Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-422(გ-26) 4 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მიერ, თ. ბ-ის მიმართ 2026 წლის 15 აპრილს შედგენილ №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებული დავა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2026 წლის 15 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებიდან წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები თ. ბ-ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შესაძლო ჩადენის ფაქტზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 17 აპრილის (საოქმო) დადგენილებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, თ. ბ-ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, 231-ე, 261-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ როგორც წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალებით ირკვევა, 2026 წლის 11 თებერვალს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოს განცხადებით მიმართა ს. შ-ემ, რომელმაც განმარტა, რომ სოციალურ ქსელ Facebook ჯგუფში, სახელწოდებით „...“, ამავე ჯგუფის დამფუძნებელმა თ. ბ-იმა როგორც ლაივ ეთერში, ისე პოსტის კომენტარებში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, უწოდა „ზნედაცემული“, „ატროფირებული ტვინით“, „მონიკელებული ტვინით“ და სხვა. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის რეგისტრირებულ/ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ს N..., ბინა ..., შესაბამისად, საქმე ტერიტორიული განსჯადობის წესების დაცვით უნდა გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 27 აპრილის დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მიერ თ. ბ-ის მიმართ 2026 წლის 15 აპრილს შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №... ოქმი, საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე, 261-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ოქმში მითითებულია, რომ 2026 წლის 11 თებერვალს, შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოს განცხადებით მიმართა ქ. ბათუმი, ...ს ქუჩა N..., ბინა N...-ში მცხოვრებმა ს. შ-ემ, რომელმაც განმარტა, რომ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ ჯგუფში, ამავე ჯგუფის დამფუძნებელმა თ. ბ-იმა, როგორც ლაივ ეთერში, ისე პოსტის კომენტარებში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, კერძოდ, უწოდა ზნედაცემული, ატროფირებული ტვინით, მონიკელებული ტვინით და სხვა. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებით ნათლად დგინდება, რომ მითითებული მუხლის საფუძველზე დაწყებული სამართალდარღვევის საქმის განხილვა უნდა მოხდეს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით (იკვეთება იმგვარი მოცემულობა, რომ სავარაუდო სამართალდარღვევის - წვრილმანი ხულიგნობით გამოწვეული შედეგი (მოქალაქის სიმშვიდის დარღვევა) განხორციელდა იმ პირის მიმართ, რომელიც ცხოვრობს ქ. ბათუმში), მოცემულ შემთხვევაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. საქართველოს კონსტიტუციის ეს ნორმა იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით. „ამ უფლებით სარგებლობისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ვ. გელბახიანი, მ. ნიკოლაიშვილი და ა. სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 106 პ.).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. ამ მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას როგორც საგნობრივი, ასევე, ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დავა წარმოშობილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, რომლის მარეგულირებელი ნორმებიც მოცემულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების იმ ორგანოებში (თანამდებობის პირების მიერ) წარმოების წესი, რომლებიც უფლებამოსილი არიან განიხილონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, დგინდება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სასამართლოებში წარმოების წესი დგინდება ამ კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

აღნიშნული კოდექსის 261-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე, გარდა ამ კოდექსის 165​12−16523 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, და ამავე კოდექსის 177​16 და 177​17 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო თავის იურიდიულ მისამართზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ კოდექსის 115​1−1168, 118-ე–1184, 119-ე–123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამდენად, მითითებული ნორმების საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილად განსაზღვრავს მისი ჩადენის ადგილს, თუმცა აღნიშნული დანაწესიდან ადგენს გამონაკლის შემთხვევებს სწორედ ნორმაში მითითებული მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებთან დაკავშირებით. კერძოდ, 165​12−16523 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, 177​16 და 177​17 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების კი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო თავის იურიდიულ მისამართზე. ამასთან, გამონაკლის შემთხვევებში, კერძოდ, 115​1−1168, 118-ე–1184, 119-ე–123-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს ასევე სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შესაბამისად, მხოლოდ მითითებული მუხლების შემთხვევაში, კანონმდებელი სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით საქმის განხილვასთან ერთად, ადგენს ალტერნატივას სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით საქმის განხილვის თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მიერ, თ. ბ-ის მიმართ 2026 წლის 15 აპრილის №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მითითებული ნორმა კი არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილის შესახებ კანონმდებლის მიერ დადგენილი ზოგადი დანაწესიდან გამონაკლის შემთხვევას. შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ვერ იქნება განხილული სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მისი განხილვა უნდა მოხდეს მხოლოდ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით. ამდენად, ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის რეგისტრირებულ/ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, მოცემული საქმის განსჯადობის გადაწყვეტის მიზნებისთვის არარელევანტურია. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, რომელიც ტერიტორიული პრინციპით განსაზღვრავს საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის ლეგალურ დეფინიციას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ზოგადი განმარტების თანახმად, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად მიიჩნევა პირის მიერ ქმედების უშუალოდ, ფიზიკურად განხორციელების/ჩადენის ადგილი, სადაც ჩადენილი ქმედება იწვევს შედეგს, აღიქმება როგორც დარღვევა, გადაცდომა, რაც მასზე უფლებამოსილი პირების მიერ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელების საფუძველს ქმნის.

მოცემულ შემთხვევაში, საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რომელიც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას - საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს. აღსანიშნავია, რომ საქმეში წარმოდგენილი 2026 წლის 15 აპრილის №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსიდან გამომდინარე, ოქმი შედგენილია თ. ბ-ის მიერ ს. შ-ეის მიმართ სოციალურ ქსელში გაჟღერებული/დაფიქსირებული მიმართვების/კომენტარების საფუძველზე. ამდენად, სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტი განხორციელებულია სოციალურ ქსელში, ვირტუალურ სივრცეში, რის გამოც მისი უშუალოდ, ფიზიკურად ჩადენის ადგილის უტყუარად განსაზღვრა სამართალდარღვევის საქმის განხილვის ფარგლებში, შეუძლებელია. ამასთან, ამ ეტაპზე არ არსებობს მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში (სოციალურ სივრცეში განხორციელებული ქმედება), ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავდა სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს, ფიზიკურ ტერიტორიას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს ჩადენილი ქმედებით გამოწვეული შედეგის დადგომის ადგილს, ვინაიდან სწორედ ქმედება წარმოშობს შედეგს, რომელიც განაპირობებს ქმედების სავარაუდო სამართალდარღვევად მიჩნევისა და მასზე რეაგირების განხორციელების საფუძველს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სოციალურ ქსელში განხორციელებულმა ქმედებამ, დაფიქსირებულმა მიმართვებმა/კომენტარებმა შედეგი წარმოშვა ქალაქ ბათუმში მცხოვრები ს. შ-ეის მიმართ, რომელმაც შესაბამისი რეაგირებისთვის განცხადებით მიმართა შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარ სამმართველოს. სწორედ ს. შ-ეის განცხადება გახდა შემდგომში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მიერ, თ. ბ-ის მიმართ №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი. ამდენად, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიერ სოციალურ ქსელში გაჟღერებულმა მიმართვებმა და დაწერილმა კომენტარებმა, სოციალურ ქსელში ჩადენილმა ქმედებამ შედეგი წარმოშვა ქალაქ ბათუმში, სადაც უფლებამოსილი პირების მიერ მოხდა მასზე რეაგირების განხორციელება. შესაბამისად, მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით და იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ სწორედ ქმედება წარმოშობს შედეგს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად მიჩნეულ უნდა იქნას ქალაქი ბათუმი.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განსაზღვრულია თვითმმართველი ქალაქის – ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მიერ, თ. ბ-ის მიმართ 2026 წლის 15 აპრილს შედგენილი №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, განსახილველად განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მიერ, თ. ბ-ის მიმართ 2026 წლის 15 აპრილს შედგენილი №... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე