Facebook Twitter

ას-509-856-07 2 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა “...”, რ. გ-ე

(მოსარჩელეები)

წარმომადგენელი – ლ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები _ რ. ქ-ი, ზ. ვ-ი (მოპასუხეები)

დავის საგანი –იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2000 წლის 13 ივნისს რ. ქ-სა და ზ. ვ-ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ზ. ვ-მა რ. ქ-ს ასესხა ფული და მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა რ.ქ-ს უძრავი ქონება - ქ. თბილისში, ..., მე-5 კვარტლის ¹7 კორპუსში მდებარე ბინა ¹.... აღნიშნული კოოპერატიული ბინის მეპაიე და მესაკუთრე იყო რ. ქ-ი. ბინის პრივატიზაცია მოხდა 1998 წელს. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება 2004 წლის 17 თებერვლის თბილისის სააღსრულებო ბიუროს ¹... განკარგულებით გადავიდა ზ. ვ-ს საკუთრებაში და საჯარო რეესტრში აღირიცხა ამ უკანასკნელის საკუთრებად.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. გ-ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი 1998 წლის პრივატიზაციის ხელშეკრულება. აღნიშნული დროისათვის სადავო ქონების მესაკუთრე საჯარო რეესტრის ჩანაწერებით იყო ზ. ვ-ი, რომელიც პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად აღიარების დავაზე მხარედ მოწვეული არ ყოფილა. დღეისათვის სადავო ქონება კვლავ ირიცხება ზ. ვ-ს საკუთრებად, მაგრამ მასში ცხოვრობს მოსარჩელე რ. გ-ე ოჯახით.

2005 წლის 11 ნოემბერს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის უფლებამონაცვლე ამხანაგობა “...-მა“ და რ. გ-მ. მათ მოითხოვეს რ. ქ-სა და ზ. ვ-ს შორის 2000 წლის 13 ივნისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად აღიარება.

მოსარჩელეთა განმარტებით, მათი აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენდა ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნის თაობაზე მომავალში სარჩელის აღძვრა. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სადავო იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად აღიარება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროს გამოთხოვილ იქნა ოჯახის წევრების, მათ შორის, მოსარჩელის თანხმობაც, რომელმაც ყველაფერი იცოდა სესხის შესახებ. იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროისათვის პრივატიზაციის ხელშეკრულება ძალაში იყო და მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო რ. ქ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „...-სა“ და რ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ისა“ და რ. გ-ის წარმომადგენელმა ლ. ქ-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 23 მარტის განჩინებით ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ისა“ და რ. გ-ის წარმომადგენლის - ლ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების წარმომადგენლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რ. ქ-ი, როგორც საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრი, რომელმაც მთლიანად გადაიხადა საცხოვრებელი ბინის ღირებულება, არ ითვლება სადავო ბინის მესაკუთრედ, ვინაიდან არ არსებობს კოოპერატივის გამგეობისა და მეპაიეს (რ.ქ-ს) შორის დადებული სანოტარო წესით დამოწმებული საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულება. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს ¹520 დადგენილების თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრი, რომელმაც მთლიანად გადაიხადა ბინის ღირებულება, მესკუთრედ ითვლება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა გაფორმებული ხელშეკრულება კოოპერატივის გამგეობასთან.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ისა“ და რ. გ-ის წარმომადგენელმა ლ. ქ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს ¹520 დადგენილება იმის შესახებ, რომ, როგორც მეპაიე, საცხოვრებელი ბინის ღირებულების მთლიანად გადახდის შემთხვევაში და, შესაბამისად, იპოთეკისა და პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში ქონების მესაკუთრე მხოლოდ რ.ქ- შეიძლება იყოს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება კოოპერატივის გამგეობასთან. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ რ. გ-ე, როგორც რ. ქ-ს მეუღლე და საბინაო ორდერში შეტანილი ოჯახის ერთ-ერთი წევრი, სარგებლობს საკუთრების უფლებით იპოთეკით დატვირთულ საცხოვრებელ ბინაზე და Aაღნიშნული გარემოება სწორედ მისი იურიდიული ინტერესის დამადასტურებელია. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 288-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტის მოთხოვნები, ასევე არ იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი, სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის” 41-ე მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 23 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ზ. ვ-მა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე წარმოადგინა თავისი მოსაზრება და მიუთითა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ისა“ და რ. გ-ის წარმომადგენლის - ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება აღემატება 50000 ლარს. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ისა“ და რ. გ-ის წარმომადგენლის ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ისა“ და რ. გ-ის წარმომადგენლის ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (667 ლარის) 70% _ 466 ლარი და 9 თეთრი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.