Facebook Twitter

ას-505-852-07 28 ნოემბერი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს გაზეთი “.. ..” (მოპასუხე)

წარმომადგენლები – ქ. უ-ი, გ. მ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები - ი. და თ. გ-ები (მოსარჩელეები)

დავის საგანი - პატივისა და ღირსების დაცვა; მორალური ზიანის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. და თ. გ-ებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების - შპს გაზეთ „.. ..ს“ (მთავარ რედაქტორ ი. დ-ს, სტატიის ავტორ დ. მ-ისა) და შპს გაზეთ „კ...ის“ (მთავარ რედაქტორ გ. თ-ის, სტატიის ავტორ მ. მ-ის) მიმართ, პატივისა და ღირსების შელახვის გამო, მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელეებმა თავიანთი მოთხოვნა იმით დაასაბუთეს, რომ გაზეთ „.. ..ს“ 2003 წლის 4-11 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა დ.მ-ის სტატია სათაურით „სვანეთის არეულობა კ. თ-მ დაუკვეთა“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ, -”გაზეთის მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ მასალაზე დაყრდნობით, სვანური საპროტესტო აქციის მიზეზი, ორი წლის წინ კიევში მოკლული „კრიმინალური ავტორიტეტის“, 13 მკვლელობის ორგანიზატორისა და შემსრულებლის – ბ. გ-ს საქმესთან არის კავშირში. იმავე გაზეთის მეორე გვერდზე სტატიის გაგრძელებაში მითითებულია, რომ ბ. გ-ს 13 ადამიანი ჰყავდა მოკლული და მათ შორის სვანი – ვ-ი, რომელიც ციმბირში დამარხა. იმავე სტატიაში მითითებულია, რომ სამწუხარო ის არის, რომ ბ.ს სიკვდილის შემდეგ მის სისხლიან კვალს აგრძელებენ მისი დები - თ. და ი. გ-ები, რომელთაც კიევში დაუკვეთეს ბ.ს ერთ-ერთი მეგობრის მკვლელობა, რომელიც საკუთარ მანქანაში დაწვეს, ამავე დროს თბილისში მოკლეს მ. გ-ი, შემდეგ სასიკვდილოდ დაჭრეს სკოლაში მიმავალი 10 წლის ბიჭი (ჭ.), დები ჭ-ების ოჯახს სიკვდილით ემიქრებოდნენ.

სტატიის ავტორი ერთ-ერთი მოსარჩელის თ. გ-ს შესახებ წერს - „როგორც გაზეთ .. ..სათვის გახდა ცნობილი, თ. გ-ი იძებნებოდა მკვლელობის გამო, ინფორმაციის გადამოწმებისას გავარკვიეთ, რომ მის მიმართ დღეისათვის ძებნა შეჩერებულია“.

სტატია მთავრდება ფრაზებით, „თუ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია მართალია (და ეს რომ ასე არის, ამას სვანები გვიდასტურებენ), მაშინ გამოდის, რომ გ-ების ე.წ. სადამსჯელო ჯგუფი ორი ქალის მიერაა ჩამოყალიბებული, ნუთუ ორი ქალის, თუნდაც შეიარაღებულის, წინააღმდეგ პოლიცია უძლურია.“ მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ამ საგაზეთო პუბლიკაციამ შეურაცხყო მოსარჩელეთა ოჯახი, ჩირქი მოსცხო მათ პატიოსნებასა და ავტორიტეტს, შეურაცხყო გარდაცვლილი ძმა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ლოგინად ჩავარდა მოსარჩელეთა ავადმყოფი დედა.

სარჩელში აღნიშნულია, რომ იმავე თემაზე ანალოგიური შინაარსის სტატია გამოქვეყნდა გაზეთ „კ...ს“ 2003 წლის 5-12 სექტემბრის ნომერში სათაურით: - „აწყობთ სვანეთში სიტუაციის დაძაბვა და საარჩევნოდ განმუხტვა“.

სტატიის ავტორი - მ. მ-ი ასევე „სარწმუნო წყაროზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ -”ბ. გ-ი იყო კრიმინალური ავტორიტეტი და რომ მას 13 ადამიანი ჰყავდა მოკლული, ასევე „ინკოგნიტოდ“ დარჩენილი რესპოდენტის გადმოცემით აცხადებს, რომ, ს. ჯ-ე კიევიდან ბ. გ-ს ჩამოსვენებისას, მიცვალებულს წამოჰყვა საქართველოში. აღნიშნული სიმართლეს არ შეეფერება, რადგან ს.ჯ-ე დ.გ-ს გადმოსვენების დღეს კიევის პოლიციამ დააკავა, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილი.

მოსარჩელეებმა ი. და თ. გ-ებმა სარჩელში მიუთითეს, რომ ეს საგაზეთო სტატიაც პირადად მათი და გარდაცლილი ძმის - ბ. გ-ს პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელია.

ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. და თ. გ-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მოპასუხე შპს „გაზეთი .. ..ს“ რედაქციას დაევალა 2003 წლის 4-11 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული მოსარჩელეებისა და მათი ოჯახის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ პუბლიკაციაში - „სვანეთის არეულობა კ. თ-მ დაუკვეთა“ აღწერილი მასალების საჯაროდ უარყოფა ამავე გაზეთის მეშვეობით.

მოპასუხე შპს გაზეთ „კ...ს“ რედაქციას დაევალა 2003 წლის 08-14 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული მოსარჩელეებისა და მათი ოჯახის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ პუბლიკაციაში - „აწყობთ სვანეთში სიტუაციის დაძაბვა და საარჩევნოდ განმუხტვა“ აღწერილი მასალების საჯარო უარყოფა ამავე გაზეთის მეშვეობით.

მოსარჩელეების - ი. და თ. გ-ების სასარგებლოდ, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მოპასუხეებს - შპს „გაზეთ .. ..ს“ დაეკისრა 3000 აშშ დოლარის, ხოლო გაზეთ „კ...ს“- 1000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს შპს „გაზეთმა .. ..მა“ და შპს გაზეთმა „კ...მ“.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების მეოთხე პუნქტი, მოპასუხეებისათვის - შპს „გაზეთ .. ..სა“ და შპს გაზეთ „კ...სთვის“ მოსარჩელეების - ი. და თ. გ-ების სასარგებლოდ მორალური ზიანის საკომპენსაციო თანხის - 3 ათასი და ათასი აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.

ი. გ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.

თ. გ-ს სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე შპს „გაზეთ .. ..ს“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს გაზეთ „.. ..ს“ დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხე შპს „გაზეთ კ...ის“ მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თ. და ი. გ-ებს სოლიდარულად დაეკისრათ გაზეთ „კ....ის“ სასარგებლოდ 60 ლარი, ხოლო შპს გაზეთ „.. ..ს“ სასარგებლოდ 52 ლარი წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. და ი. გ-ებმა და შპს გაზეთ „.. ..მა“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 30 ივნისის განჩინებით ი. და თ. გ-ებისა და შპს გაზეთ “.. ..ს“ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი. გ-ს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ასევე იმ ნაწილში, რომლითაც შპს გაზეთი “.. ..ს“ დაეკისრა თ. გ-ს სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს გაზეთ „.. ..ს“ სააპელაციო საჩივარი, მოცემულ საქმეზე თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატის განჩინება ემყარება შემდეგ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გაზეთ „.. ..ს“ 2003 წლის 4-11 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა ჟურნალისტ დ.მ-ის სტატია სათაურით - „სვანეთის არეულობა კ. თ-მ დაუკვეთა.“

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული სტატიები ეხება მოსარჩელე ი. და თ. გ-ებს და მათ გარდაცვლილ ძმას - ბ. გ-ს.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პირადი არაქონებრივი უფლებების შემლახველია „გაზეთ .. ..ს“ 2003 წლის 4-11 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული შემდეგი წინადადებები - „ბ. გ-ს 13 ადამიანი ჰყავდა მოკლული, მათ შორის, ერთი სვანი ვიბლიანი, რომელიც ციმბირში დამარხეს“; „ორი წლის წინ კიევში მოკლეს კრიმინალური ავტორიტეტი, როგორც აცხადებენ 13 მკვლელობის ორგანიზატორი და შემსრულებელი - ბ. გ-ი“; „სამწუხარო ის არის, რომ ბ.ს სიკვდილის შემდეგ, მის სისხლიან კვალს აგრძელებენ მისი დები - თ. და ი. გ-ები, რომელთაც კიევში დაუკვეთეს ბ.ს ერთ-ერთი მეგობრის მკვლელობა, რომელიც საკუთარ მანქანაში დაწვეს, ამავე დროს თბილისში მოკლეს მ. გ-ი“; „სასიკვდილოდ დაჭრეს სკოლაში მიმავალი ბავშვი (ჭ-ი), ბავშვი დღემდე ვერ დადის სკოლაში, დები აშანტაჟებენ ჭ-ების ოჯახს“; „თ. გ-ი და მისი დეიდაშვილი რ. გ-ი კიევში ბ. გ-ს მეგობრის მკვლელობის გამო იძებნებოდნენ. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გავარკვიეთ, რომ მათ მიმართ ძებნა შეჩერებულია“. სააპელაციო სასამართლომ პიროვნების პატივისა და ღირსების შემლახველად ჩათვალა გაზეთ „კ...ის“ 2003 წლის 8-14 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილი შემდეგი გამონათქვამები: - „ორი წლის წინათ კიევში მოკლეს კრკიმინალური ავტორიტეტი - ბ. გ-ი“; „ბ. გ-ს 13 ადამიანი ჰყავდა მოკლული“.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გამოყენებულ იქნა ის ნორმები, რომლებიც არეგულირებენ სადავო ურთიერთობებს, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე, 44-ე, 45-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, ამავე კოდექსის 992-ე და 413-ე მუხლები, სტატიის გამოქვეყნების დროისათვის მოქმედი საქართველოს კანონის “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ 21-ე მუხლი.

პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი შპს “.. ..” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესის დაცვით ვერ ადასტურებს თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “.. ..ს” წარმომადგენლებმა ქ. უ-მა და გ. მ-მ. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

კასატორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ფაქტობრივად დადგენილად მიიჩნია მორალური ზიანის მიყენების ფაქტი, იგი დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელის სიტყვიერ განმარტებას, კერძოდ, “საგაზეთო პუბლიკაციებმა შეურაცხყო მოსარჩელეთა მთელი ოჯახი, ჩირქი მოეცხო მათ პატივს, ღირსებასა და ავტორიტეტს, შეურაცხყო გარდაცვლილი ძმა, ლოგინად ჩააგდო ავადმყოფი დედა, კიდევ უფრო დაძაბა დამოკიდებულება ორ დაპირისპირებულ ოჯახს შორის, მათ ნათესავებსა და ახლობლებს შორის თვით სვანეთში, მიაყენა სულიერი განცდა და უსიამოვნო განცდები”. კასატორის მოსაზრებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ გაზეთი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, “რაც მიმართული იყო დაცული უფლების ხელყოფისაკენ და ეს მოქმედება მორალური ზიანის გამომწვევი პირდაპირი მიზეზი იყო”. კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება, რომ მოსარჩელეებმა მიიღეს მორალური ზიანი. კასატორების მოსაზრებით, გაზეთ „.. ..ს“ რედაქცია არ მოქმედებდა ბრალეულად. მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მორალური ზიანი გამოიწვია ბრალეულმა ქმედებამ, ამავე დროს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, ერთმნიშვნელოვნად არის მითითებული, რომ არაქონებრივი ზიანის ფულადი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება შესაძლებელია, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს გაზეთი “.. ..ს” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). კონკრეტულ შემთხვევაში დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გაზეთ შპს “.. ..ს” 2003 წლის 4-11 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა დ. მ-ის სტატია სათაურით “სვანეთის არეულობა კ. თ-მ დაუკვეთა”. აღნიშნული სტატია ეხება მოსარჩელეების ძმას _ აწ გარდაცვლილ ბ. გ-ს და მოსარჩელეებს _ ი. და თ. გ-ებს.

სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეების - ი. და თ. გ-ების პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველად მიიჩნია სტატიიდან შემდეგი გამონათქვამები:

“ბ. გ-ს 13 ადამიანი ჰყავდა მოკლული, მათ შორის, ერთი სვანი ვ-ი, რომელიც ციმბირში დამარხეს, ორი წლის წინ კიევში მოკლეს კრიმინალური ავტორიტეტი, როგორც აცხადებენ 13 მკვლელობის ორგანიზატორი და შემსრულებელი _ ბ. გ-ი”; “მოკლულის გვამი ორი დღის ძებნის შემდეგ აღმოაჩინა პოლიციამ, მისი ოჯახის წევრებმა ეჭვი დაღუპულის სამეგობროზე მიიტანეს, ამის გამო კიევში რამოდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის იყო ს. ჯ-ც; დაკავებული 6 თვეში გაათავისუფლეს; მოგვიანებით გაირკვა, რომ ს. ჯ-ს უკრაინელი პოლიციელები აიძულებენ დაესახელებინა ის პირი, ვინც ბ. გ-ი მოკლა, მაგრამ რაკი ამ უკანასკნელმა არ იცოდა შესაძლო მკვლელის ვინაობა, გ-ებმა ეჭვი ჯ-ზე მიიტანეს და აქედან იწყება ამ ორი სვანური გვარის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება.” “სამწუხარო ის არის, რომ ბ.ს სიკვდილის შემდეგ, მის სისხლიან კვალს აგრძელებენ მისი დები _ თ. და ი. გ-ები, რომელთაც კიევში დაუკვეთეს ბ.ს ერთ-ერთი მეგობრის მკვლელობა, რომლიც საკუთარ მანქანაში დაწვეს, ამავე დროს თბილისში მოკლეს მ. გ-ი”; “სასიკვდილოდ დაჭრეს სკოლაში მიმავალი ბავშვი (ჭ-ი); ბავშვი დღემდე ვერ დადის სკოლაში, დები აშანტაჟედბენ ჭ-ის ოჯახს.” “თ. გ-ი და მისი დეიდაშვილი რ. გ-ი კიევში ბ. გ-ს მეგობრის მკვლელობის გამო იძებნებოდნენ, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გავარკვიეთ, რომ მათ მიმართ ძებნა შეჩერებულია”.

აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საგაზეთო პუბლიკაციებით ხელყოფილია მოსარჩელეების პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

ამრიგად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასაციაში დავის საგანს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შპს “.. ..ს” მიერ გავრცელებულიაა მოსარჩელეების პატივის, ღირსებასა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები.

კასატორი მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის დაკისრებასთან დაკავშირებით მოსარჩელეების მიერ არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც ისინი დაადასტურებდნენ მორალური ზიანის დადგომის ფაქტს, ამდენად, კასატორის აზრით, მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევაში დაკავშირებულია არაქონებრივ უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენენ სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. ზუსტად, სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის (არაქონებრივი უფლება) სპეციფიკის გათვალისწინებით მის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია.

ამ შემთხვევაში ხელყოფილია ადამიანის პიროვნული ღირებულებები, რომლის შედეგად კანონი ითვალისწინებს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკომპენსაციო ფუნქციას. აღნიშნული პასუხისმგებლობა გამოიხატება ფულადი თანხის დაკისრებაში. აღნიშნული თავისებურების გათვალისწინებით ადამიანის პიროვნული ღირებულებების ხელყოფის ფაქტის შემთხვევაში მორალური ზიანის შინაარსს და მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრულ და სამართლიანი ანაზღაურების სახით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსია 413-ე მუხლი). ამ შემთხვევაში ზიანის მოცულობის შეფასებისას მნიშვნელობა ენიჭება გარკვეულ სოციალური ფაქტორების გათვალისწინებას. ფულადი კომპენსაცია ამ შემთხვევაში უზრუნველყოფს იმ დადებით ემოციას, რომელიც ეხმარება დაზარალებულს, სრულფასოვნად ჩაერთოს სოციალურ ურთიერთობებში. ეს ის შედეგია, რომელიც საბოლოოდ ითვალისწინებს მორალური ზიანის კომპენსაცია და არა ხელყოფილი უფლების რესტიტუციას.

ამდენად, მორალური ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკამარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი და სხვა მატერიალური გამოხატულება მას არ გააჩნია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მორალური ზიანის დაკისრების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

კასატორი ასევე უთითებს საპროცესო დარღვევებზე, კერძოდ, საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით უცვლელად დატოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება, რითაც უგულებელყოფილ იქნა საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ამასთან მიმართებაში საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლოს 2005 წლისს 30 ივნისის განჩინებით გაუქმდა ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2004 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ი. გ-ს უარი ეთქვა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ასევე იმ ნაწილში, რომლითაც შპს “.. ..ს” დაეკისრა თ. გ-ს სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის გადახდა და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე პალატას. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, კერძოდ, ძალაში დარჩა ის ნაწილი, რომლითაც მოპასუხე შპს გაზეთ - “კ...ის” მიმართ მოსარჩელეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა და იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შპს გაზეთ “.. ..სათვის” პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა.

კასატორის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ფაქტობრივად უგულებელყოფილი იყო საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 30 იანვრის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა მოპასუხე შპს გაზეთ “კ...ის” მიმართ მოსარჩელეების სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში.

მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილშიც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის

განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს სასამართლოსადმი მიმართვის აუცილებელი სამართლებრივი წინაპირობის არსებობა, რომელიც გამორიცხავს სხვა პირის უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად მიმართვის შესაძლებლობას. კონკრეტულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული პროცესუალური დარღვევის თაობაზე სასამართლოსადმი მიმართვის უფლება აქვს ამ უფლების მფლობელს, კერძოდ, შპს გაზეთ “კ...ს” და არა შპს გაზეთ “.. ..ს”.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს გაზეთი “.. ..ს” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 აპრილის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.