Facebook Twitter

ას-501-848-07 19 სექტემბერი, 2007წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. ე-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ე-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 მაისის განჩინება

დავის საგანი _ დაუსწრებელი გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2005 წლის 8 სექტემბერს ზ. ე-მა სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე მ. ე-ს მიმართ და მოითხოვა მოპასუხესა და მის შვილს _ ნ. ე-ს შორის დადებული ვენახის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მ. ე-სათვის ვენახით სარგებლობის აღკვეთა და ვენახის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ე-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნ. ე-სა და მ. ე-ს შორის ვენახის ყიდვა-გაყიდვის შესახებ დადებული ზეპირი გარიგება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ზ. ე-მა, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საქმის ზეპირი განხილვისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი ზ. ე-ი. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მ. ე-ს შუამდგომლობა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე და 2006 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით უცვლელად დატოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზ. ე-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განჩინებით ზ. ე-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ე-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ სხდომის დღის თარიღად, ნაცვლად 2006 წლის 26 სექტემბრისა, სასამართლოს მხრიდან ცნობილი იყო 2006 წლის 27 სექტემბერი, რის გამოც მისი გამოუცხადებლობა საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ზ. ე-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 233-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ვერ გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ ყოფილა სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ან სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომლებსაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, ან, თუ გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარემ მის წინააღმდეგ წამოაყენა.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან დადგენილია, რომ ზ. ე-ს სსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით ეცნობა სხდომის შესახებ (ს.ფ. 75) ასევე დადგენილია, რომ 233-ე მუხლში მითითებულ სხვა გარემოებებს, რომელიც კასატორის გამოუცხადებლობას გაამართლებდა, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

კასატორის მტკიცებით, სხდომის დღის შესახებ სასამართლომ ნაცვლად 2006 წლის 26 სექტემბრისა, აცნობა 2006 წლის 27 სექტემბერი, რის გამოც მისი გამოუცხადებლობა საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის განხილვის გადადებისას დანიშნავს ახალ სასამართლო სხდომის დღეს და ამის შესახებ აცნობებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, რასაც ისინი ადასტურებენ ხელის მოწერით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 ივნისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე სასამართლომ დაადგინა, რომ საქმე განიხილებოდა 2006 წლის 26 სექტემბერს, რის შესახებაც აცნობა სასამართლო პროცესზე გამოცხადებულ პირებს, მათ შორის, ზ. ე-საც, რაც მან დაადასტურა პირადი ხელმოწერით (ს.ფ.75).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს; ზ. ე-ს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდება საქმის მასალებით, განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ე-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 მაისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.