ას-512-859-07 20 სექტემბერი, 2007 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
მოსამართლე:M მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ს/ს “ .. ..” დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 24 მაისის განჩინებაზე, საქმეზე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ... დეპარტამენტის სარჩელის გამო მოპასუხე ს/ს “ .. ..” მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ს/ს “ .. ..” დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივლისის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 690 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2007 წლის 31 ივლისს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო ცნობა ყადაღის თაობაზე, ცნობა “... ბანკიდან” იმის თაობაზე, რომ ს/ს “ .. ..” ანგარიშზე ერიცხება 209,47 ლარი, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ აღნიშნული სააქციო საზოგადოების დირექტორი არის მ. წ-ე და ს/ს “ .. ..” ოქმი ¹4, საიდანაც ირკვევა, რომ მ. წ-მ დატოვა დირექტორის თანამდებობა და მის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თ. გ-ე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 3 აგვისტოს განჩინებით კასატორს შეუმცირდა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად მიცემული საპროცესო ვადა 3 დღით. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2007 წლის 9 აგვისტოს (ს.ფ.75-76). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს/ს “ .. ..” დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.