Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №90აპ-16 ქ. თბილისი

გ. თ., 90აპ-16 11 ივლისი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 მაისის განაჩენით თ. გ., – დაბადებული ----- წლის -----ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) და თითოეული ეპიზოდისათვის მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით თ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 22 მაისიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2014 წლის 16 დეკემბრიდან 2015 წლის 15 იანვრის ჩათვლით.

ამავე განაჩენით ნ. ბ., – დაბადებული ---- წლის ----ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) – 5-5 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (5 ეპიზოდი) – 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ნ. ბ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 11 სექტემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 17 დეკემბრის განჩინებით თ. გ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს – 3000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით რ. გ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ----ში, მ-ის ქ. №-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე, საკადასტრო კოდი --.--.---.--) 3000 ლარის ეკვივალენტურ წილზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა უნდა მოიხსნას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისაგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო.

მსჯავრდებულ თ. გ-თვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება.

ამდენად, არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარებისათვის ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ამდენად, მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-2, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე