Facebook Twitter

ას-510-820-09 23 ივლისი, 2009წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს “ლუკა”

მოწინააღმდეგე მხარე – სს “კინოთეატრი რუსთაველი”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “კინოთეტრი რუსთაველის” სარჩელი შპს “ლუკას” მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა, შპს “ლუკას” მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ქ. თბილისში, ... გამზირის ¹5-ში მდებარე სს “კინოთეატრი რუსთაველის” კუთვნილი ფართი და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე სს “კინოთეატრ რუსთაველს”.

სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს “ქართული ფილმი-უძრავ ქონებასა” და შპს “ლუკას” შორის 1997 წლის 12 მაისს 9 წლის ვადით დაიდო საიჯარო ხელშეკრულება ¹30/97, რომლის თანახმადაც, შპს “ქართულმა ფილმმა” შპს “ლუკას” გადასცა მის საკუთრებაში არსებული, თბილისში, ... გამზირის ¹5-ში მდებარე კინოთეტრ რუსთაველის შენობის 4122 ფართი, ხოლო შპს “ლუკამ” იკისრა ვალდებულება მეიჯარისათვის ყოველთვიურად გადაეხადა 535.6 ლარი; აღნიშნულ ხელშეკრულებას გააჩნია დამატება ¹1 1997 წლის 14 ოქტომბერი და დამატება ¹2 2005 წლის 30 მაისი, რომლებიც მის განუყოფელ ნაწილებს წარმოადგენენ;

2006 წლის 20 აპრილს სს “ქართულ ფილმსა” და შპს “ლუკას” შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2016 წლის 16 მაისამდე, რომლის თანახმად, საიჯარო ქირა წელიწადში შეადგენდა 6427.2 ლარს დღგ-ს ჩათვლით, თვეში 535.6 ლარის ოდენობით და მის განუყოფელ ნაწილებს წარმოადგენდნენ 1997 წლის 14 ოქტომბრის ¹1 დამატება და 2005 წლის 30 მაისის ¹2 დამატება;

2006 წლის 29 ივნისს სს “კინოთეატრმა რუსთაველმა” სს “ქართული ფილმისაგან” ხელშეკრულების საფუძვლზე შეიძინა კინოთეატრი რუსთაველის შენობა. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სს “კინოთეატრი რუსთაველი” წარმოადგენს სს “ქართული ფილმის” სამართალმემკვიდრეს, შესაბამისად, კინოთეატრ რუსთაველის შენობის, მათ შორის შპს “ლუკას” მიერ დაკავებული ფართის მესაკუთრეს და საიჯარო ურთიერთობასთან დაკავშირებით უფლებამონაცვლეს;

სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოპასუხემ ფართი 1997 წლიდან დაიკავა კანონიერად არსებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ;

ასევე მხარეებს შორის სადავო არ გამხდარა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ 2006 წლის 29 ივნისიდან შპს “ლუკას” საიჯარო ქირა არ გადაუხდია;

აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ შპს “ლუკასგან” 2007 წლის 20 ივნისის წერილით მოითხოვა ხელშეკრულების პირობების გადახედვა, რასაც მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, რის გამოც მოსარჩელის მიერ მოშლილ იქნა საიჯარო ხელშეკრულება ქირის გადაუხდელობის გამო;

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ თავისი ვალდებულება საიჯარო საგნის გადაცემის თაობაზე შეასრულა, ხოლო მოპასუხემ საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა;

სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 558-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილევლ შემთხვევაში მოსარჩელეს ჰქონდა კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, შესაბამისად, მოპასუხის მიერ შემდგომში გამოჩენილი ინიციატივა საიჯარო ქირის გადახდის შესახებ, სასამართლოს განმარტებით უკვე უსაფუძვლო იყო.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს “ლუკას” საიჯარო ნივთზე მფლობელობა კანონიერად ჰქონდა მოპოვებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულების მოშლის შემდგომ, იგი უკვე უკანონო მფლობელად ითვლებოდა, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2008 წლის თებერვლის შემდგომ, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე, სს “კინოთეტრ რუსთაველს” უფლება ჰქონდა გამოეთხოვა სადავო კუთვნილი ნივთი უკანონო მფლობელისაგან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ლუკამ”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინებით შპს “ლუკას” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით სწორად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ დასტურდებოდა მოსარჩელე მხარის მიერ საიჯარო ქირის მიღებაზე უარის თქმისა და ასევე მოპასუხის მიერ საიჯარო ქირის გადახდის შესაძლებლობის მიცემის ხშირი მიმართვის ფაქტები, შესაბამისად, სასამართლომ სწორად ჩათვალა უსაფუძვლოდ შპს “ლუკას” მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სურდათ ქირის გადახდა და მოსარჩელემ წაართვა ეს შესაძლებლობა;

სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, მიიჩნია, რომ სს “კინოთეატრ რუსთაველმა” დაიცვა ყველა აუცილებელი პირობა და არ დაურღვევია სამოქალაქო კოდექსის 561-ე მუხლით განსაზღვრული საიჯარო ხელშეკრულების მოშლის სამთვიანი ვადა;

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მტკიცებულებებით სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ლუკამ”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის განმარტებით, სასამართლო განჩინების გამოტანისას გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ საიჯარო ხელშეკრულების მოშლის შესახებ მოთხოვნა არ არსებობდა, მან მაინც იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საიჯარო ხელშეკრულება ჩათვალა შეწყვეტილად;

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ საქმეზე არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინებით შპს “ლუკას” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.

შპს “ლუკას”საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოში მოსაზრება არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ლუკას” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “ლუკას” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ლუკას” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.