საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
საქმე #74ap-16. ქ. თბილისი
ქ-ი ო.-74აპ–16. 13 ივლისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ პეტრე მანველიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 იანვრის განაჩენზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 თებერვლის განაჩენით ო. ქ-ი, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2004 წლის 9 ივლისის რედაქცია) – 1 წლით, ხოლო 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით ო. ქ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 იანვრის განაჩენით გაუქმდა: ო. ქ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (2004 წლის 9 ივლისის რედაქცია) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში. ო. ქ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე, საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, განემარტა უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ პეტრე მანველიშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 იანვრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე