Facebook Twitter

ას-505-889-06 13 თებერვალი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი – გ.სუპატაშვილი

კასატორი – სს “ .. .. ..” (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ რ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ა-ი, ე. ბ-ე, ნ. ჭ-ე, ნ. გ-ი, თ. ქ-ე, ი. ბ-ი, ო. ბ-ი, ნ. ქ-ი, ა. ხ-ი, გ. ჩ-ი, ი. და ი. შ-ები, ვ. ე-ი, მ. კ-ე, ს. ნ-ე, ქ. მ-ე, ლ. ა-ი, მ. მ-ე, გ. თ-ი, ზ. ქ-ე (მოსარჩელეები)

წარმომადგენელი _ დ. ე-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ საერთო მრიცხველებით ელექტროენერგიის დარიცხვის უკანონოდ ცნობა, ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველებით აღრიცხვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ა-მა, ე. ბ-მ, ნ. ჭ-მ, ნ. გ-მა, თ. ქ-მ, ი. ბ-მა, ო. ბ-მა, ნ. ქ-მა, ა. ხ-მა, გ. ჩ-მა, ი. და ი. შ-ებმა, ვ. ე-მა, მ. კ-მ, ს. ნ-მ, ქ. მ-მ, ლ. ა-მა, მ. მ-მ, გ. თ-მა და ზ. ქ-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს “ .. .. ..” მიმართ საერთო მრიცხველებით ელექტროენერგიის დარიცხვის უკანონოდ ცნობისა და ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველებით აღრიცხვის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეებს ბინებში დამონტაჟებული ჰქონდათ ელექტროენერგიის აღმრიცხველი ინდივიდუალური მრიცხველები, რომელთა მონაცემების გათვალისწინებით ხდებოდა მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა. მოპასუხემ არასწორად გამოიყენა საქართველოს ... კომისიის 2005 წლის 6 აპრილის ¹7 დადგენილება, რომლითაც მიღებულ იქნა სს “ .. .. ..” საერთო მრიცხველების მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველების გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი. მითითებული ნორმატიული აქტის პირველი და მეორე მუხლების თანახმად, ზემოხსენებული წესები ვრცელდება მოპასუხის სამოქმედო ტერიტორიაზე შემავალ აბობენტებზე, რომლებიც ელექტროენერგიას მოიხმარენ უმრიცხველოდ, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს მრიცხველის არარსებობას ან მის ტექნიკურად გაუმართაობას. მოსარჩელეთა ინდივიდუალური მრიცხველები დაუზიანებელია და არსებულ სტანდარტებს შეესაბამება, ამდენად, აღნიშნული ნორმატიული აქტი მათზე არ უნდა გავრცელებულიყო.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მითითება სადავო ინდივიდუალური მრიცხველების ვარგისიანობის შესახებ, ვინაიდან ... მიერ აღნიშნული მრიცხველების შემოწმების შედეგად დადასტურდა, რომ ისინი არსებულ სტანდარტებს არ შეესაბამება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. აღიარებულ იქნა მოსარჩელეთა უფლება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით აღრიცხვიანობის სტანდარტული ნორმების ფარგლებში. მოსარჩელეებს ელექტრომომსახურების მიღება გაუგრძელდათ ინდივიდუალური მრიცხველების გამოყენებით მათი მრიცხველების არასტანდარტულობის, გაუმართაობის ან ექსპლუატაციისათვის კანონით გათვალისწინებული ფორმით დადასტურებამდე. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დარჩა უფლება აწარმოოს დახარჯული ელექტროენერგიის აღრიცხვა კოლექტიური მრიცხველების მეშვეობით იმ მოსარჩელეთა მიმართ, რომელთა მრიცხველების გაუმართაობა დადასტურდება უფლებემოსილი მაკონტროლებელი სპეციალისტების დასკვნით და მიკუთვნებული იქნება უმრიცხველო აბონენტების კატეგორიას.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სს “ .. .. ..” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეები ათეული წლების განმავლობაში ითვლებიან მუდმივ ელექტრომომხმარებელ აბონენტებად, მათ აქვთ ინდივიდუალური აღრიცხვის მოწყობილობები, რომლებიც დამონტაჟდა და ექსპლუატაციაშია მათი აბონენტად აღრიცხვის დროს მოქმედი სტანდარტების შესაბამისად. პალატამ ასევე დაადგინა, რომ ახალი წესებით გამრიცხველიანება ინდივიდუალურ მომხმარებელთა მიმართ არ განხორციელებულა. მოსარჩელეები ... მიერ მიჩნეული არიან უმრიცხველო მომხმარებლებად, რის საფუძველზეც მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა დადგინდა საერთო მოხმარების მრიცხველის მიერ აღრიცხული ... კომისიის 2005 წლის 6 აპრილის ¹7 დადგენილებით. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ზემოხსენებული დადგენილების პირველი და მეორე მუხლებით, რის შედეგად არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მოსარჩელეთა ინდივიდუალური მრიცხველების გაუმართაობის შესახებ, ვინაიდან სადავო მრიცხველების არსებულ სტანდარტებთან შეუსაბამობა სათანადოდ დადასტურებული არ ყოფილა. პალატამ სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელეთა მრიცხველების გაუმართაობის დამადასტურებლად არ ჩათვალა აპელანტის მიერ წარმოდგენილი 2005 წლის 18, 19 და 27 ივლისის აღრიცხვის კვანძის დათვალიერების აქტები, ვინაიდან სარჩელი შეტანილ იქნა 2005 წლის 28 ივნისს, ამდენად, აღნიშნული დოკუმენტები სარჩელის შეტანამდე სადავო მრიცხველთა მდგომარეობას არ ასახავენ. ამასთან, ხსენებული აქტებით ყველა მოსარჩელის მრიცხველის გაუმართაობა არ დგინდება. სასამართლომ მიუთითა, რომ “ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების” თანახმად, სადავო ინდივიდუალური მრიცხველების ვარგისიანობა უნდა დადგენილიყო საქართველოს სტანდარტიზაციის დეპარტამენტის მიერ, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი არ ყოფილა. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ინდივიდუალურ მრიცხველებზე არსებული ბრჯენის მოქმედების ვადაა 8 წელი, ვინაიდან აღნიშნული მითითება რაიმე ნორმატიულ აქტს არ ემყარება. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ინდივიდუალური მრიცხველის გამართულობაზე მომხმარებლის მხრიდან კონტროლის ვალდებულების არსებობის შესახებ, ვინაიდან აპელანტის აღნიშნული მოსაზრება ეყრდნობა სემეკის ¹7 დადგენილების 31 მუხლს, რომელიც დამატებულ იქნა საქართველოს ... კომისიის 2005 წლის 4 აგვისტოს ¹18 დადგენილებით სარჩელის აღძვრის შემდეგ, რის გამოც აღნიშნული ნორმა სადავო ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს “ .. .. ..” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ... 2005 წლის ¹7 დადგენილების 31 მუხლი და სათანადოდ არ შეაფასა ენერგოკომპანიის მიერ წარდგენილი აქტები სადავო მრიცხველების მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, მოსარჩელეების მრიცხველების დათვალიერების ოქმები, რომელთა თანახმად მოსარჩელე ზ. ქ-სა და ი. შ-ის მრიცხველებს ქვედა ხუფი საერთოდ არ აქვთ, შესაბამისად, არ გააჩნიათ კომპანიის ბრჯენი, ხოლო საქსტანდარტის ლუქი ვადაგასულია. ა.ხ-ის მრიცხველს არ გააჩნია არც ერთი ლუქი, თ.ქ-სა და ნ.ჭ-ის მრიცხველებს არ აქვთ ქვედა ლუქები, საქსტანდარტის ლუქი კი ვადაგასულია. გ.ჩ-სა და გ.მ-ს მრიცხველების შემოწმება ვერ მოხერხდა, რადგან მათ კომპანიის თანამშრომლებს აღნიშნულის საშუალება არ მისცეს, ხოლო სხვა დანარჩენ მრიცხველებზე საქსტანდარტის ლუქები ვადაგასულია. მითითებულ გარემოებათა შეფასებისას სასამართლომ უკანონოდ არ გაიზიარა კასატორის მიერ წარდგენილი ... აპარატის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის 23 აგვისტოს ¹5/02-7/77-779 წერილით მრიცხველის ტექნიკურად გაუმართაობის შესახებ სემეკის ¹3 დადგენილების მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის განმარტება. ... მიერ სადავო მრიცხველების შემოწმების აქტების წარდგენის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეს დაუსაბუთებლად დაავალა მრიცხველების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება, მითუმეტეს, რომ ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის დათვალიერების აქტები სასამართლომ მტკიცებულების სახით მიიღო და გამოიკვლია. გაურკვეველია სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი აქტებით ყველა აბონენტის მრიცხველის გაუმართაობა არ დგინდება, ვინაიდან, სასამართლოს მიერ რიგი მოსარჩელეების მრიცხველების გაუმართაობის ფაქტის გაზიარების შენთხვევაში, იგი ვალდებული იყო აღნიშნულ პირთა მიმართ რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაეუქმებინა, რაც არ განუხორციელებია. პალატა არასწორად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ მრიცხველების შემოწმება სარჩელის აღძვრის შემდგომ მოხდა, რადგან სარჩელის აღძვრის შემდეგ აბონენტთა მრიცხველების ტექნიკური გაუმართაობის დადგენის პირობებში პალატა არ იყო უფლებამოსილი მოსარჩელეთა მიმართ კომუნალური მრიცხველების გამოყენება აეკრძალა. ამასთან, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ წარმოდგენილი აქტებით სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელეთა ინდივიდუალური მრიცხველების გაუმართაობის ფაქტი არ დადასტურდა, მაშინ მას უნდა გაეუქმებინა მრიცხველების შემოწმებამდე არსებული დარიცხვა და შემოწმების შემდგომ მათზე ინდივიდუალური მრიცხველებით ანგარიშსწორების მოთხოვნაზე უარი ეთქვა. სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა კასატორის მითითება საქსტანდარტის ბჯენების 8 წლის ვადით მოქმედების შესახებ, ვინაიდან საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული სანიმუშო და გაზომვის საშუალებების ნომენკლატურული ჩამონათვალის მიხედვით “ჩO-2M”, “ჩO-2M2”, “ჩO-2”, “ჩO N446” ტიპის მრიცხველები ექვემდებარება სავალდებულო სანიმუშო დამოწმებას, რისი ვადაა 8 წელი. “ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესების” შესაბამისად კი მრიცხველი აბონენტის საკუთრებაა და მის ვარგისიანობაზე პასუხიმგებლობაც მესაკუთრეს ეკისრება. საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს, ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციისა და სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის 1998 წლის 17 აპრილის ერთობლივი ¹95 ბრძანებით, საქართველოს ტერიტორიაზე 1992 წლისათვის მოქმედ ნორმატიულ აქტებს, მათ შორის, სახელმწიფო სტანდარტებს, მოქმედების ვადა გაუგრძელდათ ახალი ნორმატიული აქტების მიღებამდე. ამდენად, ძალაშია საბჭოთა კავშირის სახელმწიფო სტანდარტი “გოსტ 6570-75”, რომლის 1.39 პუნქტის თანახმად, ზემოხსენებული ტიპის მრიცხველების დამოწმებათაშორისი ინტერვალი შეადგენს 8 წელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ დავასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეები ათეული წლების განმავლობაში ითვლებიან მუდმივ ელექტრომომხმარებელ აბონენტებად, მათ აქვთ ინდივიდუალური აღრიცხვის მოწყობილობები, რომლებიც დამონტაჟდა და ექსპლუატაციაშია მათი აბონენტად აღრიცხვის დროს მოქმედი სტანდარტების შესაბამისად. ახალი წესით გამრიცხველიანება მოსარჩელეთა მიმართ არ განხორციელებულა. მოსარჩელეები კომპანიის მიერ მიჩნეული არიან უმრიცხველო მომხმარებლებად, რის საფუძველზეც მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრა დადგინდა საერთო მოხმარების მრიცხველის მიერ აღრიცხული .... კომისიის 2005 წლის 6 აპრილის ¹7 დადგენილებით. მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი კომპანიის მიერ საერთო მრიცხველით ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვის უკანონოდ აღიარების მოთხოვნით აღძრეს 2005 წლის 28 ივნისს. ... მიერ მოსარჩელეთა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის დათვალიერების აქტები შედგენილია 2005 წლის 18, 19 და 27 ივლისს.

საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

უპირველესად საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ კასატორს დაავალა მოსარჩელეთა ინდივიდუალური მრიცხველების ტექნიკური მდგომარეობის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით შემოწმება. ამავე გადაწყვეტილებით უფლებამოსილი ორგანოების მიერ მრიცხველების ტექნიკური გაუმართაობის კანონიერად დადგენის შემთხვევაში, .... უფლებამოსილია განახორციელოს მათი საერთო მოხმარების მრიცხველში გაერთიანება. კასატორი ვერ ასაბუთებს, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მისი უფლების დარღვევას, ვინაიდან ... საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული დანაწესებით, იგი მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრას სწორედ ამგვარად უნდა ახორციელებდეს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ... 2005 წლის 6 აპრილის ¹7 დადგენილების 31 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, მოსარჩელეების ინდივიდუალური მრიცხველების ტექნიკურ გაუმართაობაზე შედგენილი იყო შესაბამისი აქტები და სასამართლოს მხრიდან მათი ტექნიკური მდგომარეობის ხელახლა შემოწმების დავალდებულება არ უნდა მომხდარიყო. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგზე: კასატორის მიერ მითითებული ¹7 დადგენილების 31 მუხლი ამოქმედდა 2005 წლის 4 აგვისტოს დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით კი დადგენილია, რომ ... მიერ მოსარჩელეთა ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის დათვალიერების აქტები შედგენილია სარჩელის შეტანის შემდეგ 2005 წლის 18, 19 და 27 ივლისს. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. შესაბამისად, ზემოხსენებულ ნორმატიულ აქტს უკუქცევითი ძალა ვერ მიენიჭება და მისი დანაწესები 2005 წლის ივლისში შედგენილი ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის დათვალიერების აქტების მიმართ ვერ იქნება გამოყენებული.

ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ზემოაღნიშნული აქტები, მისი შედგენის თარიღის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს მოსარჩელეთა მრიცხველების სარჩელის აღძვრამდე ტექნიკურად გაუმართავად მიჩნევისათვის საკმარის მტკიცებულებას.

უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება მოსარჩელეთა ინდივიდუალური მრიცხველების გაუმართაობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მრიცხველების გაუმართაობა საქმეში წარმოდგენილი აქტების საფუძველზე დასტურდება ორი გარემოებით: მომხმარებელთა მრიცხველებზე არ არის კომპანიისა და საქსტანდარტის ბრჯენები, ან საქსტანდარტის ლუქი ვადაგასულია. საქართველოს ... კომისიის 2005 წლის 6 აპრილის ¹7 დადგენილების პირველი მუხლით, საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი ადგენს სს “.. .. ..” სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის მიერ უმრიცხველოდ დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის პირობებს. აღნიშნული წესი არ ეხება მომხმარებელთა იმ კატეგორიას, რომელთაც გააჩნიათ გამართული ინდივიდუალური აღრიცხვის ხელსაწყო. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უმრიცხველოდ მოხმარება გულისხმობს ელექტროენერგიის მოხმარებას, როცა მრიცხველი არ არსებობს ან ტექნიკურად გაუმართავია.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი მოწინააღმდეგე მხარეთა მრიცხველების გაუმართაობას დადგენილად მიიჩნევს, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მომხმარებელთა მიერ სარჩელის სასამართლოში წარდგენამდე ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის) ტექნიკური გაუმართაობა კანონით დადგენილი წესით შედგენილი რაიმე დოკუმენტით არ დასტურდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

დაუსაბუთებელია კასატორის არგუმენტი, რომ ვინაიდან მრიცხველი აბონენტის საკუთრებაა, მისი დამოწმების ვალდებულებაც აბონენტს ეკისრება. საკასაციო პალატა ვერ გაიზირებს კასატორის მოსაზრებას, რომ მომხმარებელი ვალდებულია მრიცხველის ლუქის ვადის გასვლის შემთხვევაში თვითონ იზრუნოს მის დამოწმებაზე. მომხმარებელთათვის ასეთი ვალდებულების დაკისრება რაიმე ნორმატიული დანაწესით არ დგინდება, მასზე არც მხარეთა შეთანხმება არ მომხდარა, იგი კასატორის მოსაზრებას წარმოადგენს, და შესაბამისად, სახელშეკრულებო პირობად უნდა იქნეს განხილული. სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ხელშეკრულების თავისუფლება მხარეთა ნებას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს, მაგრამ თვითნებობის უფლებას კანონი მხარეებს არ აძლევს და ხელშეკრულების თავისუფლება სახელშეკრულებო სამართლიანობის ფარგლებში მოქმედებს. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებმა სამოქალაქო უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელონ. სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის ანალიზით, ხელშეკრულების ის პირობა, რომელზედაც მხარეების შეთანხმება არ მომხდარა და მხარეთა შორის არსებობს დავა ან ბუნდოვნობა უფლებრივ საკითხზე, სამართლიანად უნდა განისაზღვროს. ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად, ასეთ შემთხვევაში ხარვეზის აღმოფხვრა ხელშეკრულების შემვსები განმარტების მეშვეობით უნდა მოხდეს.

საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის პოზიცია არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილისა და 316-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესებიდან გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული ნორმები სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეებს აკისრებს თავიანთი უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერ განხორციელებას, განსაკუთრებული გულისხმიერება გამოიჩინონ ერთმანეთის ქონებისა და უფლებების მიმართ. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი _ სს “ .. .. ..”, რომელსაც დომინირებული მდგომარეობა უკავია ბაზარზე და რომელიც ვალდებულია მომხმარებელს შესთავაზოს სამართლიანი სახელშეკრულებო პირობები და ბოროტად არ გამოიყენოს თავისი ძალაუფლება (სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მეორე ნაწილი). ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ ვითარებასაც, რომ ... მომხმარებელთან თავის საქმიანობას ახორციელებს რა ნორმატიული აქტების საფუძველზე, იგი გარკვეულწილად შეზღუდულია და ამ წესებს ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, მომხმარებელს, როგორც ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, ... მიმართებაში თანასწორი უფლებები გააჩნია და მას არ შეიძლება მომეტებული ვალდებულება დაეკისროს. სადავო საკითხის განხილვისას ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მოცემულ შემთხვევაში კონტრაჰენტს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელსაც ასეთი საქმიანობის განხორციელების უფლება განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში სახელმწიფოსგან გაცემული სპეციალური ნებართვის საფუძველზე, მხოლოდ მას აქვს მოპოვებული. ბუნებრივია, ასეთი უფლების მოპოვება პრეზუმირებულს ხდის კონტრაჰენტის მზაობას და შესაძლებლობას, ხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს მომხმარებელს და სათანადო ანაზღაურების მიღების მიზნით მომხმარებელთან ერთად იზრუნოს ელექტროენერგიის აღრიცხვის ხელსაწყოების ვარგისიანობაზე. მით უმეტეს, როდესაც ამგვარი მოქმედების განხორციელება (მრიცხველის ბრჯენებით აღჭურვა) სპეციალისტის ჩარევას მოითხოვს. ამდენად, სს “ .. .. ..”-ს ელექტროენერგიით მომარაგების ბაზარზე უკავია რა დომინირებული მდგომარეობა, მას არ შეუძლია კონტრაჰენტს უსაფუძვლოდ შესთავაზოს ხელშეკრულების არათანაბარი პირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “ .. .. ..” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 10 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.