¹ას-505-741-08 30 იანვარი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. დ-ძე, მ. ლ-ძე
წარმომადგენლები _ გ. გ-ძე, ა. ბ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – რ. დ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. დ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. და შ. დ-ძეების, მ. ლ-ძისა და ზ. ა-ძის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2001 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულებით, მოსარჩელემ დედის _ შ. დ-ძისაგან საჩუქრად მიიღო ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. უძრავი ნივთი აღრიცხა რ. დ-ძის სახელზე, თუმცა კუთვნილი ქონებით ვერ ისარგებლა, რადგან სახლსა და მიწის ნაკვეთს უკანონოდ ფლობდნენ მოპასუხეები.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, თავის მხრივ, შეგებებული სარჩელი აღძრეს რ. დ-ძის მიმართ და მოითხოვეს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, ასევე შ. დ-ძის სახელზე რეგისტრირებულ კომლში თავისი და თავისი ოჯახის წევრების აღდგენა შემდეგი დასაბუთებით: მოპასუხეები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ სადავო სახლში ერთ კომლად, რომლის უფროსი იყო ი. დ-ძე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი _ შ. დ-ძე. მოგვიანებით საკრებულოს საარქივო მასალების გაცნობისას თ. დ-ძემ შეიტყო, რომ 1995 წელს იგი კანონის უხეში დარღვევით ამოწერილ იქნა მამის კომლიდან, ხოლო სასამართლო უწყებიდან მისთვის ცნობილი გახდა სადავო ჩუქების ხელშეკრულების არსებობა. ამდენად, შ. დ-ძეს, როგორც კომლის უფროსს, არ ჰქონდა უფლება, ერთპიროვნულად გაესხვისებინა კომლის წევრთა თანასაკუთრებაში არსებული ქონება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, თ. დ-ძისა და მ. ლ-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2001 წლის 6 თებერვალს შ. დ-ძესა და რ. დ-ძეს შორის სანოტარო წესით დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება და მოპასუხეები აღდგენილ იქნენ კომლის წევრებად ურეხის თემის საკრებულოში შ. დ-ძის სახელზე რეგისტრირებულ კომლში 1995 წლის 20 დეკემბერს არსებული მდგომარეობით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. დ-ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და მოპასუხეების შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციების სასამართლოების მიერ და ბოლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით, რ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. დ-ძე, მ. ლ-ძე, შ. დ-ძე და ზ. ა-ძე გამოსახლებულები იქნენ ხელვაჩაურის რაიონის ურეხის საკრებულოს, ...-ის, ...-ის ¹29ა-ში მდებარე რ. დ-ძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ნაწილიდან და მათ სარგებლობაში დარჩა ამ საცხოვრებელი სახლის 20 კვ. მ ერთი ოთახი და 20 კვ.მ მიწის ნაკვეთი; თ. დ-ძის, მ. ლ-ძის, შ. დ-ძისა და ზ. ა-ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა რ. დ-ძის საკუთრებაში არსებული 1480 კვმ მიწის ნაკვეთი და გადაეცა მოსარჩელეს; თ. დ-ძის, მ. ლ-ძის, შ. დ-ძისა და ზ. ა-ძის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შ. დ-ძესა და რ. დ-ძეს შორის 2001 წლის 6 თებერვალს დადებული ჩუქების ხელშეკრულებიდან ამოირიცხა საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის ნაწილი (20 კვ.მ), დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2001 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულებით შ. დ-ძემ რ. დ-ძეს აჩუქა ხელვაჩაურის რაიონის ურეხის საკრებულოში, ...-ის ...-ის ¹29ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი; ი. დ-ძის ოჯახი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს;
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის ¹949 დადგენილებასა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტის თანახმად, 1993 წლიდან საკოლმეურნეო კომლი გაუქმდა და, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 122-ე და 125-ე მუხლების მიხედვით, მისი ქონება თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა კომლის წევრებზე.
ი. დ-ძის საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროისთვის, საკოლმეურნეო კომლის წევრები იყვნენ: ი. დ-ძე, შ. დ-ძე, თ. დ-ძე, მ. დ-ძე, ნ. დ-ძე, მ. დ-ძე და შ. დ-ძე, შესაბამისად, სადავო სახლი წარმოადგენდა მითითებული პირების საერთო საკუთრებას თანაბარი წილის უფლებით; მათ წარმოეშვათ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება, რომლითაც არ უსარგებლიათ და, შესაბამისად, სადავო გარიგების დროს, როგორც სახლზე, ისე მიწის ნაკვეთზეც ერთადერთი მესაკუთრე საჯარო რეესტრის თანახმად, იყო შ. დ-ძე, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
ურეხის საკრებულოს 1995 წლის 20 დეკემბრის ¹81 გადაწყვეტილებით თ. დ-ძე, მ. დ-ძე, მ. დ-ძე, ნ. დ-ძე და შ. დ-ძე ცალკე კომლად გამოეყვნენ, ცვლილებები შევიდა საკომლო წიგნში და თ. დ-ძის ოჯახი ცალკე კომლად აღირიცხა;
გაჩუქებულ ნივთზე გარიგების დროს შ. დ-ძის გარდა, უფლებები გააჩნდათ სხვა პირებსაც, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ. დ-ძე არ იყო უფლებამოსილი ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება ქონების გასხვისებაზე, შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა სადავო გარიგების ბათილობის საფუძვლები;
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო გარიგების დადების დროისათვის რეესტრის ჩანაწერი, რომლის თანახმად, სადავო ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო შ. დ-ძე, გასაჩივრებული არ ყოფილა, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გარიგება ბათილი იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თუ აპელანტს ეცოდინებოდა, რომ გაჩუქებულ უძრავ ქონებას შ. დ-ძის გარდა სხვა მესაკუთრეც ჰყავდა.
იმის გათვალისწინებით, რომ სადავო გარიგების დადების დროისათვის აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე საკომლო წიგნების მონაცემებით კომლის წევრად აღარ ირიცხებოდა, პალატამ დაადგინა, რომ რ. დ-ძე რეესტრის მონაცემების მიმართ კეთილსინდისიერი იყო, შესაბამისად, რ. დ-ძეს არ შეიძლება სცოდნოდა, რომ შ. დ-ძე გაჩუქებული ქონების ერთპიროვნული მესაკუთრე არ იყო და ქონებაზე უფლებრივი პრეტენზიები მოწინააღმდეგე მხარესაც გააჩნდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც დაიდო გასაჩივრებული გარიგება, შემძენისათვის ითვლებოდა სწორად, რის გამოც გარიგების ბათილად აღიარება დაუშვებლად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. დ-ძემ და მ. ლ-ძემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე რ. დ-ძისათვის უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორთა აზრით, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილი;
საპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და ისე გამოიტანა გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონის ურეხის საკრებულოს, ...-ის, ...-ის ¹29-ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში 1963 წლიდან ცხოვრობს თ. დ-ძე ოჯახთან ერთად. მშობლებთან ერთად ააშენა და კეთილმოაწყო საცხოვრებელი სახლი, ეზოსა და საკარმიდამო ნაკვეთს იყენებდა დანიშნულებისამებრ.
Dდადგენილია, რომ ი. დ-ძის ოჯახი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის ¹949 დადგენილებისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან საკოლმეურნეო კომლი გაუქმდა და, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122-ე და 125-ე მუხლების თანახმად, მისი ქონება თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა კომლის წევრებზე.
Dდდგენილია, რომ ი. დ-ძის საკოლმეურნეო კომლის გაუქმების დროისათვის, 1993 წლისათვის, საკოლმეურნეო კომლის წევრები იყვნენ: ი. დ-ძე, შ. დ-ძე, თ. დ-ძე, მ. დ-ძე, ნ. დ-ძე, მ. დ-ძე და შ. დ-ძე, შესაბამისად, სადავო საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა აღნიშნული პირების საერთო საკუთრებას თანაბარი წილის 1/7-ის უფლებით.
Dდადგენილია, რომ ი. დ-ძე გარდაიცვალა 1998 წელს, სამკვიდრო გაიხსნა ი. დ-ძის 1/7 წილზე, რომელიც ფაქტობრივი ფლობით მიიღეს მეუღლემ – შ. დ-ძემ და შვილმა – თ. დ-ძემ.
Dდადგენილია ასევე, რომ მთელი სახლმფლობელობა აღირიცხა შ. დ-ძის სახელზე, რომელმაც 2001 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულებით სადავო სახლი აჩუქა რ. დ-ძეს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მოცემულ საქმეზე მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
აღნიშნული ნორმის ანალიზით შეიძლება დავასკვნათ, რომ როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონების შეძენას, შემძენს, თავისი უფლების დასამტკიცებლად შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც სინამდვილეში უსწორო იყოს რეესტრის მონაცემები, ამ მდგომარეობას არაარსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის არცოდნაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციასა და, შესაბამისად, ნივთის შეძენას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ ელემენტს – შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. Aამ უკანასკნელი საკითხის გამორკვევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით, ანუ უნდა გაირკვეს, შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ფაქტი. Aამდენად, შემძენის ინტერესების დაცვა უნდა მოხდეს არა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, არამედ ქონების მესაკუთრის ვინაობისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ახლო ნათესაურ კავშირში არიან ერთმანეთთან (და-ძმაა), თ. დ-ძე 1963 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში. Mმას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია, შესაბამისად, მოსარჩელისათვის გონივრული წინდახედულობის ფარგლებში ცნობილი უნდა ყოფილიყო ოჯახის წევრთა საკუთრებასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ასეთი ფაქტების არცოდნას ვერ ასაბუთებს. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ შ. დ-ძის გარდა სადავო სახლმფლობელობას ჰყავდა სხვა თანამესაკუთრეებიც, შესაბამისად, შემძენის ინტერესების დაცვა ვერ იქნება დაცული საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.
Dდადგენილია, რომ ი. დ-ძის კომლის გაუქმების დროისათვის კომლი 7 წევრისაგან შედგებოდა, შესაბამისად, თითოეულის წილი შეადგენდა სადავო სახლმფლობელობის 1/7 ნაწილს. ი. დ-ძის გარდაცვალების შემდეგ მისი წილი მიიღო ორმა მემკვიდრემ – შ. და თ. დ-ძემ. შესაბამისად, შ. დ-ძის წილი სადავო სახლმფლობელობაში შეადგენდა 3/14, ხოლო 11/14 ეკუთვნოდა თ. დ-ძეს, მ. დ-ძესა და მათ არასრუწლოვან შვილებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელი სადავო სახლმფლობელობის თანამესაკუთრეებად ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და ჩუქების ხელშეკრულებიდან უნდა ამოირიცხოს სადავო საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 11/14 ნაწილი, შესაბამისად, რ. დ-ძის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთა გამოსახლების შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან, სკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები სადავო საცხოვრებელი სახლის მართლზომიერი მფლობელები არიან და მათი გამოსახლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
თ. დ-ძისა და მ. დ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
Gგაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
რ. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
თ. დ-ძის, მ. და შ. დ-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
შ. დ-ძესა და რ. დ-ძეს შორის 2001 წლის 6 თებერვალს დადებული ჩუქების ხელშეკრულებიდან ამოირიცხოს ხელვაჩაურის რაიონის ურეხის საკრებულო, ...-ში, ...-ის ¹29-ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 11/14 ნაწილი და ამ ნაწილის თანამესაკუთრეებად ცნობილ იქნენ თ. მ. დ-ძეები და მათი შვილები- ნ. მ. და შ. დ-ძეები;
დანარჩენ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.