Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

ას-49-333-08 14 მარტი, 2008 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის ¹1 საჯარო სკოლა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქუთაისის ¹1 საჯარო სკოლის მიმართ სამუშაოდან მისი გათავისუფლების შესახებ ქუთაისის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 29 ივნისის ¹142 ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2001 წლიდან მოსარჩელე მუშაობდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის კლასიკურ გიმნაზიაში ... მასწავლებლად. 2002 წლის 20 აგვისტოს გიმნაზიის დირექციამ გაუფორმა უვადო ხელშეკრულება ...ის სწავლებისათვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 4 სექტემბრის ¹157 ბრძანების საფუძველზე ქუთაისის კლასიკური გიმნაზია გარდაიქმნა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის ¹1 ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლად, რის შემდეგაც სასწავლო პროგრამიდან ამოღებულ იქნა საზღვარგარეთის ლიტერატურის სწავლება, ლათინური ენა კი, როგორც უცხო ენა, დატოვებულ იქნა სასწავლო ბადეში. 2005-2006 სასწავლო წლების საათების განაწილებისას სკოლის დირექციამ ნ.ბ-ძეს მისცა ქართული ენისა და ლიტერატურის 7 საათი. 2006 წლის 30 ივნისს მოსარჩელეს ჩაბარდა 2006 წლის 29 ივნისის ¹142 ბრძანება სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ. კანონით დადგენილი წესით, მხარისათვის მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ არ უცნობებიათ, არ შეუთავაზებიათ სხვა სამუშაო და მისი გათავისუფლება არ ყოფილა შეთანხმებული პროფკავშირთან.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე სამუშაოდან დათხოვნილ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით, ამასთან, მოქმედი შრომის კანონმდებლობა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოხელის გაფრთხილებას არ ითვალისწინებს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ნ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 29 ივნისის ¹142 ბრძანება მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში და იგი აღდგენილ იქნა იმავე სკოლაში ... პედაგოგის თანამდებობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის ¹1 საჯარო სკოლამ გაასაჩივრა საკასაციო წესით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივლისის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ნ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 29 ივნისის ბრძანება ნ. ბ-ძის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, მოსარჩელე აღდგენილ იქნა იმავე სკოლის ... მასწავლებლად შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2002 წლის 20 აგვისტოს ნ. ბ-ძესა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის გიმნაზიის დირექტორს შორის დაიდო უვადო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნ.ბ-ძემ მუშაობა დაიწყო ... მასწავლებლად. საქართველოს განათლების მინისტრის 2004 წლის 4 სექტემბრის ¹157 ბრძანების საფუძველზე კლასიკური გიმნაზია გარდაიქმნა ¹1 საჯარო სკოლად. ამავე დროს სასწავლო პროგრამიდან ამოღებულ იქნა საზღვარგარეთის ლიტერატურისა და ლათინური ენის გაკვეთილები. ქუთაისის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის 2005 წლის 23 სექტემბრის ¹205 ბრძანებით დამტკიცდა 2005-2006 სასწავლო წლისთვის ¹1 საშუალო სკოლის მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა და ნ. ბ-ძეს V3 კლასში მიეცა კვირაში მშობლიური ენისა და ლიტერატურის 7 საათი. ქუთაისის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 29 ივნისის ¹142 ბრძანებით ნ. ბ-ძე შრომის კანონთა კოდექსის მე-18 მუხლის “ბ” ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის თანამდებობიდან. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის განმარტების საფუძველზე სასამართლომ გამოარკვია, რომ მოცემული დავის განხილვისას ქუთაისის ¹1 საჯარო სკოლის სასწავლო პროგრამაში მშობლიური ენისა და ლიტერატურის საათები გათვალისწინებულია, ნ. ბ-ძის გათავისუფლების შემდეგ მის მიერ დაკავებული საათები გადანაწილდა იმავე სკოლის სხვა პედაგოგებზე და ახალი თანამშრომელი არ მიუღიათ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა უნდა განხილულიყო არა მოქმედი შრომის კოდექსის, არამედ აპელანტის სამუშაოდან დათხოვნისას არსებული შრომის კანონთა კოდექსის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა ნ. ბ-ძის მოსაზრება, რომ დასახელებული კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციას იგი უნდა გაეფრთხილებინა 1 თვით ადრე, რაც არ განუხორციელებია, გარდა ამისა, ადმინისტრაცია, შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, ვალდებული იყო, შეეთანხმებინა პროფკავშირებთან შრომის ხელშეკრულების მოშლა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ ნ. ბ-ძესთან ადმინისტრაციას გაფორმებული ჰქონდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება, ვინაიდან მოპასუხის 2005 წლის 23 სექტემბრის ¹205 ბრძანება მოსარჩელის ....ის მასწავლებლად გადაყვანის შესახებ წარმოადგენს შრომის კანონთა კოდექსის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა სამუშაოზე გადაყვანას, რაც გამოწვეული იყო არსებითი გარემოებით _ სასწავლო პროგრამიდან საზღვარგარეთის ლიტერატურისა და ლათინური ენის გაკვეთილების ამოღებით და დირექციის მიერ განხორციელებული ასეთი მოქმედება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ახალი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ.ბ-ძე თანამდებობიდან გათავისუფლდა შრომის კანონთა კოდექსის მე-18 მუხლის “ბ” ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის დარღვევით და, ამავე კოდექსის 206-ე მუხლის თანახმად, აღდგენილ უნდა იქნეს სამუშაოზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორმა თ. ც-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 26-ე მუხლი, ვინაიდან ნ. ბ-ძე ¹205 ბრძანებით ...ის მასწავლებლად გადაყვანილ იქნა მხოლოდ ერთი 2005-2006 სასწავლო წლით და აღნიშნული სამუშაოს შესრულების შემდეგ კანონიერად გათავისუფლდა სწორედ ....ის თანამდებობიდან, რაც შეეხება ლათინური ენისა და საზღვარგარეთის ლიტერატურის პედაგოგის ადგილს, მოსარჩელე აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ და მოსწავლეთა მიერ დასახელებული საგნების შესწავლის მოთხოვნის შემთხვევაში კვლავ გააგრძელებს გაკვეთილების ჩატარებას. ამდენად, ნ.ბ-ძე ...ის მასწავლებლის თანამდებობიდან გათავისუფლდა შრომის კანონთა კოდექსის მე-18 მუხლის “ბ” ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტის სრული დაცვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 15 თებერვლის განჩინებით ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორ თ. ც-აძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორ თ. ც-აძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მოქმედების პერიოდში მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ემყარება ზემოხსენებული კოდექსის მე-18 მუხლის “ბ” ქვეპუნქტს, 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტსა და 206-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის ¹1 საჯარო სკოლის დირექტორ თ. ც-აძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.