¹ას-501-886-06 5 თებერვალი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე. მ-ი (მოსარჩელე; მოპასუხე შეგებებულ
სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ი (მოპასუხე; მოსარჩელე
შეგებებულ სარჩელში)
დავის საგანი:
სარჩელში – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
შეგებებულ სარჩელში _ ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის გაუქმება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე. მ-მა 2003 წლის იანვარში სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ. მ-ის მიმართ და მოითხოვა ნ. მ-ის და მისი ცოლ-შვილის უკანონო მფლობელობიდან საცხოვრებელი სახლის გამოთხოვა, ხოლო ნ. მ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის გაუქმება.
გორის რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 18 მაისს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი.
ნ. მ-მა 2005 წლის 27 მაისს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვა და საქმის წარმოების განახლება.
გორის რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 8 სექტემბერს გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. მ-ი თავის ცოლ-შვილთან ერთად გამოსახლებულ იქნა მოსარჩელე ე. მ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე გორის რაიონის სოფელ ... . არ დაკმაყოფილდა ნ. მ-ის შეგებებული სარჩელი ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის გაუქმების თაობაზე.
მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. მ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 სექტემბრის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 18 მაისს გამოიტანა პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. 2005 წლის 31 მაისს გორის რაიონული სასამართლოს განჩინებით დასაშვებად იქნა მიჩნეული ნ. მ-ის საჩივარი და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა 7 ივნისს. 2005 წლის 7 ივნისის საოქმო განჩინებით გორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა და დაინიშნა საქმის განხილვა.
2005 წლის 23 ივნისს ნ. მ-ის წარმომადგენელმა ადვოკატმა გ. მ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს იმის თაობაზე, რომ მას მოტეხილი ჰქონდა ძვლის ფუძე და მოითხოვა პროცესის გადადება. 2005 წლის 23 ივნისს გორის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლითაც საქმის წარმოება შეჩერდა წარმომადგენლის გამოჯანმრთელებამდე. 2005 წლის 30 აგვისტოს გ. მ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების გამო მოითხოვა საქმის წარმოების განახლება. 2005 წლის 1 სექტემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლითაც საქმის წარმოება განახლდა. 2005 წლის 8 სექტემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ ნ. მ-ის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, მხარე სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გაფრთხილებული არ იყო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. საქმეში წარმოდგენილია უწყების ყუები, სადაც რიცხვი 14 გადასწორებულია 8 სექტემბრად. ნ. მ-ზე გადასაცემ უწყებას ხელს აწერს წარმომადგენელი გ. მ-ი.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა ნ. მ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სხდომის დღის თარიღი გადასწორებულია, ვინაიდან ნ. მ-ის მიერ სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას წარმოდგენილ იქნა ზემოთმითითებული უწყების დედნის პირველი ნაწილი, სადაც მითითებულია, რომ ნ. მ-ი პროცესზე დაბარებულია 14 სექტემბერს 14 საათზე. ამიტომ პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ნ. მ-ი სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებულ იქნა 14 სექტემბრისათვის და თავისთავად ცხადია 8 სექტემბერს პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატამ ჩათვალა, რომ არსებობს იმავე კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. მ-მა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2006 წლის 13 ივლისის სხდომაზე გამოცხადდნენ მოწინააღმდეგე მხარე და მისი წარმომადგენელი, რომელმაც წარმოადგინა გაყალბებული უწყება, სადაც აშკარად შეინიშნებოდა გადასწორების კვალი იმ უწყებაზე, რომელიც ჩაბარდა მხარეს 2006 წლის 8 სექტემბერს დანიშნულ პროცესზე გამოსაცხადებლად. კასატორმა მიუთითა, რომ მან მიანიშნა სასამართლოს, რომ მხარის წარმომადგენლის მიერ ნ. მ-ზე გადასაცემად წაღებული უწყება იყო გადასწორებული და გაყალბებული, ნაცვლად 8 სექტემბრისა, მითითებული იყო თარიღი 14 სექტემბერი, რაზედაც ააგო მხარის წარმომადგენელმა თავისი მოთხოვნა და სასამართლო შეიყვანა შეცდომაში; ვინაიდან უწყება წაღებული იქნა მოპასუხეზე გადასაცემად, თვითონ წარმომადგენლის გ. მ-ის მიერ და ცხადია მას ჰქონდა ამის შესაძლებლობა, რომ მოეხდინა უწყების გაყალბება.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლო შეტყობინებაზე სხდომის თარიღის გადაშლა, გაყალბების ფაქტი აშკარა იყო, ამიტომ სააპელაციო პალატას იგი უნდა გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოსათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის მოთხოვნათა საფუძველზე ამავე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილით სიყალბის დადგენის შესახებ; სასამართლოს არ უნდა მიეღო მტკიცებულებად მხარის მიერ გაყალბებული უწყება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ე. მ-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 316 (სამას თექვსმეტი) ლარის 70%, რაც 221.20 (ორას ოცდაერთ ლარს და ოც თეთრს) ლარს შეადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ე. მ-ის საკასაციო საჩივარი.
კასატორს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 221.20 (ორას ოცდაერთი ლარი და ოცი თეთრი) ლარი.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.