¹ას-503-814-09 14 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ბ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-შვილი, მ. მ-ძე, ლ. კ-ძე, ლე. კ-შვილი (მოსარჩელეები)
დავის საგანი – მემკვიდრედ ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 22 დეკემბერს სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. კ-შვილმა, მ. მ-ძემ, ლ. კ-ძემ და ლე. კ-შვილმა მ. ბ-ძის, ვ. კ-შვილის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სამოქალაქო რეესტრის სამსახურის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმებისა და მემკვიდრედ ცნობის შესახებ.
2008 წლის 25 იანვარს მოსარჩელეებმა სასამართლოს მიმართეს გადიდებული სარჩელით და საბოლოოდ მოითხოვეს: ბათილად იქნეს ცნობილი სოფელ ... შ. კ-შვილის კომლში ვ. კ-შვილის 1986 წლის 22 აგვისტოს და მ. ბ-ძის (თვე, წელი და რიცხვი დაუდგენელია) საკომლო წიგნში მათი კომლის წევრად ჩაწერა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თერჯოლის სამსახურის მიერ 1998 წლის 10 ნოემბერს განხორციელებული ვ. კ-შვილისა და 2005 წლის 27 სექტემბერს მ. ბ-ძის რეგისტრაცია სოფელ ..., ასევე ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის სააგენტოს თერჯოლის სამსახურში 2007 წლის 23 ოქტომბერს (ნაკვეთი ¹028 0.190 კვ.მ, ნაკვეთი ¹031 0.140 კვ.მ ნაკვეთი ¹033, 0,181, ნაკვეთი 34 0.082, ნაკვეთი ¹063 0.249 კვ.მ) სარეგისტრაციო ზონა თერჯოლა, სექტორის სოფელი ..., ასევე 2007 წლის 10 დეკემბერს ნაკვეთი 0.166 კვ.მ ¹029, (რომელზედაც საცხოვრებელი სახლია განთავსებული, საერთო ფართი 614,21 კვ.მ) განხორციელდა რეგისტრაცია, რომლითაც თანასაკუთრების უფლებით ვ. კ-შვილისა და მ. ბ-ძეს დაურეგისტრირდათ ზემოთ მითითებული ქონება.
შ. კ-შვილის შვილები, მოსარჩელეები მ. კ-შვილი, მ. მ-ძე, ლ. კ-ძე, ლე. კ-შვილი ცნობილ იქნენ მემკვიდრეებად აწ გარდაცვლილი შ. კ-შვილის დანაშთ ქონებაზე და ამგვარად აღირიცხა თერჯოლის საჯარო რეესტრის სამსახურში.
მოსარჩელეები სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვენ შემდეგ გარემოებათა გამო:
ა. კ-შვილსა და შ. კ-შვილს ჰყავდათ ხუთი შვილი. 1990 წელს გარდაიცვალა ა. კ-შვილი, ხოლო 2007 წელს შ. კ-შვილი. დედის გარდაცვალების შემდეგ ერთ თვეში გარდაიცვალა შ. კ-შვილის ერთი შვილი თ. კ-შვილი, რომელსაც დარჩა შვილი ვ. კ-შვილი და რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე მ. ბ-ძე.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ შ. კ-შვილის ქონება, რომელიც კანონით მის შვილებზე უნდა გადასულიყო, უკანონოდ გაიფორმეს მხოლოდ თ. კ-შვილის მეუღლე მ. ბ-ძემ და თ.-ს შვილმა ვ. კ-შვილმა, ანუ საჯარო რეესტრის თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურმა ისინი უკანონოდ დაარეგისტრირა შ. კ-შვილის საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებად, კერძოდ, თავის დროზე ვ. კ-შვილისა და მ. ბ-ძის შ. კ-შვილის კომლში ჩაეწერა უკანონოდ, დარღვეულ იქნა „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. კ-შვილის, მ. მ-ძის, ლ. კ-ძისა და ლე. კ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურმა, ასევე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ვ. კ-შვილმა და მ. ბ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თერჯოლის სარეგისტარციო სამსახურის, ვ. კ-შვილისა და მ. ბ-ძის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერების ბათილად ცნობის, შ. კ-შვილის დანაშთ ქონებაზე მოსარჩელეთა მემკვიდრედ ცნობისა და საჯარო რეესტრში შესაბამისად რეგისტრაციის განხორციელების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. კ-შვილი, მ. მ-ძე, ლ. კ-ძე და ლე. კ-შვილი ცნობილ იქნენ შ. კ-შვილის დანაშთი ქონების, თერჯოლის რაიონის სოფელ ... მდებარე ¹08 კვარტალში არსებული, ¹028 0190 ჰა, ¹031 0,149 ჰა, ¹033 0181 ჰა, ¹034 0,082 ჰა, ¹0,63, 0,249 ჰა, ¹029, 0,166 ჰექტარი და ამ მიწის ნაკვეთზე მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/5-ის მემკვიდრედ, ასევე შევიდა შესაბამისი ცვლილებები საჯარო რეესტრის ჩანაწერებში. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ დადგენილი, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ... არსებობდა კოლმეურნეობა, რომელიც 1968 წლის 1 იანვარს შეუერთდა თერჯოლის სანერგე მეურნეობას და შეწყვიტა ფუნქციონირება. თავის მხრივ, თერჯოლის სანერგე მეურნეობა გაუქმდა 1993 წლის 5 სექტემბერს. დადგენილად ასევე ცნო, რომ თერჯოლის რაიონის სოფ. ...-ის კოლმეურნეობაში არსებობდა ა. კ-შვილის კომლი, რომელიც 1968 წლის 1 იანვრისათვის შედგებოდა ა. კ-შვილის, შ. კ-შვილის, ლ. კ-ძისა და ლე. კ-შვილისაგან.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კოლმეურნეობა წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ერთგვარ ნაირსახეობას. საკოლმეურნეო კომლი კი იყო კოლმეურნეობაში შემავალი სამართლის სუბიექტი. ეს განაპირობებდა საკოლმეურნეო კომლის განსხვავებული, სპეციალური სამართლებრივი რეგულირების აუცილებლობას.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 1968 წლის 1 იანვარს, სოფ. ... კოლმეურნეობის გაუქმებასთან ერთად შეწყვიტა არსებობა ა. კ-შვილის საკოლმეურნეო კომლმა. ამის შემდეგ, 1964 წლის რედაქციით საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მისი ქონება სამართლებრივად გაიყო ა. კ-შვილს, შ. კ-შვილს, ლ. კ-ძესა და ლე. კ-შვილს შორის და ამოქმედდა ამ ქონებაზე მემკვიდრეობის საერთო წესით.
ასევე, დადგენილად ცნო, რომ 1975 წელს ა. კ-შვილისა და შ. კ-შვილის მიერ აგებულ იქნა 120 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელიც იყო ა. კ-შვლისა და შ. კ-შვილის თანასაკუთრება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ა. კ-შვილი გარდაიცვალა 1990 წლის 6 ნოემბერს. ამ დროისათვის ა. კ-შვილის ოჯახი აღარ იყო საკოლმეურნეო კომლი და ამიტომ, 1964 წლის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის რედაქციით, ამავე კოდექსის 540-ე მუხლის თანახმად, ამ დღეს გაიხსნა ა. კ-შვილის სამკვიდრო.
ა. კ-შვილის სამკვიდროს შეადგენდა ზესტაფონის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2½ ნაწილი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 1964 წლის რედაქციით, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე მუხლის მიხედვით, ა. კ-შვილის 1-ლი რიგის მემკვიდრეები იყვნენ, მეუღლე, შ. კ-შვილი და შვილები მ. კ-შვილი, მ. მ-ძე, ლ. კ-ძე, ლე. კ-შვილი და თ. კ-შვილი. ა. კ-შვილის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდროს გახსნიდან 6 - თვიან ვადაში მის სამკვიდროს დაეუფლა მხოლოდ შ. კ-შვილი. ამდენად, ა. კ-შვილის სამკვიდრო მიიღო მხოლოდ შ. კ-შვილმა და 1964 წლის რედაქციით, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის თანახმად, გახდა ამ ქონების მესაკუთრე. 1995 წლის 20 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტით შ. კ-შვილს სოფ. ... გამოეყო 0,94 ჰა მიწა 5 ნაკვეთად. საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის ამოქმედების თაობაზე მე-2 პუნქტის თანახმად, ზემოხსენებული მიწის ნაკვეთები, ასევე ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო საცხოვრებელი სახლი, გამოცხადდა შ. კ-შვილის საკუთრებად.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზემოხსენებული მიწის ნაკვეთები ეკუთვნოდა საკომლო მეურნეობას. პალატამ მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო არა, როგორც საკომლო მეურნეობა, არამედ როგორც შ. კ-შვილის საკუთრება. საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერი სადავო ქონების მ. ბ-ძისა და ვ. კ-შვილის თანასაკუთრების შესახებ ნაწილობრივ მცდარია. ამ პირებს სადავო ქონებაში შეიძლება ეკუთვნოდეთ მხოლოდ შ. კ-შვილის სამკვიდროდან თ. კ-შვილის წილი ანუ ქონების 1/5.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მოსაზრებას საჯარო რეესტრის ჩანაწერების მთლიანად ბათილად ცნობის თაობაზე, რადგან მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს ეკუთვნით სადავო ქონების მხოლოდ 4/5 ნაწილი, ქონების 1/5 ნაწილი კი თ. კ-შვილის მემკვიდრეთა საკუთრებაა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. ბ-ძემ. მან მიუთითა, რომ, სასამართლოს აზრით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და ინვენტარის საკომლო მეურნეობად ტრანსფორმაცია დამოკიდებულია ქონების მესაკუთრის ნებაზე, ეს გამოვლენილია შ. კ-შვილის კომლის წევრების მიერ, რადგან მთელი უძრავი ქონება აღიარებულია შ. კ-შვილის კომლის საკუთრებად, ანუ ინდივიდუალურად შ. კ-შვილი არაა რეგისტრირებული, მესაკუთრედ რეგისტრირებულია ოჯახი. კომლი სპეციფიკური ხასიათის სოფლად მცხოვრები ოჯახია. “სასოფლი-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საკომლო მეურნეობა არის საადგილმამულო მეურნეობა და მეუღლეთა და ოჯახის სხვა წევრთა თანასაკუთრებას წარმოადგენს. შ. კ-შვილის კომლის სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაცია თერჯოლის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო რეესტრში განხორციელებულია 2002 წელს. ვინაიდან თანამესაკუთრეები არ არიან რეგისტრირებული, იგულისხმება, რომ ქონება რეგისტრირებულია მხოლოდ შ. კ-შვილის ინდივიდუალურ საკუთრებად რაც არასწორად იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ, მაშინ, როდესაც თანამესაკუთრეების რეგისტრაციას კანონი უკვე აღარ ავალდებულებდა. ამასთან, სარეგისტრაციო მასალებიდან ჩანს, რომ სადავო უძრავი ქონება შ. კ-შვილის ოჯახის საკუთრებადაა რეგისტრირებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო ქონების შ. კ-შვილის ოჯახის საკუთრების უფლებით აღრიცხვა საკმარისია იმისათვის, რომ ამ ურთიერთობაზე გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლით გათვალისწინებული მემკვიდრეობის მიღების წესი. იმ დროს მოქმედი “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მესაკუთრის განყოფილებაში მიეთითებოდა მესაკუთრის სახელი, გვარი, მამის სახელი და მისამართი; ჩანაწერი მესაკუთრის უფლების რაიმე შეზღუდვის შესახებ. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარეგისტრაციო ბარათის ჩანაწერებით გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით დასაშვებია ოჯახის (კომლის) წევრთა თანასაკუთრებაში არსებული მიწის ან სხვა სახის ქონების რეგისტრაციისას “მესაკუთრის” გრაფაში ოჯახის უფროსის აღრიცხვიანობა (დანარჩენი წევრებისაგან დელეგირებული პირი), ხოლო ოჯახის დანარჩენი წევრების უფლებები აღირიცხება “შეზღუდვის” გრაფაში. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ოჯახის უფროსთან ერთად ოჯახის წევრების თანამესაკუთრების შემთხვევაში ყველა თანამესაკუთრე რეგისტრირებულ უნდა ყოფილიყო “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით, უნდა აღნიშნულიყო ყველა ოჯახის დანარჩენი წევრების უფლებები, რაც მოითხოვს მათი სახელის, გვარის, მამის სახელის რეგისტრაციას. ამდენად, აღნიშნული ჩანაწერის სისწორის საწინააღმდეგოდ დადასტურებამდე ივარაუდება, რომ სადავო უძრავი ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენდა შ. კ-შვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის თანახმად, კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან. ამდენად, მხოლოდ კომლის წევრად რეგისტრაციის (ცნობის) ფაქტი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ განსახილველი ნორმით გათვალისწინებული შედეგი დადგეს. აუცილებელია, არსებობდეს სოფლად მცხოვრები პირთა გაერთიანების ის შინაარსი, რომელიც მოიცავს მათ საერთო ქონების საშუალებით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვას.
საკასაციო პალატა განმარტავს, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ სადავო სამკვიდრო ქონება შეადგენდა საკომლო მეურნეობის ნაწილს.
კონკრეტულ შემთხვევაში კასატორის მიერ არ დასტურდება ის ფაქტი, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო მეურნეობის საფუძველს, რაც უნდა შეეფასებინა და არ შეაფასა ან არასათანადოდ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.