საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-506-742-08 20 ოქტომბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ე. ფ-აძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ ბრძანებაში ცვლილების შეტანა, სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ფ-აძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის მიმართ ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2003 წლის 29 ნოემბერს მოსარჩელემ მოპასუხე დაწესებულებაში უფროს სპეციალისტად მუშაობისას მიიღო ტრავმა, რის გამოც 2004 წლის 22 სექტემბრის ¹31 ბრძანებით დაენიშნა ყოველთვიური სარჩო 281 ლარის ოდენობით. 2004 წლის 5 აგვისტოს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის დასკვნით ე.ფ-ე ცნობილ იქნა შრომისუუნაროდ ერთი წლით, 2004 წლის 1 სექტემბერს მას დაუდგინდა შრომის უნარის 60%-ით დაკარგვა შესაძლებლობის ზომიერი შეზღუდვით. 2004 წლის 25 ოქტომბრის ¹291 ბრძანებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-100 მუხლის შესაბამისად, ე.ფ-ე სამუშაოდან გათავისუფლდა. მოსარჩელემ მოითხოვა სამსახურში დაბრუნება, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად, სპეციალურად ე.ფ-ისათვის დროებით შეიქმნა ტექნიკური ლაბორატორიის ინჟინერ-ტექნიკოსის ახალი თანამდებობა სამჯერ ნაკლები ანაზღაურებით, სადაც 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹162 ბრძანებით იგი გადაყვანილ იქნა აღნიშნულ თანამდებობაზე ამავე წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნული ბრძანება უკანონოა და უნდა გაუქმდეს, ხოლო მოპასუხის ¹291 ბრძანებაში არსებული მითითება ე.ფ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ უნდა შეიცვალოს იმდაგვარად, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-100 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეჩერდეს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელემ მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გასაჩივრების ვადა გაუშვა. მოსარჩელის მიერ ტრავმის მიღებისა და შრომისუნარიანობის შეზღუდვის გათვალისწინებით ¹162 ბრძანებით ე.ფ-ე გადაყვანილ იქნა შედარებით მსუბუქ თანამდებობაზე, თუმცა მოსარჩელემ აღნიშნულზე უარი განაცხადა და მითითებული ბრძანება ტელერადიოკომპანიის ადმინისტრაციამ გააუქმა, შესაბამისად, ამ ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლოა.
მოცემული საქმე განხილულ იქნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ე.ფ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ე.ფ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, შრომითი კანონმდებლობის საფუძველზე. სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: ე. ფ-აძე მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტში უფროს სპეციალისტად. 2003 წლის 29 ნოემბერს მან მიიღო საწარმოო ტრავმა. აღნიშნული შემთხვევა სათანადოდ იქნა გამოკვლეული, რის შემდგომაც მოპასუხემ აუნაზღაურა შრომისუუნარობის ფურცელი, ხოლო 2004 წლის 22 სექტემბრის ¹31 ბრძანებით დაენიშნა ყოველთვიური სარჩო 281 ლარის ოდენობით. 2004 წლის 5 აგვისტოს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის დასკვნით მოსარჩელე ერთი წლის ვადით ცნობილ იქნა შრომისუუნაროდ. 2005 წლის 1 სექტემბერს მას დაუდგინდა შრომის უნარის შეზღუდვა 60%-ით შესაძლებლობის ზომიერი შეზღუდვით. 2004 წლის 25 ოქტომბრის ¹291 ბრძანებით ე.ფ-ე 2004 წლის 5 აგვისტოდან სამსახურიდან გათავისუფლდა. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ მოსარჩელე სავსებით კანონიერად იქნა დათხოვნილი სამუშაოდან, ვინაიდან ზემოხსენებული ნორმა უფლებას აძლევს დამქირავებლის ადმინისტრაციას, მუშაკთან შრომითი ურთიერთობა გაწყვიტოს, თუ იგი 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ გამოცხადდება სამუშაოზე, ამასთან, აღნიშნული ვადა კანონმდებელმა შრომითი დასახიჩრების შემთხვევებზე არ გაავრცელა, მაგრამ პალატამ ჩათვალა, რომ კანონმდებელმა შრომითი ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობა კვლავ ადმინისტრაციის შესაფასებლად დატოვა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, კანონის დასახელებული დანაწესი დამქირავებელს არ ავალდებულებს, შრომითი ურთიერთობა გააგრძელოს მუშაკთან, რომელიც 8 თვე შრომისუუნარობის ფურცელზე იმყოფება და ამის შემდგომ კიდევ ერთი წელი შრომისუუნაროდაა ცნობილი. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტების საფუძველზე სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული მთავარი სპეციალისტის თანამდებობა აღარ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ე. ფ-აძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ცვლილება შევა 2004 წლის 25 ოქტომბრის ¹291 ბრძანებაში და მითითება _ “ე. ფ-აძე ჩაითვალოს სამსახურიდან გათავისუფლებულად” შეიცვლება შემდეგნაირად _ “ე. ფ-აძესთან შეჩერდეს სამსახურებრივი ურთიერთობა”, კასატორი აღდგება კუთვნილ თანამდებობაზე და მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრება იძულებითი განაცდურის გადახდა 2005 წლის 14 სექტემბრიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვიურად 600 ლარის გაანგარიშებით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის დარიცხვით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” და “ე1” ქვეპუნქტების დარღვევით. სასამართლომ დაარღვია ამავე კოდექსის 105-ე მუხლი და სრულად არ გამოიკვლია საქმის გარემოებანი. ფაქტობრივად, დავის საგანია ადმინისტრაციულ აქტში ცვლილებების შეტანა და სამუშაოზე აღდგენა, ხოლო დავის საფუძველს წარმოადგენს მოპასუხის უკანონო ქმედებები, რის შედეგადაც დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-100 მუხლი. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა განსჯადობის წესების დაუცველად, ვინაიდან მოცემული დავა უნდა გადაწყდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ამასთან, სასამართლომ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტი და 385-ე მუხლი, რომელთა შესაბამისად სააპელაციო პალატას, საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, უნდა გაეუქმებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯადობის დაუცველად მიღებული გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაებრუნებინა ქვემდგომი ინსტანციის კანონიერი შემადგენლობისათვის. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რაც სამართლებრივად არასწორია. ე.ფ-ის სარჩელის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის აუცილებლობაზე მეტყველებს ასევე ის გარემოებაც, რომ საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ ე. ფ-აძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო ადმინისტრაციული წესით და შემდეგ დაუშვებლად ცნო იგი. სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ ე.ფ-ის კუთვნილი უფროსი სპეციალისტის თანამდებობა აღარ არსებობს მაშინ, როცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ ე.ფ-ეს სარჩო 600 ლარამდე გაუზარდეს კასატორის თანამდებობასთან გათანაბრებულ თანამდებობაზე სახელფასო განაკვეთის გაზრდის გამო. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა 1973 წლის 28 ივნისის შრომის კანონთა კოდექსი, რომლის ნაცვლად უნდა ეხელმძღვანელა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-100 მუხლით. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2004 წლის 25 ოქტომბრის ¹291 ბრძანებით ე.ფ-ე სამსახურიდან გათავისუფლდა 2004 წლის 5 აგვისტოდან.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ე. ფ-აძე მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ...ის დეპარტამენტში ...ად. 2003 წლის 29 ნოემბერს მან მიიღო საწარმოო ტრავმა და 2004 წლის 22 სექტემბრის ¹31 ბრძანებით დაენიშნა ყოველთვიური სარჩო 281 ლარის ოდენობით. 2004 წლის 25 ოქტომბრის ¹291 ბრძანებით, ე.ფ-ე 2004 წლის 5 აგვისტოდან სამსახურიდან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ ედნარ ფატკარაძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი საფუძველია ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავა განიხილა განსჯადობის წესის დარღვევით, ვინაიდან საქმე უნდა განხილულიყო არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის ზემოხსენებულ მოსაზრებას და თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, რადგან სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ:
“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე კანონის მე-2 მუხლის მესამე პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო სამსახურად ითვლება საქმიანობა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში.
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის 28-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით, საქართველოს სამართლებრივი აქტებით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაა, რასაც თავად ორგანიზაციის სახელწოდებაც მოწმობს და მასში საქმიანობა საჯარო სამსახურად ითვლება, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის 26-ე მუხლის თანახმად, საქვეუწყებო დაწესებულების უფროსი სპეციალისტი საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებთან არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახელმწიფო თანამდებობაა. ამდენად, ე.ფ-ეს ეკავა რა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ... დეპარტამენტში ...ის თანამდებობა, იგი საჯარო სამსახურში დასაქმებულ საჯარო მოხელეს წარმოადგენდა და 2004 წლის 25 ოქტომბრის ¹291 ბრძანებით სამუშაოდან გათავისუფლდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-100 მუხლის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის მიხედვით, ამ კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახილველ საქმეთა რიგს არ მიეკუთვნება და იგი განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიებს და ადგენს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს, ანუ, რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ე.ფ-ის სასარჩელო მოთხოვნა ეხება საჯარო მოხელის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის კანონიერებას, რის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა სწორედ ადმინისტრაციული სამართლის ნორმების გამოყენებით უნდა მოწესრიგდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ფ-აძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.