Facebook Twitter

საქმე №124აგ-15 თბილისი

კ-ე ზ, 124აგ-15 29 თებერვალი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე),

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ზ. კ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება,ზ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ. კ-ეს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 11 მარტიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

3. 2015 წლის 4 აგვისტოს მსჯავრდებულმა ზ. კ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ზ. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. კ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მის მიმართ განსაზღვრული სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ზ. კ-ეს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვაში და სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რაც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისათვის სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში 2015 წლის 8 ივლისის კანონით განხორციელებული ცვლილებით, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 31 ივლისიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც გათვალისწინებულია იგივე სასჯელი - რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, კანონში შესული ცვლილებით მსჯავრდებულ ზ. კ-ის სისხლისსამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება და არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას. ხოლო, ვინაიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისათვის ზ. კ-ეს სასჯელი განსაზღვრული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით, რომელშიც არ განხორციელებულა რაიმე საკანონმდებლო ცვლილება, რაც მოცემულ შემთხვევაში გააუმჯობესებდა მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არც ეს მოთხოვნა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას.

5. რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში 2016 წლის 16 თებერვალს შემოსულ მსჯავრდებულ ზ. კ-ისა და მისი ადვოკატის განცხადებას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მსჯავრდებულ ზ. კ-ის მიმართ განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ მოთხოვნით (შუამდგომლობით) მსჯავრდებულ ზ. კ-ეს არ მიუმართავს განსჯადი - სააპელაციო სასამართლოსათვის და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნულ საკითხზე, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს მსჯავრდებულ კ-ისა და მისი ადვოკატის მოთხოვნა.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ზ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია და მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ზ. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. მეიშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე