ას-512-896-06 26 თებერვალი, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. ი-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ის უფლებამონაცვლე თ. მ-ე (მოსარჩელე)
დავის საგანი - სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ი-სა და გ. მ-ს შორის 2001 წლის 5 მარტს დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება. გარიგების მიხედვით, გ. მ-ს გ. ი-მა გადასცა სესხი – 15 000 ლარი სარგებლის გარეშე. სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 2001 წლის 20 აპრილამდე. სესხის უზრუნვალსაყოფად გირაოში ჩაიდო 1995 წელს გამოშვებული გ. მ-ის კუთვნილი ავტომანქანა “კამაზ ... “.
2001 წლის 13 აპრილს გ. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე გ. ი-ის მიმართ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გარიგების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ გარიგება დაიდო მოპასუხის მხრიდან ძალადობითა და მუქარით, რომლის გამოც მისი ნების გამოვლენა ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს.
2001 წლის 20 აპრილს გ. მ-ე გარდაიცვალა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაერთო მისი მეუღლე – თ. მ-ე.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გ. მ-ის უფლებამონაცვლე თ. მ-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებაზე.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. მ-ის უფლებამონაცვლე თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა გ. მ-ის უფებამონაცვლე თ. მ-ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი 2001 წლის 5 მარტს გ. მ-სა და გ. ი-ს შორის დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება.
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა გ. ი-ის წარმომადგენელმა თ. ს-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ი-ის წარმომადგენელი თ. ს-ის საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არც ერთი საფუძველი იმისა, რომ მხარის გამოუცხადებლობა სასამართლოს სხდომაზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. სასამართლოს მითითებით, მხარე და მისი წარმომადგენელი სხდომაზე მოწვეული იყვნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სააპელაციო პალატამ საპატიოდ არ მიიჩნია ის გარემოება, რომ გ. ი-ის წარმომადგენლის მონაწილეობა აუცილებელი იყო შსს სპეციალური დეპარტამენტის გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებაში, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ცნობით არ დასტურდება კონკრეტულად რომელ საქმეზე და როდის ღებულობდა მონაწილეობას ადვოკატი თ. ს-ი.
სააპელაციო პალატის 2006 წლის 13 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ი-მა. მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო პალატამ ადვოკატ თ. ს-ის გამოუცხადებლობის მიზეზი არასწორად ჩათვალა არასაპატიოდ წარმოდგენილი ცნობის ზოგადი ხასიათის გამო, ვინაიდან სასამართლოს შეეძლო გადაემოწმებინა მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ი-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია თუ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია სააპელაციო პალატის განჩინება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 23 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება,საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შესამოწმებლად ზემოაღნიშნული საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი განხილულ უნდა იქნეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ი-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნეს ცნობილი;
საქმის განხილვა დაინიშნოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც ეცნობოთ მხარეებს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.