#392აპ-16 ქ. თბილისი
ც. ფ-ა–392ap.-16 20 დეკემბერი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ფ. ც-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვლის განაჩენით ფ. ც., – დაბადებული ----წლის ---ს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 700 ლარი.
2. ფ. ც-ს განაჩენით მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
3. 2015 წლის 26 ოქტომბერს ფ. ც-მა ხის ჯოხის ერთხელ დარტყმით ბ. გ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაზარალებულმა მარჯვენა მხარის არეში ჯოხის დარტყმით განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორი – მსჯავრდებული ფ. ც. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი ეფუძნება მხოლოდ ვარაუდებსა და მოწმეთა ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს; ბ. გ-მ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც მოუქნია ჯოხი, რომელიც, სავარაუდოდ, მას არ მოხვედრია, რადგან ხმა არ ამოუღია და ჩუმად გაეცალა; კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მისთვის შეფარდებული სასჯელი არის უსამართლო, ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ფ. ც-ს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ფ. ც-მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები.
3. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულ ბ. გ-თვის ჯოხის მოქნევას არც თავად მსჯავრდებული უარყოფს, ხოლო ის ფაქტი, რომ მოქნეული ჯოხი მოხვდა ბ. გ-ეს, დასტურდება თავად ბ. გ-სა და მოწმეების - შ. ბ-ის, მ. ჩ-ის, ზ. მ-სა და ნ. ა-ის ჩვენებებით, რომელთა სისწორეშიც ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია, ვინაიდან ისინი თანმიმდევრული და თანხვედრილია როგორც ერთმანეთთან, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.
4. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პოზიციას მისთვის დანიშნული სასჯელის სიმკაცრის შესახებ და მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ფ. ც-ის ასაკის - 67 წლისაა, მატერიალური მდგომარეობის - პენსიონერია და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ფ. ც-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, სამართლიანი იქნება მისთვის ჯარიმის მინიმალური ოდენობის განსაზღვრა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ფ. ც-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ ფ. ც-ს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 ლარი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე