¹ას-502-887-06 12 აპრილი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს “მ....ის” დირექტორი ზ. ღ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ .. .. ..” (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს “მ...ის” დირექტორმა ზ. ღ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სს “.. .. ..” მიმართ, რომლითაც მოითხოვა ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტით დარიცხული თანხის ჩამოწერა, რაც იმით დაასაბუთა, რომ 2004 წლის 26 აგვისტოს შპს “მ...ის” ობიექტზე ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების შედეგად შედგა აქტი მრიცხველის არასწორად მუშაობის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით მრიცხველი ლაბორატორიაში შემოწმდა, რომლის დასწრებაზეც მოსარჩელეს, როგორც დაინტერესებულ პირს, უარი განუცხადეს. მოსარჩელის განმარტებით, მრიცხველის გაუმართაობის შესახებ ცნობილი არ იყო არც შპს “მ....ისა” და არც სს “ .. .. ..” წარმომადგენელთათვის, რადგან ამ უკანასკნელთა მიერ წლების მანძილზე ყოველთვიურად მოწმდებოდა მრიცხველის ჩვენება და მოსარჩელე იხდიდა ელექტროენერგიის საფასურს, რაც დასტურდება წარმოდგენილი ქვითრებით. მოსარჩელის მოსაზრებით, ჩვენება არ უნდა გაზრდილიყო და მრიცხველს ყოველთვიურად უნდა აღერიცხა 1400 ან 1500 ლარი. მრიცხველის გასაღები ინახება სს “ .. .. ..” წარმომადგენელთან, შესაბამისად, მათ მრიცხველთან შეხება არ აქვთ. ამდენად, აქტი შედგა არასწორად და კანონის დარღვევით.
მოპასუხე სს “ .. .. ..” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ელექტროენერგიის შემოწმების აქტი დგება სემეკის ¹15 დადგენილების მე3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. ობიექტის ხელმძღვანელი სასურველია, რომ ესწრებოდეს აქტის შედგენას, მაგრამ მათი არყოფნის შემთხვევაშიც შეიძლება შედგეს აქტი. მრიცხველის ლაბორატორიულმა შემოწმებამ დაადასტურა, რომ მისი მექანიზმი დაზიანებულია, რის გამოც იგი აღრიცხავდა მოხმარებული ელექტროენერგიის 57%-ს. საწარმოს ხელმძღვანელის მიერ მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმებისას აქტზე გაკეთდა შენიშვნა იმის შესახებ, რომ მან არ იცოდა მრიცხველი მისი ობიექტის იყო თუ არა და სურდა სპეიალისტის მონაწილეობა, რასაც სემეკის ¹15 დადგენილება არ ითვალისწინებს და შემოწმებისას საკმარისია საწარმოს ხელმძღვანელის დასწრება.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “მ...ის” სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2004 წლის 26 აგვისტოს ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის აქტი ¹... და შპს “მ....” გათავისუფლდა აღნიშნული აქტის საფუძვლზე დარიცხული ჯარიმის – 4575 ლარის გადახდისაგან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ .. .. ..”.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სს “ .. .. ..” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “ .. .. ..” დირექტორის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ .. .. ..” დირექტორმა ზ. ღ-მა, რითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 20 დეკემბრის განჩინებით შპს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის გარემოებები, კერძოდ, სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სემეკის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების მე-6 მუხლის არასწორად გამოყენების თაობაზე, რამდენადაც მითითებული მუხლით გათვალისწინებული მეთოდი ელექტროენერგიის დარიცხვისა, გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა აღრიცხვიანობა მოშლილია აბონენტისაგან დამოუკიდებლად და მართებულად მიიჩნია ამავე დადგენილების მე-7 მუხლის გამოყენება, რომელიც ადგენს ელექტროენერგიის დარიცხვის წესს მისი დატაცებისას, ვინაიდან ამავე მუხლის მე-8 ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მრიცხველის მექანიზმის დაზიანება ან კბილანების მოქლიბვა მიჩნეულია ელექტროენერგიის დატაცებად. მხარეები ასევე არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ ელექტრომრიცხველის განთავსების წესს განსაზღვრავს სს “ .. .. ..”, ასევე სადავო აქტის შედგენის დღეს კარადა, რომელშიც განთავსებული იყო მრიცხველი, დაზიანებული არ ყოფილა. ამასთან, ზემოაღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გამოყენებული ტერმინი – აღრიცხვიანობის დარღვევა ნიშნავს მომხმარებლის ბრალით ნებისმიერ დარღვევას. ამდენად, ელექტროენერგიიის აღრიცხვიანობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის წესის განსაზღვრისას უტყუარად უნდა დადგინდეს მომხმარებლის ბრალეულობა, რაც სასამართლოს დადგენილი განჩინებით არ გამოუკვლევია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა დაადგინოს ელექტრომრიცხველის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და აქტის შედგენის დღეს სადავო ელექტრომრიცხველის დაცვის ხარისხი. სასამართლომ ასევე უნდა გამოარკვიოს ხელი შეუწყო თუ არა სს “ .. .. ..” წარმომადგენელთა ბრალეულმა ქმედებამ ელექტროენერგიის დატაცებას, ასევე უნდა დადგინდეს ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის დარღვევაში მომხმარებლის ბრალეულობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სს “ .. .. ..” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “მ....ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები, კერძოდ, შპს “მ....ის” მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვიანობა შემოწმდა 2004 წლის 26 აგვისტოს და შედგა აქტი ¹...., რომლის დასკვნით ნაწილში მითითებულია შემდეგი:, ორი საათის განმავლობაში ობიექტზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ მრიცხველის დისკი ბრუნავდა ნორმალურად, მაგრამ ორი საათის განმავლობაში, ნაცვლად 27 კვტ.სთ ელექტროენერგიისა, აღირიცხა 13,5 კვტ.სთ. აქტში ასევე მიეთითა, რომ მრიცხველი საჭიროებდა ლაბორატორიულ შემოწმებას. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ზემოაღნიშნული აქტის შედგენისას “ს...ის” 2001 წლის 31 დეკემბრის @1 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის აღრიცხვის მეთოდიკის” მე-6 მუხლის მოთხოვნა არ დარღვეულა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მითითებული მრიცხველი ლაბორატორიულად შემოწმდა კანონდარღვევით და ბრძანება მისი განთავისუფლების თაობაზე უკანონოა.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “მ....ის” დირექტორმა ზ. ღ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა ელექტროენერგიის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და სადავო ელექტრომრიცხველის დაცულობის ხარისხი აქტის შედგენის დღეს. კასატორი ასვე უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, ხელი შეუწყო თუ არა სს “ .. .. ..” წარმომადგენელთა ბრალეულმა ქმედებამ ელექტროენერგიის დატაცებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შპს “მ...ის” დირექტორის - ზ. ღ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად, მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 20 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
კასატორის მოწინააღმდეგე მხარე სს “.. .. ..” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა თავისი მოსაზრება, სადაც უთითებს, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს “მ....ის” დირექტორის - ზ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად სს „ .. .. ..” იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა ელექტროენერგია შპს „მ....სათვის”, რომელსაც უნდა გადაეხადა მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური.
აღნიშნული ხელშეკრულება კონსესუალურია და მისი დადების მომენტიდან მხარეებს წარმოეშვათ ამ ხელშეკრულების შესრულებისათვის აუცილებელი უფლება-ვალდებულებები.
სემეკის 2001 წლის 20 სექტემბრის ¹10 დადგენილებით დამტკიცებული სს “ .. .. ..” და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურებისა და მოხმარების პირობების ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომხმარებელმა, რომელსაც სურს სს „ .. .. ..” ელექტროენერგიის მიღება, უნდა დადოს ხელშეკრულება სემეკ-ის მიერ დამტკიცებული პირობების შესაბამისად. აღნიშნულ პირობებში შედის ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი აბონენტის (ფიზიკური ან იურიდიული პირის) დადგენა; მოთხოვნილი მომსახურების სახის დადგენა; მომხმარებლისა და სს „ .. .. ..” მიერ ამ „პირობებით” განსაზღვრული პასუხისმგებლობისა და უფლება-მოვალეობების აღიარება.
ამავე დებულებით განსაზღვრულია ასევე სს “ .. .. ..” და მის მომხმარებელს შორის წარმოშობილი უფლება-მოვალეობები, კერძოდ, სს “ .. .. ..” მის ყველა კატეგორიის მომხმარებელს უწყვეტად მიაწოდებს ელექტროენერგიას, ასევე შესყიდვისა და მიწოდებაზე გაწეულ, ლიცენზიებით გათვალისწინებულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ანგარიშსწორებას ახორციელებს მხოლოდ ს...ის მიერ საჯარო განხილვის შემდეგ დამტკიცებული საბითუმო და საცალო ტარიფებით. ამასთან, სს “ .. .. ..” და მომხმარებელი ვალდებული არიან დაიცვან ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტები და ა.შ.
იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს აღურიცხავი ელექტროენერგიის საფასურის გადახდის საკითხი, ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ ინსტიტუტის თანახმად უნდა გათვალისწინებულ იქნას მიწოდებული ელექტროენერგიის აღურიცხავობის ფაქტი, მიწოდებული ელექტროენერგიის აღურიცხავობის მიზეზები და ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი პირი (ამ საკითხის გარკვევისას უნდა გათვალისწინებულ იქნეს ბრალის საკითხი და მტკიცების ტვირთი).
ამ შემთხვევაში მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია ელექტროენერგიის მიმწოდებლისა და მომხმარებლის პასუხისმგებლობისა და ბრალის საკითხის გამიჯვნას.
მიწოდებული ელექტროენერგიის აღრიცხვის მოცულობა დგინდება ელექტროენერგიის მრიცხველისა და აღრიცხვის სისტემის მეშვეობით. „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თითოეულ მინაერთისათვის უნდა განისაზღვროს აღრიცხვის წერტილი, რომელშიც უნდა დამონტაჟდეს ელექტროენერგიის მრიცხველი და მოეწყოს აღრიცხვის სისტემა. სემეკის 2001 წლის 20 სექტემბრის ¹10 დადგენილებით დამტკიცებული სს “ .. .. ..” და მისი ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურებისა და მოხმარების პირობების ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, მოხმარებული ელექტროენერგის საფასურის გაანგარიშების მიზნით, მრიცხველის წაკითხვა უნდა მოხდეს სისტემატურად, დადგენილი განრიგის შესაბამისად).
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის დარღვევის გაანგარიშების შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილებით დამტკიცებული “სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკის” 1.2 მუხლის შესაბამისად, ამ უკანასკნელში წარმოდგენილი პრინციპები ითვალისწინებს მოხმარებული ელექტროენერგიის აღურიცხავი მოცულობის დადგენას, დატაცების აღმოჩენა - აღმოფხვრასთან დაკავშირებული მატერიალური თუ შრომითი დანახარჯების გაანგარიშებასა და დარიცხვას მაქსიმალური შესაძლო სიზუსტით.
ამ შემთხვევაში მიწოდებული ელექტროენერგიის აღურიცხავობის ფაქტი დგინდება სს „ .. .. ..” თანამშრობლების მიერ აბონენტთა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის შემოწმების შედეგად, რაც ფორმდება აქტის სახით (2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი ნაწილი).
ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ელექტროენერგიის მრიცხველი არის მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მიწოდებისა და მისი საფასურის გადახდის პირობების შესრულების შემოწმების საშუალება ანუ აღრიცხავს და აჩვენებს მოხმარებულ ელექტროენერგიას.
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილებით დამტკიცებული “სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკის” მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, აღრიცხვიანობის დარღვევა არის მომხმარებლის ბრალით ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის ნებისმიერი დარღვევა, რომელიც ელექტროენერგიის სრულად ან ნაწილობრივ აღურიცხავად მოხმარების საშუალებას იძლევა.
იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ურთიერთობებზე ვრცელდება ნასყიდობის ხელშეკრულების ინსტიტუტი მომხარებელს ეკისრება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობას მოჰყვება მომხმარებლის პასუხისმგებლობა. აღნიშნული პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის მნიშვნელობა ენიჭება ელექტროენერგიის მრიცხველის სისწორის საკითხის დადგენას, კერძოდ, ელექტრომრიცხველის გაუმართაობა (არასწორი მაჩვენებელი) გამოწვეულია ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორებით. ზუსტად აღნიშნული ფაქტორები კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავენ ელექტრომრიცხველის გაუმართავობაზე პასუხისმგებელ პირებს და ბრალეულობის საკითხს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ისეთი სუბიექტური (და არა ობიქტური) ფაქტორების არსებობა, როგორიცაა ელექტროენერგიის მრიცხველზე ქარხნის ბრჯენის, კლიფსის გაყალბება, მექანიზმის დაზინება, გადამცემი კბილანის შეცვლა და ა.შ. მიუთითებენ მომხმარებლის ბრალეულობასა და პასუხისმგებლობაზე.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს “მ...ის” მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვიანობა შემოწმდა 2004 წლის 26 აგვისტოს, რის შესახებაც შედგა აქტი ¹... . დაკვირვების შედეგად დადგენილ იქნა, რომ მრიცხველის დისკო ბრუნავდა ნორმალურად, მაგრამ ორი საათის განმავლობაში ნაცვლად 27 კვტ.სთ. ელექტროენერგიისა აღირიცხა 13.5 კვტ.სთ. ელექტროენერგია. აქტში ასევე მიეთითა მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების აუცილებლობაზე, რომლის შემოწმების შედეგადაც გაირკვა და დასკვნაში მიეთითა, რომ “მრიცხველის ქარხნის ბრჯენი და “ .. .. ..” კლიფსი გაყალბებულია, საქსტანდარტის ბრჯენი არ აქვს, მექანიზმი დაზინებულია, შეცვლილი აქვს გადამცემი კბილანა, რომელიც აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარების 57%-ს.
სემეკის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილებით დამტკიცებული “სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკის” 7.5 შესაბამისად, ელექტროენერგიის დატაცებისას “არსებობს აღრიცხვის კვანძზე ზემოქმედებით ნორმალური აღრიცხვიანობის მოშლის მრავალი გზა, როდესაც არ არსებობს რაიმე კანონზომიერება, რითაც დატაცებული ელექტროენერგიის რაოდენობა უკავშირდება აღრიცხულს, კერძოდ, მრიცხველის ჩამოყრა, მრიცხველის გაჩერება ან შენელება და სხვ. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, დადგენილია “დატაცების ის შემთხვევები, როდესაც დატაცებული ელექტროენერგიის სიდიდე დაახლოებით პროპორციულია აღრიცხული ელექტროენერგიისა (ნაწილობრივი აღრიცხვა). კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს ელექტროენერგიის დატაცების ეს უკანასკნელი შემთხვევა, კერძოდ, მრიცხველის მექანიზმის დაზიანება და კბილანების მოქლიბვა, რაც დადგენილია მოცემული ელექტრომრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, რომლის დასკვნაშიც მითითებულია, რომ “მრიცხველის ქარხნის ბრჯენი და “თ...ის” კლიფსი გაყალბებულია, საქსტანდარტის ბრჯენი არ აქვს, მექანიზმი დაზინებულია, შეცვლილი აქვს გადამცემი კბილანა, რომელიც აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარების 57%-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “მ...მა” ელექტროენერგია დაიტაცა, საქმის მასალებითა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ელექტრომრიცხველის მიერ აღრიცხული ელექტროენერგია და მომხმარებლის მიერ გადახდილი ელექტროენერგიის საფასური სრულიად არ შეესაბამებოდა რეალურ დანახარჯს, რაც დადგენილ იქნა მითითებული მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად.
ამ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მომხმარებელს აკისრია მისი ბრალის არარსებობის მტკიცების ტვირთი.
ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რადგან იგი ვერ უთითებს (და ამდენად არ დასტურდება) იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლებელია დარღვეულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ კასატორის ბრალის არარსებობის მტკიცებულებების დადგენასთან დაკავშირებით, ამდენად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს კასატორის ბრალეულობის ფაქტს.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ კასატორი ვერ უთითებს იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა დარღვეულია სააპელაციო სასამართლოს მიერ და უკავშირდება ელექტრომრიცხველის შემოწმების კანონიერებას.
კერძოდ, საკასაციო პალატა თვლის, რომ რამდენადაც ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარებისა და დატაცების ფაქტების აღმოჩენა და აღმოფხვრა გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს, სწორედ ამის დასარეგულირებლადაა ამავე დადგენილებით ჩამოყალიბებული მკაფიოდ განსაზღვრული წესების სისტემა დარღვევის აქტის შედგენისა და დარიცხვის პრინციპების შესახებ, კერძოდ, მითითებული დადგენილების 3.6. მუხლის შესაბამისად, დადგენილია, რომ “აქტის შედგენას ესწრება აბონენტი ან მისი წარმომადგენელი. საბიუჯეტო ან კომერციულ სექტორში აბონენტს შეუძლია წარმოადგენდეს ობიექტის ხელმძღვანელი ანდა ელექტრომეურნეობაზე პასუხისმგებელი პირი”.
განსახილველი ნორმით დაცულია კონკრეტულ შემთხვევაში სს „.. .. ..” წარმომადგენლის მიერ მრიცხველის წაკითხვასა და შემოწმებასთან დაკავშირებული უფლებამოსილების განხორციელება. ამასთან ერთად მომხმარებელი ვალდებულია, ხელი შეუწყოს სს „.. .. ..” წარმომადგენელს აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად.
ამრიგად, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილებით 3.6 მუხლი უფლებას აძლევს სს „.. .. ..” თანამშრომლებს, მათ მიერ აბონენტთა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების თაობაზე აქტი შეადგინონ აბონენტის ან მისი წარმომადგენელის გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ მითითებული კანონი არ დარღვეულა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “მ...ის” დირექტორის - ზ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 30 მაისის გადაწვეტილება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.