Facebook Twitter

ას-497-844-07 9 ოქტომბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მ. ცისკაძე

სხდომის მდივანი – ე.ხაჩიძე

კასატორი _ დ. ნ-ე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ მ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ო-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ თ.ი-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ გარიგებისა და მინდობილობის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ო-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ნ-ისა და ზ. თ-ის მიმართ 2005 წლის 30 დეკემბრის ¹... მინდობილობისა და 2006 წლის 27 იანვრის ¹379 უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ასევე საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ შემდეგი საფუძვლით: ა.ო-ე და ზ.თ-ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც მოსარჩელემ საკუთარი სახსრებით შეიძინა ქ.ბათუმში, ... ¹17-ში მდებარე ¹32 ბინა, რომელიც აღრიცხა მეუღლის სახელზე. დროთა განმავლობაში ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა, ზ. თ-ე ოჯახიდან წავიდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 27 ივლისის კანონიერ ძალაში შესული ¹2-498 გადაწყვეტილებით, ა.ო-ის სარჩელის საფუძველზე, ზ.თ-ე ცნობილ იქნა სადავო ბინაზე უფლებადაკარგულად, საიდანაც დასტურდება, რომ უძრავი ნივთი წარმოადგენდა არა მეუღლეთა თანასაკუთრებას, არამედ ეკუთვნოდა მხოლოდ მოსარჩელეს. აღნიშნულის მიუხედავად, ზ.თ-მ კუთვნილი ქონების განკარგვის შესახებ მინდობილობა გასცა დ. ნ-ის სახელზე, რომელმაც ზემოხსენებული ბინა 7000 ლარად შეიძინა და აღრიცხა თავის სახელზე. სამოქალაქო კოდექსის 55-ე და 59-ე მუხლების მიხედვით, მითითებული მინდობილობა და ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან მათი გაფორმება მოხდა ბინის მესაკუთრის ნებართვის გარეშე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო მინდობილება, ისევე როგორც ნასყიდობის ხელშეკრულება, დაიდო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, უძრავი ნივთის მესაკუთრე ზ.თ-ის მიერ და მათი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ო-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნლემა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ა.ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა, ა. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს მ. მახ-ს მიერ დამოწმებული ზ. თ-სა და დ. ნ-ს შორის 2006 წლის 27 იანვარს დადებული ¹379 ქ.ბათუმში, ... ¹17-ში მდებარე ¹32 ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება და 2005 წლის 30 დეკემბრის ¹... მინდობილობა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ნ-მ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე მისი დამტკიცების შესახებ შემდეგი პირობებით:

1. ა. ო-ე თანახმაა, დ. ნ-ს გადაუხადოს 6000 (ექვსი ათასი) ლარი 2007 წლის 10 დეკემბრამდე.;

2. დ. ნ-ე ვალდებულებას იღებს 6000 ლარის მიღებისთანავე მის საკუთრებაში არსებული ქ.ბათუმში, ... ¹17-ში მდებარე ¹32 სადავო ბინა გადაუფორმოს ა. ო-ს საჯარო რეესტრში;

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მორიგების დამტკიცებისა და აღსრულების შემდეგ მხარეებს ერთმანეთთან პრეტენზია აღარ ექნებათ, გაეცნენ მორიგების პირობებს, ეთანხმებიან და აწერენ ხელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, თვლის, რომ მათი მოთხოვნა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მოდავე მხარეთა მიერ გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში საქმის მორიგებით დამთავრების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.

მოდავე მხარეების მიერ შედგენილი მორიგების აქტი დაერთო საქმეს.

მხარეებს განემარტათ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ნ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 175 ლარის ოდენობით, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამასთან, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსახილველი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მხარეთა მორიგების შემთხვევაში, მხარეებს თანაბარწილად დაეკისრებათ სახელმწიფო ბაჟის კანონით გათვალისწინებული ოდენობის ნახევარი. მოცემულ შემთხვევაში ა. ო-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, ამდენად, დ. ნ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 350 ლარის ნახევარი _ 175 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დამტკიცდეს მორიგება სამოქალაქო საქმეზე ა. ო-ის სარჩელის გამო დ. ნ-ის მიმართ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მინდობილობის ბათილად ცნობის თაობაზე შემდეგი პირობებით:

1. ა. ო-ე თანახმაა, დ. ნ-ს გადაუხადოს 6000 (ექვსი ათასი) ლარი 2007 წლის 10 დეკემბრამდე.;

2. ა. ო-ის მიერ თანხის გადახდის შემდეგ დ. ნ-ის საკუთრებაში არსებული ქ.ბათუმში, ... ¹17-ში მდებარე ¹32 სადავო ბინა საჯარო რეესტრში აღირიცხოს ა. ო-ის საკუთრებად;

გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება.

შეწყდეს სამოქალაქო საქმის წარმოება ა. ო-ის სარჩელის გამო დ. ნ-ის მიმართ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მინდობილობის ბათილად ცნობის თაობაზე.

დ. ნ-ს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 175 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.