 წლის თებერვალში რვა სამხედრო მოსამსახურეზე ზედმეტად ჩარიცხული 3553,4 ლარი. სულ, აღნიშნული ხერხით, თ. მ-მ 2012 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით დროის მონაკვეთში მიითვისა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საბიუჯეტო თანხა - 32423,62 ლარის ოდენობით.

9. მოქმედებდა რა დანაშაულებრივი განზრახვით, თ. მ-მ მიზანმიმართულად, 2012 წლის ივლისის სახელფასო რეესტრში, ..-ე ბატალიონის სამედიცინო ოცეულის სამედიცინო პუნქტის საბრძოლო მედიკოსის ლ. ლ-ს გრაფის გასწვრივ უსაფუძვლოდ შეიტანა ყალბი ჩანაწერი, თითქოსდა ამ უკანასკნელს შეიარაღებულ ძალებთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით საკომპენსაციო თანხის სახით ეკუთვნოდა 3000 ლარი, მაშინ, როდესაც, ამ ოდენობით საკომპენსაციო თანხა ლ.ლ-ს კანონიერი საფუძვლით უკვე მიღებული ჰქონდა. სახელფასო ანგარიშზე მითითებული თანხის ჩარიცხვის შემდეგ, ლ. ლ-ს თ. მ-მ განუმარტა, რომ იგი შეცდომით იყო გამოწერილი და მოითხოვა მის მიერ დასახელებულ ანგარიშზე დაბრუნება, რომელიც იმავდროულად თ. მ-ს პირად ანგარიშს წარმოადგენდა. მოთხოვნის კანონიერად მიჩნევის გამო, ლ. ლ-ის მიერ საბანკო ოპერაციით 2012 წლის 23 ივლისს დაბრუნებული თანხა - 3000 ლარის ოდენობით, თ.მ-მ გამოიტანა და მიითვისა. ანალოგიური ხერხით, მიუხედავად იმისა, რომ ..-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს: გ. ქ-ს, ჯ. ჯ-ს და გ. მ-ს მიღებული ჰქონდათ მეორე კონტრაქტის დასრულებისათვის განკუთვნილი საკომპენსაციო თანხა - 3000-3000 ლარის ოდენობით, თ. მ-მ ანგარებითი მოტივით, 2012 წლის აგვისტოში … ქვეით ბრიგადაში წარდგენილი სახელფასო რეესტრით, თითქოსდა შეიარაღებულ ძალებთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოდ, საკომპენსაციო თანხის სახით, სამივე მათგანს 2012 წლის 24 აგვისტოს ყალბად გამოუწერა დამატებით 3000-3000 ლარი, სულ - 9000 ლარი, რაც თ. მ-ს მოთხოვნის შესაბამისად, საბანკო ოპერაციებით დაბრუნდა რა მის პირად ანგარიშზე ამ უკანასკნელმა იგი გამოიტანა და მიითვისა.

10. მანვე, თავისი პირდაპირი და უშუალო მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების სანაცვლოდ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი ჩანაწერების შეტანის გზით, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების შემდგომში მითვისების მიზნით, თავის ახლობლებს - ვ. ბ-სა და დ. კ-ს დაუმზადა „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათები, რომლებიც პირადად დაიტოვა. 2011-2013 წლებში იგი აყალბებდა რა სახელფასო რეესტრებისა და მინდობილობების საფუძველზე გასაცემი ხელფასების რეესტრებს და ვ. ბ-ი და დ. კ-ა უკანონოდ, ყალბად შეჰყავდა სახელფასო რეესტრებში. ამასთან, მიუთითებდა მათ სხვადასხვა სამხედრო მოსამსახურეთა მინდობილ პირებად, ისე, რომ ამის შესახებ რაიმე დოკუმენტი არ არსებობდა. გაყალბებულ რეესტრებს იგი ყოველთვიურად წარადგენდა … ქვეითი ბრიგადის საფინანსო სამსახურში, საიდანაც იგზავნებოდა თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში. ყალბად გამოწერილი რეესტრების საფუძველზე ვ. ბ-სა და დ. კ-ს პლასტიკურ ბარათებზე ირიცხებოდა დიდი ოდენობით სახელფასო თანხები. სულ 2011-2013 წლებში, ვ. ბ-ს უკანონოდ ჩაერიცხა 32662,34 ლარი, ხოლო დ. კ-ს - 31603,9 ლარი, საერთო ჯამში - 64266,24 ლარი, რომელიც თ. მ-მ მიითვისა და გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის.

11. მთლიანად, 2011-2013 წლებში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელფასო რეესტრებსა და მათ ელექტრონულ ვერსიებში ყალბი მონაცემების შეტანით, თ. მ-ს მიერ მითვისებულია თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საბიუჯეტო თანხა - 123971,75 ლარის ოდენობით.

12. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: თ. მ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 9 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით, მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საფინანსო კუთხით საქმიანობის უფლება, 341-ე მუხლით - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ თ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 9 თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე 2 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საფინანსო კუთხით საქმიანობის უფლება.

13. თ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების (განაჩენის გამოცხადების) დღიდან - 2015 წლის 14 აგვისტოდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 30 მაისიდან იმავე წლის 7 ივნისის ჩათვლით.

14. თ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ე. ვ-ს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა ე. ვ-ს კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. -…ში, … ქუჩა #..-ში, სართული პირველი, ბინა #.., ფართი - 79,08 (საკადასტრო კოდი: #...).

15. მსჯავრდებული თ. მ-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. მ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ თ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 2 წლით, 6 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე 1 წლით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში საფინანსო კუთხით საქმიანობის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ. მ-სათვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა, რასაც სადავოდ არც კასატორები ხდიან.

3. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის ზომას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

4. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ თ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით გრძელდებოდა 2011-2013 წლებში, მათ შორის რამდენიმე ქმედება ჩადენილია 2012 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ, რის გამოც არასწორია ,,ამნისტიის შესახებ" 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოცემულ დანაშაულზე გავრცელება, ვინაიდან ,,ამნისტიის შესახებ" 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა.

5. აღნიშნულის მიუხედავად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ იყო უგლებამოსილი ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენების ნაწილში ცვლილების შეტანით დაემძიმებინა მსჯავრდებულ თ. მ-ს მდგომარეობა.

6. საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.

7. საქმის მასალების მიხედვით, 1-ლი ინსტანციის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და თ. მ-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება მის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანგრძლივ მოთავსებასთან, შემდეგი მოტივებით: სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თ. მ-ა დანაშაულს სჩადიოდა 2011-2013 წლებში და მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა დანაშაულებრივი ქმედება, როდესაც გამკაცრდა კონტროლისა და ზედამხედველობის ზომები ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ხერხების მიმართ. ამასთან, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა და საქმეზე მტკიცებულებად იქნა ცნობილი საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნა და დაკითხვის ოქმები, სადაც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილი იყო თ. მ-ს მიერ დამატებით თანხების მითვისების ფაქტი. სასამართლომ განაჩენის დადგენისას ზოგადად განმარტა, რომ ბრალდებულს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და არ მიუთითა, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით გამოიყენა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლი, რა დროსაც ბრალდებულს დანიშნული სასჯელის ნაწილი ჩაუთვალა პირობითად, მაშინ, როდესაც სახეზე არ იყო და სრულყოფილად არ არსებობდა ბრალდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენების პირობები. სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდებულის მიერ ქმედების ჩადენის სახე და ხერხი, რომ ბრალდებული მოქმედებდა წინასწარ დაგეგმილი რამდენიმე სქემით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობა გრძელდებოდა ერთ წელზე მეტხანს და მის მიერ მითვისებული სახელმწიფოს კუთვნილი თანხის ოდენობამ შეადგინა 123971,75 ლარი, რომლის უდიდესი ნაწილი აუნაზღაურებელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი აშკარად მსუბუქია და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ობიექტური ანალიზიდან.

8. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში საერთოდ არ მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა ,,ამნისტიის შესახებ" 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი.

9. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლთან დაკავშირებით, რადგან მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. მ-ს მიმართ სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენება იყო კანონიერი, მაგრამ სხვა გზით გააუარესა მსჯავრდებულის მდგომარეობა, კერძოდ: მიიჩნია, რომ თ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით გრძელდებოდა 2011-2013 წლებში, მათ შორის რამდენიმე ქმედება ჩადენილია 2012 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ, რის გამოც ,,ამნისტიის შესახებ" 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი მოცემულ დანაშაულზე ვერ გავრცელდება.

10. სახელმწიფო ბრალმდებელმა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი აღარ გაასაჩივრა და, შესაბამისად, საკასაციო პალატა არ მსჯელობს თ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენების კანონიერების თაობაზე.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, რამაც მკვეთრად გააუარესა მსჯავრდებულ თ. მ-ს მდგომარეობა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასარგებლოდ და მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ,,ამნისტიის შესახებ" 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ თ. მ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 22 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

3. თ. მ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 5 წელი და 4 თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 8 თვე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლისა და 8 თვის გამოსაცდელი ვადით, მასვე 2 წლით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში საფინანსო კუთხით საქმიანობის უფლება, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელი და განესაზღვროს 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე გაუნახევრდეს პირობითი მსჯავრი - 1 წელი და 8 თვე და განესაზღვროს 10 თვით პირობითი მსჯავრი, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი, მასვე 1 წლით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში საფინანსო კუთხით საქმიანობის უფლება, სსკ-ის 341-ე მუხლით - ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ თ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 10 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი, მასვე 1 წლით ჩამოერთვას საჯარო სამსახურში საფინანსო კუთხით საქმიანობის უფლება.

5. მსჯავრდებულ თ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2015 წლის 14 აგვისტოდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2013 წლის 30 მაისიდან იმავე წლის 7 ივნისის ჩათვლით.

6. მსჯავრდებულ თ. მ-ს პირობითი მსჯავრის ვადის ათვლა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე, ხოლო მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თ. მ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. ე. ვ-ს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი უძრავი ქონება და მოეხსნას ყადაღა ე. ვ-ს კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარეს ქ. …ში, … ქუჩის #..-ში (სართული - პირველი, ბინა #.., ფართი - 79,08 საკადასტრო კოდი: #...).

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე