ას-499-846-07 5 ოქტომბერი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ი-ე, ს. მ-ე და მ. მ-ე (მოსარჩელეები)
წარმომადგენელი _ გ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ .. ..” (მოპასუხე)
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. მ-მ 2005 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ვ. ც-ისა და საარსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 17 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ამოწერილი ¹2-918 სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და სააღსრულებო წარმოების მოქმედების შეჩერება. მოსარჩელის მითითებით, ამ გადაწყვეტილებით ისინი ... ქარხნის ადმინისტრაციის სარჩელის საფუძველზე გამოსახლებულ იქნენ ქ.ბათუმში, ... ქ. ¹20-ში მდებარე საცხოვრებელი ფართიდან. მათი მოსაზრებით, აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი უკანონოა და მისი აღსრულება უნდა შეჩერდეს, რადგან ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული, იგი გასაჩივრებული იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში. მოსარჩელეთა განმარტებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 28 მარტის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ. ც-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება; ამ გადაწყვეტილებით კი დაკმაყოფილდა ს. მ-ის და მ. ი-ის სარჩელი ვ. ც-სა და ... ქარხანას შორის 2000 წლის 23 ივნისს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე. აღნიშნული სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, რაზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი. მათთან გამოცხადდა სასამართლო აღმასრულებელი, რომელმაც აცნობა, რომ არსებობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2005 წლის 25 მაისს გაცემული ¹... სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ისინი უნდა გამოსახლებულიყვნენ იმ ფართიდან, რაზეც საბოლოოო გადაწყვეტილება 2005 წლის 28 მარტს მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელეების ს. მ-ისა და მ. ი-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შეჩერდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2005 წლის 25 მაისს გაცემული ¹... სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 აპრილის განჩინებით თავდაპირველი მოპასუხე ვ.ც-ე და სააღსრულებო ბიურო შეიცვალა სათანადო მოპასუხით ბათუმის ... ქარხნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით ს.მ-ის და მ.ი-ის სარჩელი სს “ .. ..” მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაცო წესით გაასაჩივრეს ს. მ-მ, მ. ი-მ და მ. მ-მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინებით ს. მ-ისა და მ. ი-ისა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე ¹2-238. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალქო სასამარლოს 1998 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ს. მ- და მ. ი-ე გამოსახლდნენ ქ.ბათუმში, ... ქ. ¹20-ში მდებარე ქარხნის I სართულზე მდებარე 26,62 კვ. მ ფართობის ბინიდან. ეს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შევიდა კანონიერ ძალაში და გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი. მოგვიანებით ს. მ-მ და მ. ი-მ სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვეს სს “ .. ..” და ვ. ც-ს შორის დადებული ხელშეკრულების ზემოხსენებული ფართის პრივატიზაციის შესახებ ბათილად ცნობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ხელშეკრულება გაუქმდა. ეს გადაწყვეტილებაც შევიდა კანონიერ ძალაში და გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი. სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება არ გამორიცხავს 1998 წლის 17 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგანაც 2003 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით 1998 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების რევიზია არ მომხდარა. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე და 267-ე მუხლებზე მითითებით ჩათვალა, რომ რადგანაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით არ გაუქმებულა და არ შეცვლილა, აპელანტის მოთხოვნა აღსრულების შეწყვეტის თაობაზე უსაფუძვლოა და საქალაქო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა იგი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ი-ის, მ. მ-ის და ს. მ-ის წარმომადგენელმა გ. გ-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სასამართლომ დაარღვია კანონის მოთხოვნა. მან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მთელ რიგ საკითხებზე, არ გაითვალისწინა საქმეში არსებული და მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. კასატორებმა მიუთითეს, რომ სასამართლომ მართალია არასათანადო მხარედ მიიჩნია ვ.ც-ე, მაგრამ არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეს არ წარმოადგენს არც სს “ .. ..”, რადგან დღევანდელი მონაცემებით და მანამდეც ის ბინები და შენობები, სადაც ქარხნის მუშაკები ოჯახებით ცხოვრობენ წარმოადგენს ქ.ბათუმის ... საკუთრებას და მათი გამოსახლების უფლება შესაბამისად გააჩნია მხოლოდ ქ.ბათუმის ... და არა ... ქარხნის სამართალმემკვიდრეს. კასატორის მოსაზრებით, სწორედ აღნიშნულ საკითხზე უნდა ემსჯელა სააპელაციო სასამართლოს. კასატორების მითითებით, ისინი წარმოადგენენ ქარხნის დამსახურებულ მუშაკებს და ეკუთვნოდათ იზოლირებული ბინები. ის გარემოება, რომ მათი გამოსახლების უფლება არა აქვს მოწინააღმდეგე მხარეს იმითაც დასტურდება, რომ 1998 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, რის გამოც აღსრულება ვერ მოითხოვა. ის გარემოება, რომ მათ სადავო ფართის მფლობელობისა და საკუთრების უფლება მიეცათ დასტურდება ბინებზე ამოწერილი ორდერებით. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ იმსჯელა იმაზეც, რომ სს “ .. ..” როგორც სამართალმემკვიდრემ მოთხოვნის უფლება დაკარგა თავისი უფლების ვ. ც-ზე გადანდობით, რომელიც არასათანადო მხარედ იქნა ცნობილი საქმეში. აქედან გამომდინარე მოცემულ დავაში არ არსებობს მოსარჩელე და 1998 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მომთხოვნი კრედიტორი. კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, ხოლო ამავე კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად არ შეამოწმა მათი მოთხოვნის დსაშვებობა და არ გაითვალისწინა მათი მხრიდან საპატიო მიზეზების არსებობა, რის გამოც ზოგიერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა ვერ იქნა წამოყენებული წინა ინსტანციაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 27 ივლისის განჩინებით მ. ი-ის, ს. მ-ისა და მ. მ-ის წარმომადგენელი გ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 10 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად;
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე სს “ .. ..” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ს. მ-ის, მ. ი-ის და მ. მ-ის წარმომადგენელი გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს. მ-ის, მ. ი-ის და მ. მ-ის წარმომადგენელი გ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ს. მ-ის, მ. ი-ის და მ. მ-ის წარმომადგენელი გ. გ-ის საკასაციო საჩივარი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.