Facebook Twitter

¹ას-494-841-07 26 დეკემბერი, 2007 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ეროვნული ალიანსი “ც...ი” სს “ე...ს” გენერალური დირექტორი ა. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს “ე...ს” დამფუძნებელი აქციონერი რ. ს-ი (მოსარჩელე)

დავის საგანი _ სამეწარმეო რეესტრის ფორმულარში ცვლილებების შეტანა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რ. ს-მა 2004 წლის აპრილში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების სს “ე...სა” და ქ.ახალციხის საოლქო ...ის მიმართ და მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, შპს “ე...-94”-ის ქონების გასაყიდი ობიექტის ნუსხიდან ამორიცხვა, შპს “ე...-94”-ის კუთვნილი ძირითადი საშუალებების ნასყიდობის გარიგების ბათილად ცნობა და კანონიერი მფლობელისადმი შპს “ე... 94-ისათვის დაბრუნება, აგრეთვე შპს “ე... 94”-ის რეგისტრაციის სამეწარმეო რეესტრის ფორმულარში ნაცვლად 2000 წლისა 1998 წლის მდგომარეობით დარეგისტრირება და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა 1998 წლის ოქტომბრის მდგომარეობით. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ შპს “ე...-94” რეგისტრირებული იყო ახალციხის რაიონის გამგეობის მიერ 1994 წელს. “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად საჭირო გახდა მისი ხელახალი რეგისტრაცია. 1998 წლის 27 სექტემბერს მან ახალციხის რაიონულ სასამართლოში ხელახალი რეგისტრაციისათვის წარადგინა ყველა დოკუმენტაცია. სასამართლო ვალდებული იყო ერთი თვის ვადაში მოეხდინა საწარმოს რეგისტრაცია და თუ მასალებში აღმოჩნდებოდა უზუსტობანი მოსამართლეს განჩინებით უნდა ეცნობინებინა ხარვეზის შესახებ, ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განცხადება უნდა დაეტოვებინა უმოძრაოდ და მასალები გადაეგზავნა უკან, რაც არ შესრულებულა. მოსამართლის მიერ დაირღვა “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლების მოთხოვნები. მოსარჩელის მითითებით, თუ სასამართლომ უარი არ უთხრა რეგისტრაციზე, მაშინ საზოგადოება ითვლება რეგისტრირებულად. სასამართლოს მიერ 2000 წლამდე ვერ იქნა განხილული მისი საწარმოს რეგისტრაციის საქმე.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით შპს “ე...-94”-ის წარმომადგენლის რ. ს-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

რაონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ე...-94”-ის დამფუძნებელმა პარტნიორმა და წარმომადგენელმა რ. ს-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით შპს “ე...-94”-ის წარმომადგენლის თ. ს-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ახალციხის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 29 ივნისის ნაწილობრივი გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს “ე...-94”-ის რეგისტრაციის თარიღად სამეწარმეო რეესტრში დადგენილ იქნა 1998 წლის 12 ოქტომბერი და საგადასახადო ორგანოს დაევალა შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ რ. ს-მა 1998 წლის 28 სექტემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს შპს „ე...-94-ის“ ხელახალი რეგისტრაციის შესახებ, მაგრამ არ დაეთანხმა სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ რეგისტრაციის პირობების დაუცველობის გამო არ განხორციელდა შპს „ე...-94-ის“ რეგისტრაცია. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით ჩათვალა, რომ მოწმეთა ჩვენებები არ უნდა იქნას მიჩნეული იმ მტკიცებულებებად, რომლებიც დაადასტურებდა მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციაში გატარება-არგატარების ფაქტს. სასამართლომ მიუთითა, რომ იმ დროს მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 5.9 მუხლის მიხედვით, სასამართლო ვალდებული იყო რეგისტრაცია განეხორციელებინა საბუთების წარდგენიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში რეგისტრაცია არ განხორციელდებოდა, ან განმცხადებელს წერილობით არ ეცნობებოდა მოტივირებული უარის შესახებ, საწარმო ჩაითვლებოდა რეგისტრირებულად. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სასამართლოს არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიერ, თავის დროზე, გამოტანილ იქნა განჩინება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან ასეთი განჩინება და არც წერილობითი უარი საქმეში და რეგისტრაციის მასალებში არ მოიპოვება. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსაზრება აღნიშნული დოკუმენტის დაკარგვის შესახებაც, რადგან აღნიშნული სამსახურებრივი ან სისხლისსამართლებრივი მოკვლევის შესახებ საქმის მასალებით ვერ დასტურდება. სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია იმის თაობაზე, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს გასვლის აღრიცხვის ჟურნალში გაკეთებული ჩანაწერებით დადასტურებულია, 1998 წლის 9 ოქტომბრის „501“ ნომრით გზავნილის გაგზავნა შპს „ე...-94-თვის“ რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მასალების არასრულყოფილების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ის გარემოება, რომ მითითებული გზავნილი იყო საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება საქმის მასალებით ვერ დასტურდება.

სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა სასამართლოს მოტივაცია იმის თაობაზეც, რომ შპს „ე...-94-ის“ სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული. სააპელაციო სასამართლომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15.1 მუხლის თანახმად ჩათვალა, რომ აპელანტმა, შპს „ე...-94-ის“ რეგისტრაციაში გატარების შესახებ შეიტყო 2000 წლის 30 ივნისიდან, ხოლო მასში ცვლილების განხორციელების შესახებ მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2004 წლის 6 აგვისტოს. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ აპელანტის მიერ 2000 წლის 30 ივნისის განცხადება შპს „ე...-94-ის“ რეგისტრაციის შესახებ ეფუძნება 1998 წელს ჩატარებულ კრების ოქმს, განცხადებას დართული აქვს 1998 წლის 2 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრები 2000 წელს გადახდილ ქვითართან ერთად, საქმეში წარმოდგენილია მოსამართლის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ მან 2000 წელს რეგისტრაცია განახორციელა დაგვიანებით, ორგანიზაციული მიზეზების გამო, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სასამართლოს 1998 წლის 28 სექტემბერს განცხადების რეგისტრაციაზე უარი არ უთქვია კანონით დადგენილ ვადაში და წესით. შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ შპს „ე...-94-ის“ რეგისტრაციის თარიღად სამეწარმეო რეესტრში უნდა მიეთითოს 1998 წლის 12 ოქტომბერი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ეროვნული ალიანსი “ც...” სააქციო საზოგადოება “ე...ს” გენერალურმა დირექტორმა ა.გ-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით რ. ს-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონისა და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით, რის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, რაც წარმოადგენს მისი გაუქმების საფუძველს. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატის იგივე შემადგენლობის მიერ მიმდინარე წლის 8 თებერვალს განხილულ იქნა საკითხი შპს „ე...-94”-ის 1998 წლიდან რეგისტრირებულად აღიარების შესახებ. აქედან გამომდინარე, პალატა არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა ხელმეორედ იმ საკითხზე, რომელზეც უკვე ჰქონდა გამოთქმული თავისი აზრი და მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს. კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტზე მითიებით განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე. მან მიუთითა, რომ როგორც მიმდინარე წლის 6 თებერვლის, ისევე მიმდინარე წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებაში პალატის მიერ მოყვანილი დასკვნები და წინადადებები არაფრით არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. თბილისის სააპელაციო პალატამ 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით გამოიტანა დასკვნები, რომლებიც არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, უფრო მეტიც, მთელი რიგი გაყალბებული საბუთების საფუძველზე გამოიტანა კანონსაწინააღმდეგო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. კასატორმა მიუთითა, რომ მართალია, 1998 წლის 28 სექტემბერს შპს „ე...-94-ის დირექტორმა თ. ს-მა და არა რ. ს-მა, როგორც მითითებული აქვს პალატას, სასამართლოს მიმართა განცხადებით შპს „ე...-94-ის“ სასამართლო რეგისტრაციაში გატარების შესახებ და არა ხელახალი რეგისტრაციის შესახებ როგორც აღნიშნავს პალატა თავის გადაწყვეტილებაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ თავის დროზე მოტივირებული წერილობითი უარი ეთქვა სასამართლო რეგისტრაციაზე წარმოდგენილი საბუთების არასრულყოფილების გამო, მათ შორის, საზოგადოების საწესდებო კაპიტალში ჩადებული იყო შპს „ე...-94-ის“ დამფუძნებლის - ც...ს სააქციო საზოგადოება „ე...ს“ ქონება 81300 ლარის ოდენობით ც...ს გამგეობასთან შეთანხმების გარეშე, მითუმეტეს, რომ აღნიშნული ქონება ითვლება ც...ს გამგეობის საკუთრებად და მისი გასხვისება ან გადაცემა სხვა ორგანიზაციაზე საჭიროებდა ც...ს გამგეობასთან შეთანხმებას. არასრულყოფილი და უსაფუძვლო იყო აგრეთვე 1998 წლის აუდიტის დასკვნა, შედგენილი ასევე ფიზიკური პირების - ს-ების კარნახით და თანდასწრებით, დასკვნაში შეფასებული იყო მხოლოდ ც...ს სს „ე...ს“ ქონება, მითითებული ფულადი შენატანები 2000 წლისათვის საერთოდ არ არსებობდა, და თუ არსებობდა, უნდა დაფიქსირებულიყო ფიზიკური პირების მიერ შეტანილი თანხის ოდენობა. ხარვეზიანი და არასრულყოფილი იყო აგრეთვე საზოგადოების 1998 წლის წესდება და 1998 წლის კრების ოქმი, შედგენილი ს-ების მიერ, დამფუძნებელ სააქციო საზოგადოება „ე...ს“ მონაწილეობის გარეშე. კასატორმა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 5.9 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ პალატის მიერ განხილვის გარეშე დატოვებულ იქნა ის ფაქტი, რომ არც შპს „ე...-94-ის“ დირექტორის თ. ს-ს, არც რ. ს-ს მიერ არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო მოთხოვნა სარეგისტრაციო მოწმობის მიღების შესახებ, ვინაიდან მათთვის კარგად იყო ცნობილი, რომ მოსამართლე ვერ დაარეგისტრირებდა საზოგადოებას ზემოთაღნიშნული დარღვევების გამო. ერთ-ერთ ხარვეზად მას ჩაეთვალა ისიც, რომ შპს „ე...-94-ის“ 1998 წლის წესდება არ შეესაბამებოდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებს. კასატორმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საზოგადოების დირექციას სასამართლოსაგან არ მოუთხოვია სარეგისტრაციო მოწმობა, ვინაიდან მას ჰქონდა მიღებული განჩინება ხარვეზის შესახებ, რაც გატარებულია სასამართლოს 1998 წლის გასული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალში ¹501 ნომრით. კასატორმა მიუთითა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ კანონისა და საქართველოს პარლამენტის 1997 წლის 30 აპრილის დადგენილების საფუძველზე საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ეროვნული ალიანსის „ც...ს“ და მისი სისტემის ორგანიზაციების ხელახალი რეგისტრაციის ბოლო ვადად განისაზღვრა 1998 წლის იანვარი, შპს „ე...-94-ს“ არ გაუვლია სასამართლო რეგისტრაცია და აქედან გამომდინარე, ჩაითვალა გაუქმებულად. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის მიერ არ იქნა სათანადოდ შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში დადასტურებულად იქნებოდა მიჩნეული, რომ 2000 წლიდან სს „ე...ც“ გავიდა შპს „ე...-94-ს“ შემადგენლობიდან და გაიტანა თავისი კუთვნილი ქონება 81 300 ლარის ოდენობით, რაც უნდა შესრულებულიყო 1996 წელს, თუ არა რ.ს-ს და მისი ახლო ნათესავების ინტერესები. რ.ს-მა დააფიქსირა თავისი თავი, როგორც სს „ე...ს“ გენერალური დირექტორი, თვითნებურად და ერთპიროვნულად ჩადო სს „ე...ს“ ბალანსზე რიცხული ქონება 81300 ლარის ოდენობით შპს „ე...-94-ის“ საწესდებო კაპიტალში, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის კარგად იყო ცნობილი აღნიშნული ქონების კანონიერ მესაკუთრეზე სს „ე...ზე“ გადაცემის შესახებ, იგი ესწრებოდა 2000 წლის 25 მარტის სხდომას და არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს. კასატორმა მიუთითა ასევე თ. ს-ს მიერ გაცემული რწმუნებულებებისა და მინდობილობების ხელმოწერის სიყალბეზე. კასატორის მოსაზრებით, ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების იგნორირების და შეფასების გარეშე დატოვების შედეგად 2007 წლის 10 აპრილს პალატის მიერ საქმეზე გამოტანილ იქნა არასწორი გადაწყვეტილება. კასატორმა ყოფილი მოსამართლე ა.თ-ის ცნობასთან და საბუთების დაკარგვასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ა.თ-სათვის ცნობილი იყო, რომ საბუთები ინახებოდა რ. ს-თან, რომლის მიერ 2000 წლის ივნისში სასამართლოში წარმოდგენილი იქნა შპს “ე...-94”-ის 1998 წლის გაყალბებული, შესწორებული საბუთები და აღნიშნულიAსაბუთების საფუძველზე განხორციელდა კანონის უხეში დარღვევით შპს „ე...-94-ის“ 2000 წლის 30 ივნისის სასამართლო რეგისტრაცია.

კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ საზოგადოების მოთხოვნა 1998 წლიდან რეგისტრირებულად აღიარების შესახებ არ არის ხანდაზმული, ვინაიდან ახალციხის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს თვით რ.ს-მა დაადასტურა, რომ 1998 წელს, როდესაც გავიდა ვადა და არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, მან გაასაჩივრა სასამართლოს განჩინება იუსტიციის სამინისტროში, ვისაც ეხებოდა სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი, რადგან 1998 წლისათვის სასამართლოები შედიოდნენ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, 1998 წელს მისთვის იყო ცნობილი შპს „ე...-94-ის“ რეგისტრაციის გაუტარებლობის შესახებ. პალატის მიერ არავითარი შეფასება არ იქნა მიცემული საქმეში არსებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2005 წლის 10 ოქტომბრის ¹... დასკვნას, რომლითაც დასტურდება შპს „ე...-94-ის“ წესდების გაყალბების ფაქტი. პალატის მიერ მნიშვნელობა არ მიენიჭა იმ ფაქტს, რომ ც...ს და მის სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ქონება უკვე ითვლება სახელმწიფო საკუთრებად და ამის შედეგად სააპელაციო პალატამ ერთი ხელის მოსმით გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გაუქმდეს, როგორც დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ეროვნული ალიანსი “ც...” სს “ე...ს” გენერალური დირექტორის ა. გ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს “ე...-94”-ის სარჩელი სამეწარმეო რეესტრში შპს “ე... 94-ის” რეგისტრაციის თარიღად 1998 წლის 12 ოქტომბრის დადგენისა და საგადასახადო ორგანოსათვის შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს “ე... 94-ის” წარმომადგენელმა 1998 წლის 28 სექტემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან საქმის მასალებში არ მოიპოვება განჩინება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იმ დროს მოქმედი “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-5.9 მუხლის შესაბამისად, ამის გამო შპს “ე... 94-ის” რეგისტრაციის თარიღად 1998 წლის 12 ოქტომბერი მიიჩნია. სააპელაციო პალატამ ასევე ხანდაზმულად არ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა და მიუთითა, რომ შპს “ე... 94-ის” წარმომადგენელმა 2000 წლის 30 ივნისიდან შეიტყო რეგისტრაციაში გატარების შესახებ, ხოლო მასში ცვლილებების განხორციელების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2004 წლის 6 აგვისტოს. საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მოსაზრებები, რადგან სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსულუტურ საფუძველს წარმოადგენს. ამიტომ, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ე... 94-ს” უარი უნდა ეთქვას რეგისტრაციის თარიღად სამეწარმეო რეესტრში 1998 წლის 12 ოქტომბრის დადგენის თაობაზე და მისი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია ახალციხის რაიონული სასამართლოს გასული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალში გაკეთებული ჩანაწერი იმის დამადასტურებლად, რომ მითითებული გზავნილით შპს “ე... 94-ის” დირექტორს თ.ს-ს ეცნობა საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

ტ. II ს.ფ. 34-ზე მოცემულია ახალციხის რაიონული სასამართლოს გასული ფოსტის აღრიცხვის ჟურნალში 1998 წლის 9 ოქტომბერს ¹... ჩანაწერი იმის შესახებ, რომ შპს “ე... 94-ის” დირექტორს თ.ს-ს გაეგზავნა დოკუმენტი შპს “ე... 94-ის” რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მასალების არასრულყოფილების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ჩანაწერის შეფასებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ამის გასაბათილებლად არ მიუთითებია სხვა რაიმე მტკიცებულებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსოს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თვითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თუ მოსარჩელე თვლის, რომ ამ ჩანაწერის თანახმად შპს “ე... 94-ს” 1998 წლის 9 ოქტომბერს რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტები უკან არ დაბრუნებია, მაშინ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა საპირისპირო, კერძოდ, ამ ჩანაწერის საფუძველზე შპს “ე...ს” რა დოკუმენტები გაეგზავნა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს “ე... 94-ის” წარმომადგენელმა რ. ს-მა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 ივლისის სხდომაზე განმარტა, როდესაც სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე განცხადება შეიტანა 1998 წელს სასამართლოში და არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, მან მოსამართლეს კითხა სად გაესაჩივრებინა; მან 1998 წლის სარეგისტრაციო საბუთების ასლები ამ მიზნით გადაიღო მოსამართლის ნებართვით და მისი მითითებით კონსულტაციის მიზნით მიმართა ქ.თბილისში, დეპარტამენტის ერთ-ერთ თანამშრომელს (ტ.II ს.ფ. 82). შპს “ე... 94-ის” წარმომადგენლებისათვის 1998 წელს ცნობილი რომ იყო სასამართლოს მიერ საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნულს ადასტურებს ასევე იმავე სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის შემდეგი განმარტება: საწარმო საგადასახადო და სხვა ორგანოებში რომ გაეტარებინათ რეგისტრაციაში, იმავე წელსვე და 1999 წელშიც მოითხოვეს და შეკითხვებით მიმართეს ამის თაობაზე სასამართლოს და დარწმუნდა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლო აფერხებდა შპს “ე... 94-ის” რეგისტრაციას (ტ. II ს.ფ. 80).

“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 5.9 მუხლის თანახმად სასამართლო ვალდებულია რეგისტრაცია განახორციელოს აუცილებელი საბუთების წარდგენიდან თხუთმეტი კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ამ ვადაში რეგისტრაცია არ განხორციელდება ან განმცხადებელს წერილობით არ ეცნობება მოტივირებული უარის შესახებ, საწარმო ჩაითვლება რეგისტრირებულად და სასამართლო ვალდებულია განმცხადებლის მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა. თვით შპს “ე... 94-ის” წარმომადგენლის განმარტებითაც ირკვევა, რომ თავის დროზე სასამართლოსათვის არ მიუმართავს სამეწარმეო რეესტრში 1998 წლის ოქტომბერში საწარმოს რეგისტრაციის თაობაზე მოწმობის მისაღებად.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელე ორგანიზაციამ ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისს განცხადებით მიმართა შპს “ე... 94-ის” რეგისტრაციის თაობაზე. ამ განცხადებაში არ არის მითითებული შპს “ე... 94-ის” 1998 წლიდან რეგისტრაციის თაობაზე; საყურადღებოა ისიც, რომ განმცხადებელი ითხოვს შპს “ე... 94-ის” სამეწარმეო რეესტრში გატარებას და არა მის ხელახალ რეგისტრაციას. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თუ მოსარჩელეს საზოგადოება სამეწარმეო რეესტრში 1998 წლიდან რეგისტრირებულად მიაჩნდა, მაშინ მას უნდა მიეთითებინა აღნიშნულის შესახებ, რის თაობაზეც საერთოდ არ არის ნახსენები ამ განცხადებაში (ტ. III ს.ფ. 144-145).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს “ე... 94-ის” წარმომადგენლისათვის ჯერ კიდევ 1998 წელს ცნობილი იყო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და მან აღნიშნული საკითხი სადავო გახადა მხოლოდ 2004 წელს, რაც შპს “ე... 94-ის” სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაციის ეროვნული ალიანსი “ც...ს” სს “ე...ს გენერალური დირექტორი ა. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

შპს “ე...-94”-ის სარჩელი სამეწარმეო რეესტრში შპს “ე... 94-ის” რეგისტრაციის თარიღად 1998 წლის 12 ოქტომბრის დადგენისა და საგადასახადო ორგანოსათვის შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციის დავალების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.