ას-503-850-07 1 აგვისტო, 2007წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა. ს-ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი – დ. ც-
მოწინააღმდეგე მხარე – მ. უ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 22 ივნისს მ. უ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ა. ს-ის წინააღმდეგ, რომელშიც მიუთითა, რომ დაბა წყნეთში, ... ქ. 38-ში მდებარე 1064 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 73.62 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობებზე რეგისტრირებული იყო მისი საკუთრების უფლება, მაგრამ შენობაში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე უკანონოდ შეჭრილი იყო და ცხოვრობდა მოპასუხე ა. ს-ე ოჯახთან ერთად.
აღნშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ა.ს-ისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება მისი საკუთრებიდან.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვის დროს მოსარჩელის წარმომადგენელმა ა.ჩოჩიშვილმა დააზუსტა მოთხოვნა და მოპასუხე ა.ს-ისაგან და მისი ოჯახის წევრებისაგან მოითხოვა დაბა წყნეთში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი სააგარაკე სახლის თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა (დაბრუნება) თუმცა, განმარტა, რომ მოპასუხის ოჯახის წევრების შემადგენლობა და ვინაობა მათთვის უცნობი იყო.
მოპასუხე ა.ს-მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დაბა წყნეთში, სადაც ჰქონდა თავისი საცხოვრებელი სახლი, (...) დაიმეწყრა და სახლი გახდა საცხოვრებლად უვარგისი, ვინაიდან არ ჰქონდა სხვაგან წასასვლელი, თავისი ოჯახით საცხოვრებლად შევიდა სადავო შენობაში, რომელიც იყო მიტოვებული და უპატრონო და იგი შეაკეთა. აღნიშნულ სახლში ცხოვრობს 16 წელიწადია, მაგრამ იქ ცხოვრების უფლება მისთვის არავის მიუნიჭებია.
მოპასუხე ა.ს-ის წარმომადგენელმა განაცახადა, რომ სარჩელის უარყოფის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა, ვინაიდან სადავო ნაგებობაზე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის საკუთრების უფლება, მაგრამ, როდესაც 16 წლის წინათ მოპასუხემ დაიკავა ხსენებული ნაგებობა, იგი მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში, ვინაიდან მისი სახლი დანგრეული და საცხოვრებლად უვარგისი იყო და სხვა საცხოვრისი კი მას არ გააჩნდა.
მანვე განაცხადა, რომ დაბა წყნეთში, ... ქ. .¹38-ში მდებარეობდა ორი საცხოვრებელი სახლი და გაურკვეველი იყო, რომელი იყო მოსარჩელის საკუთრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით მ. უ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. დაბა წყნეთში, ... ქ. ¹38-ში, 1064 კვ.მ ფართის ¹49/3 მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 73,62 კვ.მ საკუთრების უფლებით რიცხული მ. უ-ს სახელზე, გამოთხოვილი იქნა ა. ს-ის უკანონო მფლობელობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში დაუბრუნდა მ. უ-ს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ის წარმომადგენელმა დ. ც-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილადა ა. ს-ის წარმომადგენლის დ. ც-ის სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.
პალატამ მიიჩნია, რომ დაბა წყნეთში, ... ქ. ¹38-ში მდებარე 1064 კვ.მ. კვ. მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 73,62 კვ.მ.საკუთრების უფლებით ირიცხება მოსარჩელე მ. უ-ს სახელზე, რასაც მოწმობს საქმეში წარმოდგენილი რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 3-4; 14). ამასთან, დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა დავის საგანთან დაკავშირებით არ არსებობდა. ხოლო აპელანტის მითითება გადაწყვეტილების გაუქმების იმ საფუძველზე, რომ სასამართლოს არ უმსჯელია ა. ს-ის მიერ ნივთზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რაზეც მოსარჩელე ვალდებულია აუნაზღაუროს ხარჯები, პალატამ არ გაიზიარა, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნით მათ პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიუმართავს. ამასთან, ის არგუმენტი, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში ფლობს სადაო შენობა-ნაგებობას, მისი გაუმჯობესებისთვის გაწეული აქვს ხარჯები და არ აქვს სხვა საცხოვრებელი ადგილი, არ წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების კანონიერი უფლებების შეზღუდვის საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ის წარმომადგენელმა დ. ც-მ.
კასატორის აზრით, სასამართლოს არ გაუთვალისწინებია და შესაბამისად, არ უმსჯელია მოპასუხის უფლებაზე, მიიღოს ნივთზე გაწეული იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გასწია ნივთის ფლობის განმავლობაში, მაშინ, როცა მოპასუხე ა. ს-ის ოჯახმა, რომელიც 16 წლის მანძილზე ცხოვრობს სადავო შენობა-ნაგებობაში, მოახდინა სახლის რეკონსტრუქცია, რემონტი.
აღნიშნული რეკონსტრუქცია და რემონტი აუცილებელ ხარჯებს წარმოადგენდა, რადგან 1990 წელს, როდესაც მოპასუხე ა. ს-ე ოჯახით, მისი საკარმიდამო ნაკვეთის დამეწყვრის გამო, იძულებული შეიქნა შესახლებულიყო სადავო შენობა-ნაგებოლბაში იგი აბსოლუტურად გაპარტახებული და გაძარცვული იყო. მეტიც, შენობა-ნაგებობას არ გააჩნდა სახურავი, გაძარცვის გამო ამოღებული იყო კარ-ფანჯარა და დარღვეული იყო კედლების მთლიანობა. ეს კი, ისეთი გაუმჯობესებანია რომელთა გამოყოფა ნივთის დაუზიანებლად, შეუძლებელია.
მათი მითითების მიუხედავად, სასამართლო არ დაინტერესებულა და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაშიც არ უმსჯელია იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის მონაცემის მიხედვით, მიწის ფართობი შეადგენს 1064 კვ.მ-ს, ხოლო, ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 7 მაისის განჩინებით, რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით უფლების დამადასტურებელ ერთ-ერთ იურიდიულ დოკუმენტს წარმოადგენს, 1130,32 კვ.მ. მიწის ნაკვეთია დაფიქსირებული. აღნიშნულ განჩინებაში არაფერია ნათქვამი შენობა-ნაგებობაზე, მის საცხოვრებელ ან საერთო ფართზე, მაშინ, როცა საჯარო რეესტრში დაფიქსირებულია რეალურთან შეუსაბამო საერთო ფართი.
აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ს-ის წარმომადგენლის დ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძველით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ს-ის წარმომადგენლის დ. ც-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ს-ის წარმომადგენლის დ. ც-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.