Facebook Twitter

ას-509-893-06 30 მარტი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)

როზა ნადირიანი (მომხსენებელი), მაია სულხანიშვილი

სხდომის მდივანი _ ეკატერინე ხაჩიძე

კასატორი _ ზ. ტ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ვ. ს-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ბ-ე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ ნ. ა-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ბ-მ სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზ. ტ-ის მიმართ და აღნიშნა, რომ ქ.თბილისის საკონკურსო კომისიის 2001 წლის 27 აგვისტოს ¹28 ოქმისა და ქ.თბილისის პრემიერის 2001 წლის 13 დეკემბრის ¹122 განკარგულების საფუძველზე, აუქციონის წესით, 2002 წლის 25 მარტს მან და მოპასუხე ზ. ტ-მა შეიძინეს 30 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, ... ქუჩა ¹25-ის მიმდებარედ. მიწის ნაკვეთზე ერთობლივად ააშენეს ერთსართულიანი სავაჭრო ობიექტი, რომელიც მათ საკუთრებას წარმოადგენს. 2003 წლის 19 სექტემბერს მოპასუხე, როგორც ინდმეწარმე, რეგისტრირებულ იქნა დიდუბე-ჩუღურეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში და საერთო საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ობიექტში ეწევა სამეწარმეო საქმიანობას მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე და ვ. ბ-ს არ აძლევს იმავე საქმიანობის უფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ბ-მ მოპასუხისგან მოითხოვა მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურება 3000 აშშ დოლარისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი არის მათი საერთო საკუთრება; შენობა უნდა აშენებულიყო ერთობლივი და თანაბარი ხარჯებით, მაგრამ მოსარჩელეს ფაქტობრივად არ მიუღია მშენებლობაში მონაწილეობა, აქვს მისი ვალი და შენობა აშენებულია ძირითადად მისი სახსრებით.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ. ტ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 აშშ დოლარისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის გადახდა. ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრებაზე ვ. ბ-ს ეთქვა უარი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ტ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 1 ივნისის განჩინებით ზ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის ვაკე – საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება.

უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 16 მარტის განჩინებით საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2005 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ზ. ტ-ს დაეკისრა 7200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა 2006 წლის ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა ვ. ბ-ის სასარგებლოდ. მოპასუხეს აეკრძალა სადავო 24,5 კვ.მ ფართზე სარგებლობის ხელშეშლა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო სავაჭრო ობიექტზე მხარეებს გააჩნიათ საზიარო უფლება და თითოეულს ეკუთვნის თანაბარი წილი. ვ. ბ-ს ეკუთვნის მიწის ნაკვეთისა და შენობის ნახევარი, რომლით სარგებლობის საშუალებასაც ზ. ტ-ი არ აძლევს. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 953-ე, 954-ე, 955-ე, 959-ე, 982-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე მუხლები და ჩათვალა, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს როგორც ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისი, ასევე მიუღებელი შემოსავალიც. აქედან გამომდინარე, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია ვ. ბ-ის მოთხოვნა მოპასუხისათვის იმ თანხის დაკისრებაზე, რომელსაც იგი მიიღებდა კუთვნილი ფართის იჯარით გაცემის შედეგად.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ზ. ტ-მა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სასამართლომ არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს მითითებები; მოსარჩელის მიმართ არანაირ ხელშეშლას ადგილი არაHჰქონია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისში, ... ქ. ¹25-ის მიმდებარედ არსებული 30 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ერთსართულიანი ნაგებობაა აშენებული, წარმოადგენს ვ. ბ-ისა და ზ. ტ-ის საერთო საკუთრებას. 2003 წლის 19 სექტემბერს ინდმეწარმე ზ. ტ-ი გატარდა რეგისტრაციაში საგადასახადო ინსპექციაში, როგორც გადასახადის გადამხდელი, თბილისში, დიდუბის რაიონის ... ქ. ¹25-ში. ასევე დადგენილია, რომ 2004 წლის ივნისიდან საერთო საკუთრების ფართით სარგებლობს ზ. ტ-ი და მოსარჩელეს არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს თავისი წილი ფართით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მისი მხრიდან მოსარჩელის მიმართ არანაირ ხელშეშლას ადგილი არა ჰქონია, ვინაიდან, აღნიშნული ფაქტი დადგენილია თავად მოსარჩელის აღიარებით. აღიარება კი სსსკ-ის 131-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. 2005 წლის 5 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ “სარგებლობს სადავო ქონებით და ფლობს მას სრულად. ვ. ბ-ს არ აძლევს ფართით სარგებლობის საშუალებას იმიტომ, რომ ვ. ბ-ის წილად აღებული აქვს ვალი, რის გადახდაზეც იგი უარს აცხადებს. 2004 წლის ივნისიდან ვ. ბ-ე მონაწილეობდა კომერციულ საქმიანობაში, მოგებასაც ერთად იღებდნენ, ხოლო 2004 წლის ივნისის შემდეგ Aაღარ აძლევს სადავო ფართით სარგებლობის უფლებას”. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საკასაციო სასამართლოს მითითებები, კერძოდ, არ გამოუკვლევია რომელი უფლების განხორციელება წაერთვა მოსარჩელეს და რისი განხორციელება ვერ შეძლო, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. საქმის მასალებით და სააპელაციო სასასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს შეეძლო მიეღო სარგებელი თავისი წილი ფართის სარგებლობისა და განკარგვის შემთხვევაში. კასატორი აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებებზე ვერ მიუთითებს. კასატორის განმარტებით, მაღაზიას მოგება არ ჰქონია, შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამ მუხლის თანახმად, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში. ესაა ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებულ კომერციულ ინტერესში შედის, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული.

სამოქალაქო კოდექსის 955-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებული იყო ისე განეხორციელებინა საზიარო საგანზე სარგებლობა, რომ ზიანი არ მიყენებოდა მეორე მოწილეს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია ვ. ბ-ის მოთხოვნა მოპასუხისათვის იმ თანხის დაკისრებაზე, რომელსაც იგი მიიღებდა კუთვნილი ფართის სარგებლობისა და განკარგვის შედეგად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.